DataLife Engine > საზოგადოება > "აფბამ" მობილური კავშირის ოპერატორებისთვის აქციზის დაწესება გააპროტესტა

"აფბამ" მობილური კავშირის ოპერატორებისთვის აქციზის დაწესება გააპროტესტა


15 ივლისი 2010. : merabi
ხელისუფლება ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლიების არსებობის გახანგრძლივებას უწყობს ხელს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" 12 ივლისს სასტუმრო "ძველ მეტეხში" პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ახალგაზრდა ფინანსისტებმა გააპროტესტეს ახალი საგადასახადო კოდექსით მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის, ბრუნვის მიხედვით, აქციზის გადასახადის დაწესება. "აფბას" წევრების განცხადებით, აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელსაც არა მეწარმეები, არამედ მოსახლეობა იხდის. შესაბამისად, მობილური ოპერატორების აქციზით დაბეგვრა მოსახლეობას მობილურით საუბარზე დანახარჯებს გაუზრდის. ამასთან, ასოციაციის წევრების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის განცხადებები, რომ მობილურ ოპერატორებს აქციზის გადასახადი გაუუქმეს, ან ეს საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქეს, როცა დაბეგვრა ბრუნვის მიხედვით განხორციელდება. ეს ცვლილება პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა დაბეგვრის ვარიანტისგან. რადგან დიდი განსხვავება არაა კომპანიას რის მიხედვით დაბეგრავენ, წუთზე და ბრუნვაზე აქციზის დაწესებით. ფაქტი ერთია: ახალი გადასახადი წესდება, რაც სრულიად გაუმართლებელი მოვლენაა. "აფბა" მიმართავს პარლამენტს, რათა არ დაუშვას ახალი საგადასახადო კოდექსის ამ ვარიანტით დამტკიცება, რადგან ეს სერიოზულად დააზარალებს მოსახლეობას, რაც, პირველ რიგში, მობილურით საუბრის გაძვირებაში გამოიხატება. გთავაზობთ ასოციაციის მიერ წარმოდგენილ შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე:
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" აგრძელებს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევას. "აფბა"-მ და ექსპერტმა დავით ებრალიძემ კავშირგაბმულობის ეროვნულ კომისიაში შეიტანეს სარჩელი, რათა კომისიას უზრუნველეყო მოგების მაღალ მარჟაზე მომუშავე კომპანიების მიერ საბაზისო ტარიფის გადახედვა, მისი შემცირების მიმართულებით. ეს ტარიფი საქართველოში უკვე 14 წელია არ იცვლება და შეადგენს 28,8 თეთრს წუთში, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ტარიფი ბოლო სამ წელიწადში საშუალოდ 30%-ით შემცირდა.
"აფბა"-ს მოთხოვნა იყო შემცირებულიყო ტარიფი, ხოლო კომპანიებს ემუშავათ მოგების იმ მარჟაზე, რომელიც ნორმალურად ითვლება საქართველოს მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.
მობილური კავშირი უკვე კარგა ხანია აღარ არის ფუფუნების სფერო, ის ყოფითი გარემოს ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა. ამიტომ, საბაზისო ტარიფის დაწევა ჩვენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, გარკვეულ შეღავათს მისცემდა.
კავშირგაბმულობის ეროვნულმა კომისიამ ჩვენი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მათ არ იციან (?!), რა ვითარებაა ამ ბაზარზე. გაუგებარია, აბა, სხვა რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს კავშირგაბმულობის მარეგულირებელ ორგანოს, რომლის თანამშრომლებს ჩვენი რეალობისთვის შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები აქვთ?!
საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად გონივრული, ხალხისთვის მხარდამჭერი გადაწყვეტილებისა, არაორდინალური გზა მოძებნა. მან თავდაპირველად გადაწყვიტა აქციზით დაბეგროს მობილურით საუბარი, შემდეგ მცირე მანევრი ჩაატარა და ბრუნვის გადასახადის დაწესებაზე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, აქციზს არა კომპანია, არამედ მომხმარებელი, თითოეული ჩვენგანი იხდის, ფუფუნების საგნებისა და მავნე ზემოქმედების მქონე პროდუქტის (როგორიცაა ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო...) შესყიდვისას იხდის. სამწუხაროდ, ჩვენში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკიდან გამომდინარე, მობილურით საუბარზე ბრუნვის გადასახადის დაწესების შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვართ, მისი გადახდა რეალურად, ასევე მომხმარებელს მოუწევს და არა კომპანიებს.
ამ არაგონივრული და ხალხისთვის დრაკონული გადაწყვეტილების ფონზე, კავშირგაბმულობის კომპანიებმა, რომელთაც უძლიერესი ლობი ჰყავთ ხელისუფლებაში, შეწყვიტეს ადრე დაწყებული საუბრები საბაზისო ტარიფის შემცირებაზე, წამახალისებელ აქციებზე და უაპელაციოდ მიიღეს აქციზით დაბეგვრის უცნაური გადაწყვეტილება.
მობილურით საუბარზე აქციზის შემოღებისას საუბარი იყო, რომ ეს გადასახადი იქნებოდა არაუმეტეს ტარიფის 10%. (ანუ, 0,1%-იდან 10%-მდე. უაღრესად დიდი ამპლიტუდაა და ძალიან საინტერესოა, ვის, მთავრობის რომელი ჩინოსნის, კეთილ ნებაზე იქნება მისი განსაზღვრა დამოკიდებული და რა კორუფციულ დაშვებებს შეიცავს ამხელა ამპლიტუდა). მაშინ, როცა საბაზისო ტარიფს ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების შემდეგ გაცილებით მეტად უნდა დაეკლო.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" აპროტესტებს ამ უპრეცედენტო და უმართებულო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ მთავრობის მიერ ინიცირებული ეს ცვლილება არ განისაზღვროს საგადასახადო კოდექსით. სხვა შემთხვევაში, ვიწვევთ დისკუსიაში ამ იდეის ავტორებს, თავიანთი "წყალგაუვალი" არგუმენტებით, რომელიმე ნაციონალური არხის პირდაპირ ეთერში. ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის, ანუ მობილური ტელეფონით საუბარზე აქციზის (თუ ბრუნვიდან გადასახადის) შემოღების შემთხვევაში, ჩვენ სათანადო ინსტანციებს მივმართავთ ახალი სარჩელით.
მთავრობამ, მობილურით საუბარზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზად კომპანიების ზემოგებაზე ანუ მოგების განსაკუთრებით მაღალ მარჟაზე მუშაობა დაასახელა. ამით მთავრობამ აღიარა "აფბა"-ს მიერ ადრე გაპროტესტებული ტარიფი და მისი შემცირების სამართლიანობა, აგრეთვე, მთავრობამ ამ არგუმენტის მოტანით აღიარა, რომ საბაზისო ტარიფი არის დაუსაბუთებლად მაღალი.
როცა საუბარია აქციზზე, ყველა ეკონომისტმა თუ ფინანსისტმა კარგად იცის, რომ იგი არაპირდაპირი გადასახადია და მას არა მეწარმე, არამედ მომხმარებელი იხდის. იგი მსოფლიო პრაქტიკით მხოლოდ ფუფუნების საგნებზე ან ჯანმრთელობისა თუ სხვა სახის ზიანის მქონე პროდუქციაზე შეიძლება დაწესდეს. გაუგებარია, ვინ დაადგინა, რომ მობილურით საუბარი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა? ინფორმაციისთვის აღვნიშნავთ, რომ გაერომ ცოტა ხნის წინ მობილური კავშირის მავნებლობაზე კვლევა ჩაატარა, რომლის ბიუჯეტმა 24 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევამ ვერ დაასაბუთა, რომ მობილური ტელეფონით საუბარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ფიჭური კავშირგაბმულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს უარყოფით ზეგავლენას, ისიც უმნიშვნელოს, თუ მობილურის განსაკუთრებით ხშირად გამოყენება ხდება. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა, ჩვენი მინისტრები, გაეროს აღნიშნულ დასკვნას გაეცნობოდნენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, განცხადებით, მობილური ოპერატორები აქციზით იმიტომ უნდა დაიბეგრონ, რომ მათ დაბალი თვითღირებულება და მაღალი მოგება (ზემოგება) აქვთ. თუ კომპანიას პროდუქტის წარმოების თვითღირებულება დაბალი აქვს და მას ძალიან მაღალ ფასად ყიდის ე.ი. იგი ამ ბაზარზე მონოპოლისტია, რადგან მოსახლეობა იძულებულია მის პროდუქციაში არაობიექტურად მაღალი ფასი გადაიხადოს. თუ იმ დასკვნამდე მივიდა ხელისუფლება, რომ საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არაა, ძალიან კარგი. ამაზე "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" უკვე დიდი ხანია აპელირებს, თუმცა ამ სიტუაციისადმი მთავრობის მიდგომა კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ბაზარზე ოლიგოპოლური სიტუაციაა, მაშინ ხელისუფლება უნდა ეცადოს ამ სფეროში კონკურენციის განვითარებას შეუწყოს ხელი, იმავე გადასახადების შემცირებით, ლიცენზიის გაცემის გაადვილებითა და გაიაფებით, სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით, რათა უცხოელი თუ ქართველი ინვესტორები ამ ბაზარზე ბიზნესის წარმოებით დაინტერესდნენ, ამ ბიზნესში ჩაერთონ, რაც, თავის მხრივ, კონკურენციის გაჯანსაღებას და შესაბამისად, ფასების შემცირებას გამოიწვევს. მობილური ოპერატორებისთვის ახალი გადასახადის დაწესებით მთავრობა ამ სფეროსადმი ინვესტორებს დაინტერესებას კიდევ უფრო ანელებს და მას უფრო არამიმზიდველს ხდის, რაც თავის მხრივ, როგორც ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას, ისე მათ გაზრდას შეუწყობს ხელს.
ჩანს, ბაზარზე მოქმედ სამ კომპანიას, მათგან ორ მთავარს ("მაგთი", "ჯეოსელი") ასეთი ვითარება ხელს აძლევს. მათი ლობი, სავარაუდოა, ძალიან ძლიერია, შიდა ქართულ სახელისუფლო კლანზე ძლიერიც კი. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, როგორ აირიდა თავიდან "ჯეოსელმა" მასზე საგადასახადო უწყების მიერ ჯარიმის სახით დარიცხული 101 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო "მაგთიმ" როგორ მიაღწია მაკონტროლებლების არდაშვებას კომპანიაში.
მეორე ბერკეტი, რაც სახელმწიფოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული არაჯანსაღი მდგომარეობის გამოსასწორებლად გააჩნია, ესაა საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისია. რომელსაც, თავის მხრივ, ყველა ბერკეტი აქვს კომპანიებისათვის სამართლიანი ფასის განსასაზღვრად. კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველანაირად ცდილობენ ბაზარზე სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა არ უნდათ, რომ ბაზარზე უხეშად ჩაერიონ და კომპანიებს საცალო ფასზე ზედა ზღვარი დაუწესონ.
მობილურით საუბარზე აქციზის თუ ბრუნვიდან გადასახადის დაწესებით მთავრობა პირდაპირ და უხეშად ერევა ბაზარზე ფასის განსაზღვრაში, რადგან აქციზი მომხმარებლის გადასახადია და არა მეწარმის და იგი მობილურით საუბრის საცალო ფასში განისაზღვრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის ყველა პრინციპს, ამის შემდეგ გაუგებარია, როგორ უნდა განაცხადოს რომელიმე ჩინოვნიკმა, რომ საქართველო ლიბერალურ ეკონომიკას აშენებს.
თუ ფინანსთა მინისტრს და საერთოდ მთავრობას ასე აწუხებს ზოგიერთი ბიზნესის მაღალი მოგება, მაშინ დააწესონ მოგების პროგრესული გადასახადი და ასე დაიბეგროს ყველა ის ბიზნესი, რომელიც მაღალ მოგებაზე მუშაობს. ზემოაღნიშნულ გარემოებებს თუ მხედველობაში არ მივიღებთ, ამ ნაბიჯით ხდება მობილური ოპერატორების აშკარა დისკრიმინაცია, რადგან გაუგებარია, რატომ ეკრძალება "მაგთის", "ჯეოსელს" და "ბილაინს" მაღალ მოგებაზე მუშაობა და რატომ არა იგივე ფარმაცევტულ, ნავთოპბპროდუქტების იმპორტიორ თუ სხვა კომპანიებს.
ასევე, გაუგებარია, რა აზრი აქვს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული "ეკონომიკური თავისუფლების აქტს", თუ მისი მიღების მიუხედავად, შესაძლებელი იქნება აქციზის გადასახადის დაწესება ან გაზრდა და ამა თუ იმ სფეროსთვის დაწესება. დღეს თუ მობილურ ოპერატორებს უწესებ აქციზსა თუ ბრუნვის გადასახადს (ანუ ახალ, დამატებით გადასახადს), ხვალ შეიძლება იგივე დეველოპერებს, ფარმაცევტებს, სუპერმარკეტებს ან სხვა ბიზნესსექტორებსაც შეეხოს. ამიტომ, ამ საკითზე პროტესტი არა მარტო მობილურმა ოპერატორებმა, არამედ ყველა ბიზნესმა უნდა გამოთქვას, თორემ შემოსავალშემცირებული ხელისუფლების ხელში ახალი გადასახადების ინიცირება "დამოკლეს მახვილის" ფუნქციას შეიძენს და იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა "ეკონომიკური თავისუფლების აქტს", საქართველოში საგადასახადო წნეხი მოსახლეობაზე და ბიზნესზე, მოსახლეობის სურვილის მიუხედავად, პერიოდულად გაიზრდება ხოლმე.
საყურადღებოა, ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი განცხადება, - "არ დავუშვებთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებმა აქციზის დაწესების მიუხედავად, საცალო ტარიფი გაზარდონ". საინტერესოა, როგორ აპირებს ფინანსთა მინისტრი კერძო კომპანიისთვის ფასების გაზრდის აკრძალვას? მას არანაირი კანონიერი ბერკეტი არ გააჩნია ამ პროცესის შესაჩერებლად. და თუ მობილურით საუბრის ტარიფი არ გაიზრდება, მაშინ ის შეღავათები, რომლებიც დღეისათვის მოსახლეობას აქვს ამა თუ იმ ქსელში შიდა ზარებზე განხორციელებული ზარების დროს, გაუქმდება და შიდა და გარე ზარებზე ერთი და იგივე, საბაზისო 28,8 თეთრიანი ტარიფი იმოქმედებს.
მთავრობა, არ აპირებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და აცხადებს, რომ ბაზარზე ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. თუმცა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასის განსაზღვრაში საზოგადოების დამოკიდებულებასაც მიუძღვის წვლილი. 2010 წელს "აფბას" პროტესტითა და საზოგადოების ზეწოლით იმდენი მოხერხდა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფებმა შემცირება დაიწყო სხვადასხვა წამახალისებელი აქციების მომრავლების გზით და უახლოეს მომავალში მათი კიდევ უფრო გაიაფება იყო დაგეგმილი. ფინანსთა სამინისტრო კი ამ ბაზარზე აქციზის, თუ გნებავთ, ბრუნვის გადასახადის დაწესებით, ბაზარზე ფასის განსაზღვრაში სწორედაც რომ უხეშად ერევა და ამ ნაბიჯით ისევ მონოპოლისტური ფასების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ნურავინ იფიქრებს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი 80 მლნ. ლარი, რომლის ამოღებაც მობილური ოპერატორებისგან იგეგმება, კომპანიებს მოგებას შეუმცირებს. ეს ისევ და ისევ მოსახლეობას დააწვება ზურგზე და ისევ მობილური კავშირგაბმულობის ქართველი მომხმარებლების ჯიბეებიდან მოხდება ამ თანხის ამოღება.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ ქვეყანაში მობილურით საუბარი აქციზის გადასახადით არ იბეგრება. საქართველომდე ასეთი რამ არავის მოსვლია აზრად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, "აფბა" მოუწოდებს ყველა ბიზნესს გააპროტესტოს მობილური ოპერატორებისთვის აქციზისა თუ ბრუნვის გადასახადის დაწესება, თორემ ხვალ მათაც მოუწევთ ასეთივე გადასახადის გადახდა.
"ფბა" მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა მან აიძულოს მთავრობა, შეწყვიტოს სიტყვებით თამაში და უკან გაიწვიოს მის მიერ ინიცირებული აღნიშნული არასამართლიანი და დისკრიმინაციული საგადასახადო სიახლე.
საზოგადოებამ კი აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს გადასახადი, ამ სფეროზე აქციზისა თუ ბრუნვიდან გადასახადის დაწესება, გამოიწვევს მათი ჯიბეებიდან თანხის ამოღებას და არა მობილური ოპერატორების მოგების შემცირებას".

ნოდარ ჭიჭინაძე