DataLife Engine > საზოგადოება > საქართველო კვლავ კრიზისის მოლოდინშია

საქართველო კვლავ კრიზისის მოლოდინშია


18 ივლისი 2010. : merabi
2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობას 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით დახმარებოდნენ. აქედან, 2.55 მლრდ აშშ დოლარს დაბალპროცენტიანი კრედიტი, დანარჩენ 2 მილიარდს კი გრანტები წარმოადგენდა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილი იყო იმ ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად, რომელიც საქართველოს რუსული აგრესიის შედეგად მიადგა, ხოლო ნაწილი ქვეყნის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული დახმარების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2011 წლიდან კი საქართველოს თვითონ მოუწევს შემოსავლების ფორმირებაზე ზრუნვა. ამიტომ მომავალი წლიდან შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავლების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დადგეს და თუ ამ რესურსს ადგილობრივად გენერირებული ფული არ ჩაენაცვლება, ეკონომიკის ჩავარდნა გარდაუვალია. ბოლო 3 წელია, ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ გამოყოფილი თანხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება განსაკუთრებით პრობლემურია. ამიტომ ეჭვი, რომ 2011 წლიდან ბიუჯეტს პრობლემები შეექმნას, უფრო მძაფრდება.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის კლების ტენდენცია 2003 წლიდან 2007 წლამდე თუ საგრძნობი იყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. დღევანდელი მაჩვენებელი უკვე ბევრად აღემატება 2007 წლის საგარეო ვალის მაჩვენებელს და ქვეყნისთვის საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ ზღვრულ ნორმებს მიუახლოვდა. თუ 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში საქართველოს საგარეო ვალსა და გრანტებს 7% ეკავა, 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 24%-მდე გაიზარდა.
ბოლო წლების მაჩვენებელი დეტალურად შემდეგნაირად გამოიყურება: 2007 წელი -შემოსულობები - 5.32 მლრდ. ლარი, საგარეო ვალი - 166 მლნ. ლარი, გრანტები - 208 მლნ ლარი, ანუ 2007 წელს საგარეო ვალი და გრანტები შემოსულობების 7%-ს შეადგენდა.
2008 წელი: შემოსულობები - 7.175 მლრდ ლარი, საგარეო ვალი - 1.073 მლრდ. ლარი, გრანტები - 617 მლნ ლარი. საგარეო ვალი და გრანტები 2008 წლის შემოსულობების 23.5%-ს შეადგენს.
2009 წელი: შემოსულობები - 6.362.461.1 ლარი, საგარეო ვალი - 786.896.8 ლარი, გრანტები - 387.677.6 ლარი. 2009 წელს აღებული საგარეო ვალი და გრანტები შემოსულობების 18.4%-ს შეადგენს.
2010 წელი - შემოსულობები - 6.991.213.3 ლარი, საგარეო ვალი - 1.148.358.0 ლარი, გრანტები - 537.846.3 ლარი, ანუ 2010 წლის შემოსულობების 24%-ს საგარეო ვალი და გრანტები წარმოადგენს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ყოველწლიურად რაც უფრო მეტად იზრდება საგარეო ვალისა და გრანტების წილი, მით უფრო არაეფექტურად და არამიზნობრივად იხარჯება ეს თანხები. დონორების თანხების ათვისებაში არაერთი სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე განსაზღვრული სახსრებიდან უფრო მეტი კრედიტი აიღო, ვიდრე გრანტი. მეტიც, საქართველოს გრანტების წილში 50%-იანი გარღვევა აქვს. გრანტების შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ დონორი ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების არაგამჭვირვალედ ხარჯვა სახელდება.
ექსპერტთა განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული პროექტის საჭიროების დასაბუთებას, რათა დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით ეფექტური პროექტები დაფინანსდეს.
ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური, საქართველოს მთავრობის მიერ დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხებით მანიპულირებას გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ თანხებით უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება ნამდვილად შეიძლებოდა. "ცხადია, რომ შეიძლებოდა ამ თანხების უკეთ დახარჯვა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ თანხებს მიზნობრიობა აქვს და ვერაფერს იზამ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ თანხებით რაიმე მანიპულირება მოხდა და სხვა რამეში დაიხარჯა. მაგრამ, მეორეს მხრივ, თავად მიზნობრიობა შესაძლებელია სხვანაირი ყოფილიყო. ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, მაგალითად, წეროვანში და ბევრ სხვაგან ლტოლვილთა სახლები აშენდა და ამ დროს, სოფლებში, უამრავი სახლია ცარიელი. ხომ შეიძლებოდა ის სახლები შეეძინა ხელისუფლებას და კომპაქტურად ჩასახლებული პრობლემები აღარ ჰქონოდა... ან გზის დაგებაზე, ბენდუქიძესაც აქვს ეს მოსაზრებები, რომ იგება ისეთი გზები, რომელიც შეძლება რომ არ დაიგოს, ან ხარისხიანი არ არის, მაგრამ ეს კიდევ სხვა სახის ამოცანებია", - აღნიშნავს ნოდარ ხადური.
"ჩვენი ბიუჯეტი დიდი გამჭვირვალობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, დეტალურად იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს თანხები შეუძლებელია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ზუსტად გავიგოთ რაში დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები, ამისთვის გარკვეული კვლევაა ჩასატარებელი და როგორც ვიცი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს კიდეც ამაზე გრანტი აღებული და იმედია, მათი კვლევა ნათელ სურათს წარმოაჩენს. რა შედეგებიც იქნება, იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს თანხები. მაგალითად, საქართველოს, ომის შემდეგ იმიტომ დაეხმარნენ, რომ ამ სამ წელიწადში ამ თანხით მოგვეხერხებინა, რომ სამი წლის შემდეგ ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები საგრძნობლად გაზრდილიყო და ასე ვთქვათ, 2011 წელს აღარ დაგვჭირვებოდა ძალიან დიდი საგარეო თუ საშინაო ვალის აღება. რისკენაც ტენდენცია ნამდვილად არ წასულა. 2008 წელს ბიუჯეტის 23%-ს თუ გრანტები და სესხები შეადგენდა, 2010 წელს 24%-ია. ანუ, პირიქით, საგარეო ვალდებულებებზე და გრანტებზე უფრო დამოკიდებული გავხდით. კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანა მთავრობისთვის იყო ის, რომ `ჩვენ გზები დავაგეთ, მოსახლეობა დავასაქმეთ~. მოსახლეობაში ფული კი გავიდა, რამაც ფაქტია ის წლები გადაგვაგორებინა, მაგრამ რეალური სექტორი არ გაზრდილა. 2011 წელს, როცა დავდგებით შემოსავლების სერიოზული ნაკლებობის წინაშე, საინტერესოა, მერე რას ვიზამთ?~ - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
ამ მხრივ მართლაც, რომ საგანგაშო ვითარებაა ქვეყანაში. ბრიუსელის დონორთა კონფერენციით გამოყოფილ თანხას საქართველოსთვის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მისი შეწყვეტა დიდ გავლენას იქონიებს ქვეყანაზე. პირველ რიგში, ხელისუფლებას ამ რესურსის ჩასანაცვლებლად აუცილებლად მოუწევს გარკვეული თანხების მოძიება, შესაძლოა კვლავ სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხით. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა სესხს ვეღარ მიიღებს ისეთი შეღავათიანი პროცენტით, როგორც ეს ბრიუსელის დონორების შემთხვევაში მოხდა. ამაზე მეტყველებს დანარჩენი მსოფლიოს ფინანსური პრობლემებიც. ანუ, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ხელისუფლება მიდის არა საგარეო ვალდებულებების შემცირების ტენდენციისკენ, არამედ მისი გაზრდისკენ, რაც წლების შემდეგ ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.
ბრიუსელის დონორთა კონფერენციით გამოყოფილი რესურსის ჩანაცვლების მეორე ფაქტორად შესაძლოა მოვისაზროთ აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა და გაზრდილი გადასახადები, რისი ტენდენციაც უკვე შეინიშნება. ეს არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკაზე, არამედ საქართველოს მოსახლეობაზეც კი ძალიან მწვავედ აისახება და ეს მაშინ, როდესაც ბრიუსელის დონორთა მიერ გამოყოფილი თანხების მიზანს, სწორედ რომ ფინანსური პრობლემების დაძლევა წარმოადგენდა. საქართველომ ამ მხრივ, მართლაც, რომ ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფინანსური რესურსი მიიღო და ამ რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება და ეკონომიკის სრული რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, თუ მოხდებოდა არა ერთჯერადი პროექტების დაფინანსება, არამედ ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლა და ქვეყანა, ამ დახმარების შეწყვეტის შემდეგ, კვლავ ფინანსური დილემის წინაშე ნამდვილად არ დამდგარიყო.
თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ექსპერტთა ნაწილი ბრიუსელის დონორთა მიერ გამოყოფილი დახმარების შეწყვეტაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. `2010 წლის ბოლოს წყდება ბრიუსელის დონორთა კონფერენციით დაპირებული თანხები, მაგრამ ჩვეულებრივ სხვა შემთხვევაშიც მოხდება დამატებით შეთანხმება სხვადასხვა ქვეყნებთან. ასე რომ, არა მგონია, აქ რამე არსებითი პრობლემა შეიქმნას", - საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ბრიუსელის დონორთა მიერ გამოყოფილი დახმარების ალტერნატივად კი მკაცრ საპრივატიზაციო პოლიტიკას ასახელებს. "აგერ არ არის გაზსადენი, რკინიგზა...? ბიუჯეტს იმდენი ვალდებულებები აქვს აღებული, რომ მათ შესასრულებლად ხშირად სჭირდება დამატებითი თანხები. ეს დამატებითი თანხები აქამდე სესხის სახით გვქონდა, ახლა აღარ გვაქვს და გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ ხელისუფლებამ რაღაც ალტერნატიული წყაროები გამოიყენოს, ასეთი ალტერნატიული წყარო შეიძლება იყოს, მაგალითად, გაზსადენი", - მიიჩნევს იგი.
ბრიუსელის დონორთა მიერ გამოყოფილი დახმარების შეწყვეტის შემდგომ მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს "აფბას" წარმომადგენელიც. "2008 წლის ომმა თუ სერიოზულად დააზარალა ჩვენი ქვეყანა, სერიოზულად შეუწყო ხელი ჩვენს ეკონომიკასაც. რადგან, დონორი ქვეყნებისგან ისეთი დახმარება მივიღეთ, რომ ომის გარეშე ჩვენს ქვეყანაში კრიზისი მოხდებოდა. ამას მსოფლიო კრიზისის გავლენაც დაემატებოდა და უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. სწორედ ომის გამო 4.5 მლრდ დოლარით დაგვეხმარნენ, რომელიც დაბალპროცენტიან სესხსა თუ გრანტებს წარმოადგენდა. ანუ, ჩვენ მოგებულ სიტუაციაში აღმოვჩნდით ეკონომიკურად, რამაც, ასე ვთქვათ, ბიუჯეტში არ გამოიწვია რაიმე სეკვესტრი და იგივე, გარკვეულ მიმართულებებზე ხარჯების შემცირება, პირიქით, გაიზარდა ბიუჯეტი და ამ სამ წელიწადში 7 მლრდ ლარი შეადგინა. 2011 წელს, გვინდა თუ არ გვინდა, ბიუჯეტისა და გარკვეული ხარჯების შემცირების გარეშე, მთავრობა იძულებული გახდება საგარეო ვალდებულებებიდან აიღოს მაღალპროცენტიანი სესხი, ან უფრო აგრესიულ საპრივატიზაციო პოლიტიკაზე გადავიდეს. რისი ნიშნებიც უკვე არის. იგივე მაგისტრალური გაზსადენის ამოღება გაუყიდვადი ობიექტების სიიდან და რკინიგზაზეც სერიოზული ეჭვებია, რომ აპირებენ მის გასხვისებას. ანუ ბიუჯეტი რაღაცით უნდა შეივსოს. მაგრამ, თუ 2011 წლამდე "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" მივიღეთ, მაშინ მთავრობა საგარეო ვალდებულებების აღების მხრივაც შეიზღუდება, შესაბამისად, მოუწევს გადასახადების გაზრდა ან ბევრი ობიექტის პრივატიზება", - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.
თეონა ჭიტაძე