DataLife Engine > საზოგადოება > მთავრობა ომით დაზარალებულთა ქონებრივი ზარალის დოკუმენტს ასაიდუმლოებს

მთავრობა ომით დაზარალებულთა ქონებრივი ზარალის დოკუმენტს ასაიდუმლოებს


18 ივლისი 2010. : merabi
მთავრობა ომით დაზარალებულთა ქონებრივი ზარალის დოკუმენტს ასაიდუმლოებს

ლია მუხაშავრია გილაურის კაბინეტს ინფორმაციის საჯაროობისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი~ 2008 წლის აგვისტოს შედეგად საქართველოს სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალის შესწავლისა და დადგენის სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის გამოქვეყნებას მოითხოვს და მიუთითებს, რომ თუკი უახლოეს ხანში, დოკუმენტი საზოგადოებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლო ძალით შეეცდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლია მუხაშავრიას განცხადებით, სამთავრობო კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შესახებ მათთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი. ორგანიზაციის იურისტების განცხადების საფუძველზე მთავრობის კანცელარიის საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ერიქაშვილის პასუხის თანახმად, საქართველოს მთავრობის 24 აპრილის #468 განკარგულების მიხედვით, მთავრობის 2008 წლის #591 განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რამაც კომისიის საქმიანობა ავტომატურად დაასრულა. "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტში~ აცხადებენ, რომ ფაქტი უკვე მანიშნებელია, რომ დროებითმა კომისიამ თავისი მოვალეობა შეასრულა - შეაფასა და დაადგინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა. თუმცა დოკუმენტის გამოქვეყნებისგან თავშეკავება, დანაშაულის ტოლფასი. "ბ&ფ"-მა კომენტარი ლია მუხაშავრიას სთხოვა.

- ქალბატონო ლია, როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ სამთავრობო კომისიამ თავისი მუშაობა დაასრულა, ხოლო, სავარაუდოდ, აგვისტოს ომით სამოქალაქო სექტორისთვის მიყენებული ზიანი - დადგენილი?

- თავისთავად, ფაქტი საგულისხმოა და მისასალმებელი. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კომისიამ მასზე დაკისრებული ამოცანა და დავალება შეასრულა. შესაბამისად, დათვალა ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო სექტორისთვის მიყენებული ზარალი. სხვა საკითხია, მაგალითად სამხედრო ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი, მაგრამ ამჟამად ჩვენ სამოქალაქო სექტორი გვაინტერესებს, რადგანაც უმთავრესია ომით დაზარალებულთა ქონებრივი უფლებები. ეს მოიცავს ადამიანებს, რომელთა სახლ-კარი, ქონება სრულად დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ეს ქონება მათთვის სრულიად განადგურდა. ამასთან, სხვაა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ე.წ. ბუფერული ზონაში ცხოვრობდნენ. მათი ადგილზე დაბრუნების შემდეგ, ზოგ მათგანს დახვდა გადაბუგული სახლი, განადგურებული ქონება ან ნაწილობრივ დაზიანებული საკუთრება ძარცვითა და ქურდობით. მაგალითად, შესაძლებელია, მათი ქონება არ გაუძარცვავთ, მაგრამ ადამიანებმა ვერ აიღეს მოსავალი. შესაბამისად, ზიანის კატეგორია განსხვავებულია, რადგანაც ადამიანებს, ინდივიდუალურად, სხვადასხვა ქონება გააჩნდათ. მიგვაჩნია, რომ თუ ეს კომისია სწორად დაადგენს, თუ რა თანხა შეადგინა ზარალმა, იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე. ამასთან, აგვისტოს ომით დაზარალებული ოჯახების დაცვის მხარეს გაუადვილდება მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო სასამართლოებს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. მეტიც, ჩვენ შევისწავლეთ ქართული კანონმდებლობა, რომელიც ცალსახად გვაძლევს უფლებას სასამართლო წესით მოვითხოვოთ ომით მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება. ამის საფუძველს იძლევა 1997 წელს მიღებული კანონი `საომარი მდგომარეობის შესახებ~, რომლის მე-13 მუხლი ამბობს, რომ ომით მიყენებული ზარალი სრულად უნდა იქნეს ანაზღაურებული. ასევე, 2006 წელს მიღებული კანონი `ქონების რესტიტუციის შესახებ~, რომლის სუბიექტებიც არიან 1991-92 წლების და შემდგომი პერიოდის სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები. კანონი მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს ქონებრივი მდგომარეობა პირვანდელი სახით უნდა აღუდგეს, მაგრამ რადგანაც დღეს ეს შეუძლებელია ქონების ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობის გამო. არ არსებობს ამ ქონების მისაწვდომობა, იმყოფება განადგურებულ მდგომარეობაში, შეუძლებელია შეფასება ან არ არსებობს დოკუმენტაცია, ფოტოები, ნახაზები და ა.შ. ამიტომაც, ეს არის თითქმის გადაულახავი პრობლემა, რომ მხარემ თავისი მოთხოვნა დასასაბუთებლად დაადასტუროს და მტკიცებულებით დაადგინოს, თუ რა თანხის ზიანი მიადგა. `ქონების რესტიტუციის შესახებ~ კანონი კი ადგენს სპეციალურად გამარტივებულ პროცედურას ამ კატეგორიის ქონების ასანაზღაურებლად, რომელიც კომპენსაციის გზით, თანხობრივად უნდა მოხდეს. სწორედ ამ კანონის საფუძველზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციითაც შეიქმნა, განსაზღვრულია, რომ უნდა შექმნილიყო სამთავრობო კომისია. კომისიას თავად უნდა მოეძია დოკუმენტაცია, მოეხდინა შეფასება და ამ შეფასების კვალობაზე გაეცა დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციაც, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ დღემდე არ არსებობდა ქონების შემფასებელი ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე გათვალისწინებული, მაგრამ თუ ამ სამთავრობო კომისიამ შეაფასა მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიყენებული ზარალი, მაშინ გაცილებით გაიოლდება იქედან გამოიყოს, აღინიშნოს ან განისაზღვროს ის წილი, რომელიც კონკრეტული მოსარჩელის ოჯახს მიადგა. თუკი ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აღმოჩნდენ უკიდურეს გაჭირვებაში და რაიმე რეალურად განცდილ ზარალზე მიახლოებულ კომპენსაციას მიიღებენ, ბედნიერები იქნებიან. მინდა გითხარათ მნიშვნელოვანი გარემოებაც. ეს ადამიანები, თუკი მიიღებენ კომპენსაციას, ისევ მოახმარენ მათ სახლ-კარში დაბრუნებას, აღადგენენ თავიანთ ცხოვრებას, მეურნეობას და ეს პოზიცია, რადიკალურად განსხვავებულია აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების პოზიციისაგან. ვფიქრობ, რომ ეს არის არამარტო მართლმსაჯულების ინტერესები, არამედ ქვეყნის გამთლიანების ამოცანაც. თანაც, კანონი გულისხმობს არამარტო ჩვენს მხარეს გამოქცეული ეთნიკურად ქართველის ზიანის ანაზღაურებას, არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლეობისთვისაც.

- როგორ ფიქრობთ, რატომ იკავებს თავს მთავრობა დოკუმენტის გამოქვეყნებისგან და ორწლიანი პერიოდი საკმარისი ვადაა იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს ამ კომისიის მუშაობა?

- ალბათ, ორი წელი საკმარისი ვადაა. ერთი მხრივ, თუ, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერად და მუხლჩაუხრელად იშრომა ამ კომისიამ და კომისიას მონაცემები, ალბათ, ჰქონდა, რადგანაც მას ხელმძღვანელობდა თავად პრემიერი, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები. ერთი სიტყვით, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომი და ინფორმაციით აღჭურვილი თანამდებობის პირები. სხვა საკითხია, თუ რატომ არ გახდა დღემდე დოკუმენტი ღია და თუ რატომ არ გვაქვს დასკვნების შესახებ მეტი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ვიცით - კომისიამ დაასრულა მუშაობა. ეს არის საჭირბოროტო კითხვა. ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდა რამდენიმე ან პოზიტიური ან არც თუ მთლად პოზიტიური მოტივებით. პირველი – კანონი ცალსახად მიუთითებდა, რომ ასეთი კომისიის შექმნა იყო სავალდებულო, რადგანაც საქართველოს მთავრობას ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეხდინა. მთავრობას ზიანის ანაზღაურება ეკისრება იმის განურჩევლად, ვინ დამნაშავეა თუ უდანაშაულო, რომელი ქვეყანაა დამნაშავე. კანონს არ აინტერესებს ვისი ბრალით, გაუფრთხილებლობით თუ ბრალის გარეშე მოხდა ზიანის მიყენების ფაქტი. კანონი მავალდებულებელია რომ ზიანი ანაზღაურდეს და ეს ვალდებულება ცალსახად საქართველოს სახელმწიფოს განსახორციელებელია. შესაძლებელია, რომ ვიდრე განსაზღვრული არ იყო მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა, ციფრებზე საუბარი იქნებოდა ნაადრევი, არაკომპეტენტური და არც ადეკვატური. ამიტომ დავუშვათ, რომ სამთავრობო კომისიაც დუმდა და მთავრობაც. ამასთან, ვიცით, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირმა გაგვიწია, როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. თანხა ომის ზიანით მიყენებული ადამიანების დახმარებისთვის გამოიყო. დახმარება გამოყო ამერიკამაც. დღეს უკვე საქართველოს მთავრობა ვალდებულია დონორებს, ქველმოქმედ ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ანგარიში წარუდგინოს იმაზე, ფინანსები ნამდვილად მოხმარდა თუ არა დასახულ მიზნებს. ამ დახმარების ფარგლებში სამოქალაქო სექტორს მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურებოდათ. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობამ მოქალაქეებს, ვისაც სახლი დაუწვეს, დააწერინა განცხადება და თითოეულ ოჯახს 15 ათასი დოლარის ეკვივალენტი გადაუხადეს, თუმცა დღემდე ვერ მივაკვლიეთ იმ სამართლებრივ დოკუმენტს, რის საფუძველზე მოხდა ამ თანხის გაცემა. ასევე, ვიცით, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიიდან გამოიქცა და ვერ ბრუნდება, თუ მათ უარი თქვეს კოტეჯებსა და კომპაქტურ ცენტრებში შეთავაზებულ თავშესაფარზე, 10 ათასი დოლარი ეკვივალენტი ლარში გადაუხადეს, რათა თავად შეეძინათ საცხოვრებელი ფართები, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, რატომ მოხდა ადამიანთა ორი კატეგორიის დიფერენციაცია. ჩვენ არ ვიცით, რა წერია ამ დოკუმენტში დახმარება, კომპენსაცია თუ სხვა რამ. ზოგიერთ ოჯახზე ეს თანხა იყო იმისთვის, რომ დამწვარი სახლის სახურავი გაეკეთებინა. ვფიქრობ, რომ მიდგომა არ იყო ინდივიდუალური და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე არ მომხდარა თანხების გაცემა. გაუგებარია, რა ტარიფით, რა გეგმით, რა მიდგომით მოხდა თანხების დაანგარიშებაც, თუმცა 15 თუ 10 ათასის გაცემა მთავრობის მხრიდან ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ოჯახსა თუ ადამიანებს ნამდვილად მიადგათ ზიანი. სამომავლოდ, ზიანის ანაზღაურებისთვის უფრო სამართლიანია არსებობდეს ინდივიდუალური მიდგომა, რადგანაც დღეს გაცილებით უფრო დაზარალებული და დაჩაგრულია ის ადამიანი, რომელიც კარგად ცხოვრობდა და მთავრობის გადაწყვეტილებით გათანაბრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

- თუმცა, ჯერ ხელმიუწვდომელია ის დოკუმენტი, რომელმაც დაზარალებული სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა განსაზღვროს. როგორ აპირებთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას?

- საკამათო არ არის ის საკითხი, უნდა იყოს თუ არა აღნიშნული დოკუმენტი საჯარო. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს არამარტო საზოგადოებისთვის, არამედ ადვოკატებისთვის, რამეთუ ჩვენ ის წარვადგინოთ სასამართლოებში. ნამდვილად არ ვიცი, როგორი სახისაა დასკვნები, ზარალი გამოყვანილია საერთო ციფრით, მოცემულია რაიონების, რეგიონების, სოფლებისა თუ ოჯახების მიხედვით, ავტორებს შეიძლება მოეკითხოთ დოკუმენტის შექმნის მეთოდოლოგია, გამოანგარიშების წესი, შედეგის მიმღები საფუძვლები თუ თითოეული მოსარჩელის წილის გამოანგარიშების წესი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს პროცესი სიჩუმესა და დახურულად დიდხანს ვერ გასტანს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გასაჯაროვდეს. ყველა ჩვენს სასამართლო თუ ადმინისტრაციულ დავაში, როცა ჩვენი მოპასუხე იყო საქართველოს მთავრობა, ყოველთვის გვქონდა მოთხოვნა – დაიანგარიშეთ ინდივიდუალური ზარალი და აანაზღაურეთ ის სრულად. მთავრობის წარმომადგენელი პირველ მოთხოვნას ყოველთვის უარყოფდა. მთავრობას პირველი მოთხოვნა ავტომატურად უნდა დაეკმაყოფილებინა. მხარე არც იმას ადასტურებდა, რომ სამთავრობო კომისია მუშაობდა თუ ასრულებდა თავის საქმიანობას. თუ მთავრობამ ძალიან შეირცხვინა თავი და ეს ინფორმაცია დამალა, სადამდეც შეუძლია, არ გამოვრიცხავ, მაშინ ჩვენ სასამართლო წესით მოვითხოვოთ მისი მოწოდება, როგორც საჯარო ინფორმაციის და საინტერესოა, მთავრობამ რითი უნდა იმართლოს თავი ან დაასაბუთოს, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და წარმოადგენს, თუნდაც კომერციული ხასიათის ინფორმაციას. თუ ეს საკითხი შიდასასამართლოს მეშვეობით არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ წავალთ ევროსასამართლოში. დოკუმენტის მოწოდების საკითხში აქტიურად ვაპირებთ ჩავრთოთ ჩვენი დონორი ორგანიზაციებიც.
- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დოკუმენტი ხარვეზით?

- ვიდრე დოკუმენტი არ გვინახავს, მას ვერ შევაფასებთ. იგი, მინიმუმ უნდა იძლეოდეს ციფრულ გამოსახულებას ზიანის ოდენობის დადგენისთვის, რადგანაც მას ენიჭება საბაზისო დოკუმენტის ფუნქცია, საიდანაც შეიძლება კონკრეტული მონაცემი გამოიყვანო.

- მოცემული დოკუმენტი, რა გავლენას იქონიებს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებში და შესწევს თუ არა ქართულ სახელმწიფოს იმის ფინანსური უზრუნველყოფა, მოახდინოს დაზარალებულთა კომპენსაცია?

- მე არ ვარ იმის მომთხოვნი, რომ სახელმწიფომ ერთბაშად გადაიხადოს კომპენსაცია, მაგრამ კომპენსაციის აღიარება დაზარალებული ადამიანებისთვის იმედის განცდისა და სტიმულის მიმცემია. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და დროში. იურიდიულ რეალობას არ აინტერესებს, რამდენად გაწვდება სახელმწიფო ბიუჯეტი ზიანის ანაზღაურებას. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ვიცით, რომ 4 მილიარდ ნახევარი ევრო გამოიყო აგვისტოს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად, მაგრამ არ ვიცით, ამ თანხიდან რა დაიხარჯა, რაში დაიხარჯა და რამდენად გაწვდება დარჩენილი თანხა კომპენსაციას. თუკი მთავრობა ფიქრობს, რომ თანხა არასაკმარისია შემდგომი ღონისძიებებისთვის, უნდა გამოაქვეყნოს ეს ციფრი, მათ შორის ევროკავშირის გასაგონადაც. კანონით, მთავრობას ამის ვალდებულება აკისრია, მათ შორის დონორების მიმართ. მეორე ფაქტორი – მე რომ საქართველოს მთავრობის იურისტი ვიყო, აღნიშნულ დოკუმენტს, როგორც მტკიცებულებას, ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გამოვიყენებდი, ავანაზღაურებდი ყველა ზარალს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს სამართლებრივი ლოგიკა საქართველოს მთავრობას არ ესმის. ეს დოკუმენტი დაადასტურებდა იმას, თუ რა ზარალი მიადგა საქართველოს მოქალაქეებს, რათა რუსეთის ფედერაციას მარტო ქმედებისათვის კი არ დაეკისროს სასჯელი, არამედ მორალური ზიანისთვისაც. შესაძლებელია, მთავრობას ამაზეც არ უფიქრია.

ცნობისთვის: "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი~ იცავს ე.წ. სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს დაკარგეს ახლობლები და ქონება, დაიჭრნენ, გახდნენ წამების ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი, იყვნენ ტყვეობაში ან რაიმე სხვა სახით მოხდა მათი დისკრიმინაცია. დღეისათვის არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს მთავრობაში, სადაც ასაჩივრებს ომით დაზარალებულთა მოთხოვნას, შვიდი ადმინისტრაციული საჩივარი აქვს შეტანილი, ხოლო ამდენივე მზადების სტადიაშია.

არჩილ კაიკაციშვილი