DataLife Engine > საზოგადოება > "იაფი კრედიტის" პროგრამა ერთეულებზე იყო გათვლილ
"იაფი კრედიტის" პროგრამა ერთეულებზე იყო გათვლილ18 ივლისი 2010. : merabi |
|
"იაფი კრედიტის" პროგრამა ერთეულებზე იყო გათვლილი და მის ფარგლებში გაცემულ სესხებზე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა
მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესი 2008 წელს პირველად გაახსენდა და ახალი ინიციატივა - "იაფი კრედიტი" შემოგვთავაზა. ჩინოვნიკების განცხადებით, ეს პროგრამა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სერიოზულ სტიმულერებას მოახდენდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის თქმით, მთავრობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავდა, რომელსაც "იაფი კრედიტის" პროგრამაში ჩადებდა. ეს გეგმა მიმართული უნდა ყოფილიყო სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროექტის თანახმად, პრიორიტეტი 50 000 დოლარამდე სესხებს მიენიჭებოდა. დაპირებული 10 მილიარდი დაპირებად დარჩა და 2008-09 წლებში სახელმწიფომ `იაფი კრედიტის~ ფარგლებში, სულ რაღაც, 65 მლნ ლარი გასცა, მათ შორის 62,4 მლნ ლარი 2008 წელს, ხოლო 2,4 მლნ ლარი - 2009 წელს. 2009 წლის შემოდგომაზე კი განაცხადეს, რომ პროექტი მომავალ წელს განახლდებოდა. დადგა სანატრელი 2010 წელი, მაგრამ მთავრობის დაპირება კვლავ დაპირებად დარჩა. ერთადერთი, სადაც პროგრამა გაგრძელდა, თბილისი იყო. მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 1 მილიონი ლარი გამოიყო, ეს პრივილეგია კი თბილისს არჩევნების გამო მიენიჭა. ამჯერად მთავრობას მიზეზად ახალი არგუმენტი აქვს, რომ აღებული კრედიტები არ დაბრუნებულა და ვიდრე არ დაბრუნდება, ვერც გაიცემა. `ეს პროგრამა წელს იმიტომ შეჯერდა, რომ უკვე გაცემული კრედიტები არ იყო დაბრუნებული. თუ გახსოვთ, ამ პროგრამის ამოქმედებისას საფუძველი იყო ის, რომ იაფი კრედიტების ბრუნვას უკან დაბრუნებული პროცენტები განაპირობებდა. ვინც აიღო, ის ხომ პროცენტიანად დააბრუნებდა, ამით ხომ გარკვეული თანხა დაგროვდებოდა და პროგრამის ფარგლებში შემდეგ უკვე ამ თანხის გაცემა მოხდებოდა. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ კრედიტების დაბრუნება ვერ მოხერხდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2010 წელს აღარ გაგვეცა და ისევ იმ ადამინებისთვის მიგვეცა შეღავათი, ვისაც აღებული ჰქონდა, რათა როგორმე დაბრუნება მოეხერხებინათ. ამიტომაც, ეს საკითხი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, კრედიტორები როგორ შეძლებენ ამ კრედიტების დაბრუნებას", - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. თუმცა, პრობლემა სწორედ კრედიტების დაბრუნებაა, ვინაიდან ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე მეტად მცირე მეწარმეები დააზარალა, რადგან მათ დასახმარებლად ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ნათელია, რომ მათ მიერ პროცენტის დაბრუნება საეჭვოა და უფრო მეტად საეჭვოა, დაბრუნებული პროცენტი იმდენი იყოს, რომ სხვებისთვის მისაცემი თანხა მოგროვდეს. მცირე მეწარმეთა ის კატეგორია, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, კრედიტებს ვერ აბრუნებს. `ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხის დაბრუნებას ვერ შესძლებს, ვინაიდან, პრეზიდენტმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, სინამდვილეში სულ უკან-უკან მიდის. ამიტომაც მგონია, რომ ეს არის რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტი და რეალურად მომავალ წელსაც იტყვიან, რომ იაფი კრედიტის გაცემა ვერ ხერხდება და ამას ისვე მოსახლეობას დააბრალებენ", - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი. ოპოზიცია ფიქრობს, რომ "იაფი კრედიტის" გაცემა აღარ აღდგება, მისი გაჩერების მიზეზად, მთავრობის მიერ საბანკო სისტემის ინტერესების უპირობო გათვალისწინებას ასახელებენ. ოპოზიცია ღიად საუბრობს იმაზე, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამა კონკურენციას უწევდა ბანკებს. ამ მოსაზრებას აძლიერებს საბანკო სისტემის ახალი საკრედიტო პოლიტიკა. ბოლო თვეებში საკრედიტო პორტფელი თითქმის ყველა ბანკმა გაზარდა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ იაფ"ი კრედიტის" პროგრამა ერთეულებზე იყო გათვლილი და სესხიც პოლიტიკური სიმპატიით ნაწილდებოდა. მათ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კონტროლის პალატამ ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში `იაფი კრედიტის~ პროგრამის ფარგლებში აღმოჩენილ ბრალდებებზე ისაუბრა. მთავარი მაკონტროლებლის დასკვნით, "იაფი კრედიტის" ფარგლებში გაცემულ სესხებზე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, 2010-2011 წლებში დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელება გაძლიერდება. "იაფი კრედიტის~ მონაწილე კომპანიებს კი სწორედ ამ პერიოდში უწევთ სესხის დაბრუნება და შესაბამისად, მათი თქმით, მონიტორინგი ხარვეზებს აგვაცილებს თავიდან. `ეს კრედიტები, ძირითადად, პოლიტიკური სიმპათიის ნიშნით ნაწილდებოდა. ყველაზე სუსტი მხარე ამ პროექტის გახლავთ გაუმჭვირვალობა. ყველა საკითხი წყდება რომელიმე ჩინოვნიკის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა. არ არის გამოცხადებული, თუ ვინ მიიღო, რით დამთავრდა წინა კრედიტების საკითხი, რამდენი დარჩა კმაყოფილი, რამდენი წარუმატებელი პროექტი გაანალიზდა და ა.შ. ვშიშობ, რომ ეს აქციაც, შესაძლოა, ფსევდოდასაქმების პროგრამის ანალოგიურად პიარკამპანიის ნაწილი გახდა",- განაცხადა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა. ნინო თამაზაშვილი |