DataLife Engine > საზოგადოება > სახემწიფო ფონდის საქმიანობა ბურუსითაა მოცული
სახემწიფო ფონდის საქმიანობა ბურუსითაა მოცული8 ივლისი 2010. : merabi |
|
ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების, ანუ ბიუჯეტის ფულის ხარჯვისკონტროლი არ ხორციელდება
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ გრანტების საეჭვოდ გაცემის შესახებ "ბ&ფ"-მ აქამდეც რამდენჯერმე გიამბოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ სტატიაში ფონდის, მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და ფონდის ხელმძღვანელობის ობიექტურობაში სერიოზული ეჭვები იყო შეტანილი და "ბ&ფ"-მ ფონდის წარმომადგენლებსაც მიმართა, დღემდე მათგან რაიმე პასუხი ამ ბრალდებებზე არც გაზეთს და არც საზოგადოებას არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ორი საგრანტო კონკურსის განმავლობაში, რომლებიც 2009 წელს გაიმართა, გაცემულ 90-ზე მეტ გრანტს. მართლაც, ამ პროექტების დაფინანსებისას, მის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილთან მიმართებაში ფონდის წევრების მიერ გამოჩენილ არაობიექტურობასა და ტენდენციურობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები გაჩნდა. მაშინ ფონდის წარმომადგენელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა დღემდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ამასობაში ფონდმა მესამე საგრანტო კონკურსიც გამოაცხადა და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მის შედეგებსაც გამოაქვეყნებს, რომელიც, ალბათ, ისეთივე "საამაყო" იქნება, როგორც წინა ორი. "ბ&ფ"-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მას ერთ-ერთმა იმ ორგანიზაციამ მოაწოდა, რომელმაც ფონდიდან მიიღო დაფინანსება, თურმე ფონდი პროექტების არც ფინანსურ და არც შინაარსობრივ მონიტორინგს, პრაქტიკულად, არ ახორციელებს. როგორც ინფორმატორმა გვაცნობა, ფონდს არც პროექტის მიმდინარეობისას და არც მისი დასრულების შემდეგ არანაირი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია. ჩვენ დავუკავშირდით სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს, სადაც კითხვაზე ახორციელებს თუ არა ფონდი პროექტების მონიტორინგს, გვიპასუხეს, რომ ფონდი დაფინანსებული პროექტების როგორც შინაარსობრივ, ისე ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს. ამის შემდეგ ჩვენ ფონდიდან მოვითხოვეთ განხორციელებული პროექტების ანგარიში, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და თუ მაინც გვსურს ამის შესახებ პასუხის მიღება, შეგვიძლია ფონდს განცხადებით მივმართოთ. როგორც ცნობილია, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სრულიად გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენს ამ თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოებას. ფონდს კანონმდებლობით ევალება დაფინანსებული პროექტების როგორც ფინანსური, ისე შინაარსობრივი კონტროლი და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის მომზადება, თუმცა, უცნობია, რეალურად ამზადებს თუ არა განხორციელებული პროექტების ანგარიშს ფონდი, რადგან მათივე განცხადებით, მომზადებული ანგარიში არ არის საჯარო ინფორმაცია. დაფინანსებული ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ფონდი იმასაც კი არ ამოწმებს, საერთოდ განხორციელდა თუ არა პროექტი და მართლაც პროექტის შესაბამისად დაიხარჯა თუ არა გამოყოფილი თანხები. შეიძლება ითქვას, რომ მათ შეეძლოთ ფონდიდან მიღებული თანხები სრულიად სხვა მიზნით გამოეყენებინათ. "ბ&ფ" უახლოეს მომავალში მიმართავს ფონდს განცხადებით, ანგარიშის გამოთხოვის შესახებ და იმედია, შევძლებთ მის მიღებას. რის შემდეგაც, მკითხველს ამ თემის შესახებ უფრო დაწვრილებით ვუამბობთ. ლევან ცენტერაძე |