DataLife Engine > საზოგადოება > "გუდვილის" მიერ "ჯი–მარტის" ქსელის დაფუძნებას უარყოფენ

"გუდვილის" მიერ "ჯი–მარტის" ქსელის დაფუძნებას უარყოფენ


15 ივლისი 2010. : merabi
"გუდვილისა" და "ჯი-მარტის" "ახლო ურთიერთობებზე" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საუბარი, როდესაც ახალ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" "ჯი-მარტის" პირველი სუპერმარკეტი გაიხსნა. ახალი "ნამდვილი სუპერმარკეტის" მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე "გუდვილიდან" გადასული კადრებით არის დაკომპლექტებული. "ჯი-მარტი" "გუდვილის" მფლობელებს ეკუთვნის, საკითხი ასე თავდაპირველად "ბიზნესკურიერმა" დასვა. თუმცა, ეს ინფორმაცია ორივე კომპანიამ უარყო და მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა დაადასტურეს, კომპანიები შორს აღარ წასულან და არ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობს პარტნიორობა.
"ჯი-მარტი" ბაზარზე მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შემოვიდა, "გუდვილში" გამოცდილი მენეჯმენტი თავიდანვე აცხადებდა, რომ "გუდვილში" საკუთარი თავი ამოწურეს და ახალი ქსელის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.
შეიქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ "გუდვილს" ახალი, საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა, რომელიც მომხმარებლების ნაწილს წაართმევდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი პარტნიორები გახდნენ. ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ "გუდვილის" და "ჯი-მარტის" მფლობელები ერთი და იგივე პირები იყვნენ, მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც მათი პარტნიორობის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც "ჯი-მარტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა დარჩიაშვილი აცხადებს, ისინი "გუდვილს" კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან "ჯი-მარტი" საშუალო კლასის მომხმარებელზეა ორიენტირებული. თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ ეს ნამდვილად არ არის განსხვავებულ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. ხშირ შემთხვევაში, ამ ორი სუპერმარკეტის პროდუქტი და ფასები იდენტურია, ამასთან "გუდვილი" ჰიპერმარკეტია და ის გაცილებით დაბალი მოგების მარჟით უნდა მუშაობდეს, ვიდრე პრესტიჟულ ცენტრებში განთავსებული "ჯი-მარტი".
თუმცა, ამ ისტორიაში მთავარი მოქმედი გმირი მაინც "გუდვილია". კომპანია "გუდვილმა" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" აპირებდა საკუთარი სუპერმარკეტის გახსნას და ამისთვის დიდი ხნის წინ დაიწყო მზადება. დედაქალაქში საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა "ბილდბორდები" წარწერით - "გაზაფხულიდან გუდვილი ქარვასლაში". ერთ-ერთი ასეთი "ბილდბორდი" დიღომში დღესაც არის შემორჩენილი. მას შემდეგ, რაც "ბანკები და ფინანსები" ამ საკითხით დაინტერესდა, ამ "ბილდბორდს" განათება მოუხსნეს. არც ეს არის მთავარი, ჩვენს მიერ დასმული საკითხი "გუდვილმა" "ლოგიკურად" ახსნა, - "ქარვასლაში ფილიალის გახსნა გადავიფიქრეთ"-ო. რატომ გადაიფიქრა "გუდვილმა" "ქარვასლაში" ფილიალის გახსნა და რატომ გაუწია ანგარიში "კონკურენტ" "პარტნიორს", ეს სხვა საკითხია და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემადაც აქვს მას საშუალება, თუნდაც ჩვენი გაზეთის შემდგომ ნომრებში.
"ჯი-მარტისა" და "გუდვილის" პარტნიორობის შესახებ "ჯი მარტის" პიარ-მენეჯერი ნატა დარჩიაშვილის აცხადებს: "ჯი-მარტი" არის დამოუკიდებელი ქსელი, რომელსაც არანაირი იურიდიული კავშირი არ აქვს "გუდვილთან", რაც შეეხება პარტნიორობას, იგი ერთნაირი დასახელების პროდუქციასა და საერთო მომწოდებლებში გამოიხატება.
ამჟამად "ჯი-მარტის" მხოლოდ 2 სუპერმარკეტი აქვს, რომელთა გასახსნელად 5 მილიონი დოლარის კრედიტი "თიბისი ბანკიდან" მიიღო. ძალიან კარგი, ქართულ საბანკო სისტემაში სრულიად ახალი შინაარსის მოვნელასთან გვაქვს საქმე, კრედიტი გაიცა ბიზნესიდეაზე, ანუ ბიზნესზე, რომელიც არ იყო დაწყებული, მას ბრუნვა არ ჰქონია, ისტორია არ ჰქონია, არც შესაბამისი საგარანტიო კაპიტალი ჰქონია (5 მილიონი დოლარის კრედიტად გაცემას, მინიმუმ, 10 მილიონიანი საგარანტიო კაპიტალი სჭირდება) და ასეთმა კომპანიამ აიღო კრედიტი. რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
გაუგებარია, რა რჯის კომპანია "გუდვილს", როცა საგულდაგულოდ მალავს ფაქტობრივად დადასტუტებულ პირდაპირ კავშირს "ჯი-მარტისთან". განა არ აჯობებს, ითქვას მარტივად, რომ ფილიალი გახსნა, თითქოს არ არის ძნელი. მაგრამ, ერთი ფრთიანი შეძახილისა არ იყოს, - "ნურას უკაცრავად!". "გუდვილის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ქარვასლაში" ფილიალის გახსნა გადაიფიქრეს. ისიც განაცხადა, რომ მარშალ გელოვანის გამზირზე განთავსებული "ბილდბორდის" მოხსნა, დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების მომსახურე კომპანია "აუთდორს", უბრალოდ დაავიწყდა. გავახსენებთ "გუდვილის" წარმომადგენლებს, რომ ამ ქვეყანაში იყო არჩევნები, რომლის წინა პერიოდში გარე რეკლამაზე ისეთი მოთხოვნა იყო, რომ კომპანია "აუთდორს" დამატებითი სარეკლამო ადგილების მოწყობა დასჭირდა. ეს შეხსენება იმიტომ, რომ შემდეგ ნომრებშიც ვგეგმავთ ამ თემის გაგრძელებას და ასეთ კითხვებზე ყურით მოტანილი არგუმენტები, სხვა თუ არაფერი, კიდევ უფრო მეტი არასერიოზულობის დემონსტრირება იქნება.

ლევან მარტაძე