DataLife Engine > საზოგადოება > სამართლებრივი უსამართლობა
სამართლებრივი უსამართლობა9 ივლისი 2010. : merabi |
|
აჭარის მთავარი მუფთი მთავრობასთან ადგილობრივი მუსლიმების დაპირისპირების გამო გადადგა
სამართლებრივი უსამართლობა, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის მტრებმა სათავისოდ გამოიყენონ აჭარაში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, უკვე ამოწურულია. თუმცა, მან საფრთხის წინაშე დააყენა მშვიდობიანი გარემო ამ ტრადიციულად წყნარ რეგიონში. თუ არ ჩავთვლით აბაშიძის რეჟიმის თვითნებობას, მხარეში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. რეგიონში დაძაბულობა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გაჩნდა, რომლის ძალითაც საქველმოქმედო ფონდ "მადლი 2005"-ის კუთვნილი 4 მუსლიმანური საგანმანათლებლო შენობა სახელმწიფო საკუთრებაში აღმოჩნდა. ხულოში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ რაიონში არსებული ერთ-ერთი სასწავლებლის ბაზაზე, ახალგაზრდული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. პროტესტს თან დაერთო ყველა ის წინაპირობა, რომელიც მთლიანობაში დაგროვდა მოსახლეობაში. სასამართლომ ფონდისთვის ჩამორთმეული შენობები სახელმწიფოსთვის 232 ათასი ლარის გადაუხდელობით დაასაბუთა, თუმცა ორგანიზაციის მესვეურთა განცხადებით, მათ სახელმწიფოს მიმართ ფინანსური დავალიანება არ აქვთ, სასწავლებელი შემოწირულობებით არსებობდა და არ იყო ვალდებული, რომ გადასახადები გადაეხადა. დღეს უკვე ამ ფაქტმაც მაღალმთიანეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია და მომხდარი სარწმუნოებრივ ნიადაგზე ზეწოლად შეფასდა. მართალია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა "ნაციონალური ხელისუფლების" რიტორიკას არ უღალატა და რატომღაც თავისი სამუშაო შენობის წინ შეკრებილი მიტინგის მონაწილეების რაოდენობა ერთ-ერთ ინტერვიუში 150 ადამიანამდე შეაფასა, მაგრამ ხულოს ცენტრში მიტინგზე 33 სოფლის 2000-ზე მეტი მორწმუნის შეკრებამ, შემდგომ კი აჭარის მთავრობისადმი საკითხის გადაწყვეტისთვის მიცემულმა ერთკვირიანმა ულტიმატუმმა, გამგებელიც სხვაგვარად აამეტყველა და აჭარის მთავრობაც სხვაგვარი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა - "მადლი 2005"-ის კუთვნილი ოთხი რელიგიური სწავლების სკოლა მფლობელობაში აჭარის მუსლიმანთა სამმართველოს გადაეცა. აჭარის მაღალმთიანეთში საქველმოქმედო ფონდსა და სახელმწიფოს შორის დაძაბულობა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყო, ხოლო ერთ-ერთ სასწავლო შენობაში ახალგაზრდული გასართობი ცენტრის გახსნის ინიციატივა კი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის გამოსვლების მიზეზი გახდა. 2003 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებმა ჯუმბერ კახაძემ ის საცხოვრებელი სახლი იყიდა, რომელშიც ამჟამად საქველმოქმედო ფონდი მდებარეობს. კანონიერმა მესაკუთრემ აღნიშნული შენობა საქველმოქმედო ფონდს ამავე მიზნების განსახორციელებლად, 2005 წელს მიაქირავა. აჭარაში "მადლი 2005"-მა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქმიანობა და რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში – ქედაში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში, ფილიალები დააარსა. ფილიალებში ახალგაზრდებმა სასკოლო პროგრამასთან ერთად, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლების დაუფლებაც დაიწყეს. რეგიონის მასშტაბით, სულ 250-მდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა საკუთარი რელიგიური არჩევანი გამოეხატა და სასწავლებლებში, სწავლასთან ერთად, ეცხოვრათ, თუმცა ფონდის საქმიანობიდან მცირე დროში, 2007 წელს, `მადლი 2005” ის მიერ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლები, აჭარის საგადასახადო ინსპექციამ დააყადაღა, ხოლო სასამართლოს ეცნობა დაედგინა იჯარით გაცემული სახლების მეპატრონეებისა და ფონდის ცრუმაგიერობა. კანონით, ცრუმაგიერი მფლობელობის დროს სასამართლო დაადგენს, რომ თუკი პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. სასამართლო პროცესების დროს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, აშკარად გამოიკვეთა, რომ ფონდის კუთვნილებაში არსებული ოთხი ორსართულიანი სახლი კერძო პირებზე იყო რეგისტრირებული, მაგრამ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურატურის შეხედულება კანონიერ გადაწყვეტილებად აქცია და დაადასტურა, რომ ნაქირავები სახლები ფონდის საკუთრება იყო ანუ დაადასტურა, რომ ფონდი კერძო პირების ცრუმაგიერია. აჭარაში, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით, კერძო მესაკუთრეებზე შენობების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო, თუმცა პროცესს კიდევ ერთი გარემოება უძღოდა წინ. პროკურატურამ გადასახადების თავის არიდების ბრალდებით, 2007 წელსვე, ფონდის დირექტორი შოთა გაბაიძე დააპატიმრა. შოთა გაბაიძემ ბრალის აღიარების სანაცვლოდ, პროკურორის შეთავაზებით, სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. "მადლი 2005"-ის დირექტორი 5000 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების მიხედვით, შოთა გაბაიძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ იჯარით აღებული ქონება ჩამოერთვა. შეთანხმება სახელმწიფომ გაბაიძესთან, როგორც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარესთან გააფორმა, თუმცა დღეს უკვე `მადლი 2005”-ის ინტერესების დამცველი, იურისტი ლევან მამულაძე ამბობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი გარიგების დადების უფლება შოთა გაბაიძეს არ ჰქონდა. `შოთა გაბაიძე თავად რომ ყოფილიყო ამ შეთანხმების მომხრე, მოსამართლეს არ უნდა დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით, რადგან ეს უკანონობაა. ფონდი შვიდ ადამიანს აქვს დაფუძნებული. ფონდი კოლეგიური ორგანოა. გაბაიძე გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ეს ქონება ამ ფონდის რომც ყოფილიყო, მას ამ ქონების გასხვისების უფლება, სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. თუმცა ეს ქონება ნამდვილად არ ყოფილა "მადლი 2005"-ის. ის კერძო პირების საკუთრებაა.”- ამბობს იურისტი ლევან მამულაძე. ჩვენ დავინტერესდით საჯარო რეესტრის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად, 2010 წლის დასაწყისში, სხვადასხვა ფიზიკური პირია დარეგისტრირებული. გაზეთ "ბათუმელების" მიერ საქმეზე გამოქვეყნებული მასალებითაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან ("მადლი 2005”-ის გამგეობის წევრები). საჯარო რეესტრის, ასევე, 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძე (ასევე ”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრი). ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, (#882010487430-03) დაადასტურა, რომ `აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია "მადლი 2005”-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)”. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე. დაბა ხულოში, თამარ მეფის #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა. მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე - თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად, ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია "საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495.” დოკუმენტურად დგინდება, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით, მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277.46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა. ჯუმბერ კახაძე, რომელმაც თავის დროზე ფონდს საცხოვრებელი შენობა მიაქირავა, ადგილობრვ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან აბაშიძემ პირადად უთხრა – საქველმოქმედო ფონდს სახლი დაეცალა, წინააღმდგ შემთვევაში, სახლს სამართალდამცავების მეშვეობით გაათავისუფლებდნენ. ჯუმბერ კახაძის განცხადებითვე, სასამართლო პროცესებისა და შესაბამისად, საკუთარი ქონების ჩამორთმევის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ამდენად, კახაძე მოითხოვს, რომ თუკი ხელისუფლება მუსლიმანთა უფლებების ხელყოფას არ გადაიფიქრებს, საკუთარი უფლებების დასაცავად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს. ხულოს გამგებელს, ლევან აბაშიძეს საკუთარი თანასოფლელებიც ამხელენ. იგი აქციის მონაწილეებზე შანტაჟსა და ზეწოლაშია ბრალდებული. იმავდროულად, გამგებელი საინტერესო სვლებშია შემჩნეული. ჯერ ერთი, მან პრობლემა არსებითად არ შეაფასა: `ფონდს ჰქონდა ფინანსური დარღვევა. ადამიანებმა აქცია იმიტომ მოაწყვეს, რომ, მათი აზრით, ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. სინამდვილეში, ეს კანონიერია, რადგან ასე დაადგინა სასამართლომ. დაპირებით არავის არაფერს დავპირებივართ. არავითარ ზეწოლას არავისზე არ ვახდენთ. აქციის გამართვის უფლება აქვთ და შეუძლიათ კიდევ გამართონ.” იგივე გამგებელი, მოგვიანებით, ხალხის უზენაეს ნებაზე ალაპარაკდა და ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების პრინციპებიც გაიზიარა, როცა ხალხს `სახელმწიფოს მიერ მათი ნების გაზიარება” ამცნო, მაგრამ მუნიციპალიტეტში საკუთარი გამგებლის მიმართ, მოსახლეობის უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა. საპროტესტო აქციაზე მყოფი ბეღლეთის ჯამის იმამის განცხადებით, სასწავლებლის შენობის დაცლის მითითება უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან აბაშიძისგან გაიცა. ამას ასაბუთებს ჯუმბერ კახაძის განცხადებებიც. შემდეგ, გამგებელმა ადგილობრივებს უთხრა, რომ შენობა საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადასცემოდა, რაც შემდეგ აღარ დადასტურდა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილებმა მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყეს საუბარი და ხელისუფლებას სთხოვეს, რომ შეეწყვიტათ მათი რელიგიური ნიშნით შეზღუდვა, გამგებელმა აჭარის ხელისუფლებისადმი ულტიმატუმის ვადაში, არაერთხელ მიჩქმალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ბოლოს, საკითხის გადაწყვეტაში, ხულოში აჭარის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გაიგზავნა. ხულოში `სამშვიდობო მისია” ვერც მოსახლეობასთან შეხვედრაზე მყოფმა აჭარის მუსლიმანების უმაღლესმა სასულიერო პირმა – მუფთმა შეასრულა. მეტიც, ისტორია მოულოდნელი გაგრძელებით დასრულდა. აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მუსლიმანური სასწავლებლისთვის შენობის ჩამორთმევის გამო, აჭარის მთავარი მუფთი ზურაბ-ქემალ ცეცხლაძე თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მორწმუნეების განცხადებით, ხელისუფლებამ აჭარის მთავარ მუფთის პირადად მოსთხოვა სასწავლებლის გაუქმება, რაზეც, როგორც ამბობენ, მუფთი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ზურაბ-ქემალ ცეცხლაძე იძულებული გახდა უფლებამოსილება მოეხსნა, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. აჭარის მუსლიმთა სამუფთო სამმართველომ ზურაბ-ქემალ ცეცხლაძის შემცვლელად ჯემალ პაქსაძე უკვე დაამტკიცა. ახალი მუფთი საქმიანობის დაწყებას სასწავლებლის პრობლემის მოგვარებით გეგმავს და ის აჭარის მუსლიმანურ საზოგადოებაში, ავტორიტეტად ითვლება. მართალია, დაპირისპირება დასრულდა, მაგრამ თუკი აჭარის მუსლიმთა მთავარი სამმართველო პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ხოლო ქართველ მუსლიმებს, ისივე, როგორც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, საქართველოში თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა არ მიეცემათ, საუბარი ზედმეტია დემოკრატიაზე, აღმსარებლობის თავისუფლებაზე, ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და რელიგიურ შემწყნარებლობაზე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა, მხოლოდ წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგია და ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაცია. არჩილ კაიკაციშვილი |