DataLife Engine > საზოგადოება > დამსაქმებლები და დასაქმებულები, ანუ ბატონები და ყმები
დამსაქმებლები და დასაქმებულები, ანუ ბატონები და ყმები2 ივლისი 2010. : merabi |
|
"კაუკასუს როუდ პროჯექტი" "გმირთა მოედანზე" ესტაკადის მშენებლობისას გერმანელ მუშებს საათში 70 ევროს უხდიდა, მაშინ როცა ქართველი მუშების ანაზღაურება საათში 3 ლარია
საქართველოში დღეს მოქმედი შრომის კოდექსის წყალობით დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთმანეთთან ბატონყმურ მდგომარეობაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არსებულ შრომის კოდექსს გვიწუნებს, საუბარი მის შეცვლაზე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჯერ-ჯერობით ზედმეტია და არ განიხილება. სანამ ეს ყველაფერი ასეა, მანამდე მოგვიწევს უხმოთ ავიტანოთ ყველა ის პირობა დამსაქმებლებისგან, რომელსაც შემოგვთავაზებენ, თუკი, რა თქმა უნდა, ლუკმა-პურის შოვნა გვინდა. რადგან ჩვენი შრომის კოდექსი ძირითადად უცხოელ ინვესტორებზეა მორგებული, ამის გამო კომპანიებში დასაქმებული მუშახელი ხშირად სავალალო მდგომარეობაში ვარდება და ამას არაერთი ფაქტიც ადასტურებს. მაგალითად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შემდეგ, კომპანია "ჯეოსთილს" ქუთაისის ქარხანაში დასაქმებული ქართველი მუშებიც აუჯანყდნენ. 200 მუშა კომპანიის ინდუს ხელმძღვანელობას საკუთარი შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა და ელემენტარულ სამუშაო პირობების შექმნას სთხოვდა. მუშები, ხელფასების მომატების გარდა, "ჯეოსთილის" ინდოელი ხელმძღვანელობისგან ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს ითხოვდნენ. მათი თქმით, ქარხანაში სოციალური კუთხით საშინელი სიტუაცია იყო, არ არსებობდა საპირფარეშო, საშხაპე, სასადილო ოთახი და პირდაპირ დაზგებთან უწევდათ საკვების მიღება, რომელიც თითოეულ მათგანს სახლიდან მოჰქონდა. მუშებს არ ჰქონდათ, ასევე, სასმელი წყალი. უსაფრთხოების დაცვის ზომებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. იყო შემთხვევა, როდესაც ქარხნის ერთ-ერთ მუშას საჭრელმა დაზგამ თითები მოაჭრა, თუმცა კომპენსაციაზე მას ინდუსი უფროსობა არც კი დალაპარაკებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოელების ანაზღაურება აღნიშნულ ქარხანაში 1000 ამერიკული დოლარიდან იწყება, ქართველი მუშებისა კი 300 ლარს არ აღემატება. ეს კი ისევ ჩვენი მონური შრომის კოდექსის ბრალია. საქართველოს მოსახლეობა უკვე ძირითადად კაპიკების შეგროვებაზე და ოჯახის გადარჩენაზეა ორიენტირებული. რადგან მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვს, მძიმე სოციალური პირობების გამო, იძულებულია იმ პირობებს დასჯერდეს, რასაც მას დასაქმების შემთხვევაში სთავაზობენ. ამის გამო კი ადამიანებს ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებშიც უწევთ მუშაობა, მაგალითად ოქროს გადამამუშავებელ კომპანია "მადნეულში" მუშებს ყოველდღე მომწამვლელ ნივთიერებებთან აქვთ შეხება და იქ მუშაობით უამრავი ადამიანი ავადმყოფდება, რადგან სათანადოდ არ არის დაცული ეკოლოგიური უსაფრთხოების წესები. იყო დრო, როცა კომპანია "მადნეულის" ხელმძღვანელობა რადიაციულ გარემოში მუშაობისთვის დასაქმებულებს ჯანმრთელობის დასაცავად ყოველ დღე ერთ ქილა მაწონს ურიგებდა, მაგრამ ცოტა ხანში ესეც შეუწყვიტეს. "მადნეულის" მუშებს უფლება არ აქვთ დამსაქმებელს რაიმე მოსთხოვონ და ყველა სიკეთე დამსაქმებლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევები, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები თავიანთ მუშებს პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებენ (მაგალითად არჩევნებში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობის მწვავე პრობლემა დგას, დიდი პროექტების განხორციელებისას ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოში მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. დამსაქმებლები ამას ქართველი მუშახელის არაკვალიფიციურობით ხსნიან. რადგან მათ თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. საქართველოში თავად სამშენებლო კომპანიებსაც, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად ტენდერში იმარჯვებენ, სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად საჭირო ტექნიკა არ გააჩნიათ და ამიტომ მათ ხშირად უხდებათ უცხოეთიდან ტექნიკისა და მუშახელის შემოყვანა. ასე მოხდა გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობისას, კომპანია "კაუკასუს როუდ პროჯექტს" გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად გერმანიიდან ტექნიკისა და მუშახელის ჩამოყვანა დასჭირდა. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ კომპანია გერმანელ მუშებს საათში 70 ევროს უხდიდა, მაშინ როცა ქართველი მუშების ანაზღაურება საათში 3 ლარია. კომპანია "კაუკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი პაატა ტრაპაიძე "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ესტაკადის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამ ფაქტის შესახებ ჩვენთან ღიად და გულდაწყვეტით აცხადებენ, რომ ადგილობრივ მუშებს უფრო მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, ვიდრე გერმანელებს, თუმცა მათი ანაზღაურების ერთმანეთთან შედარება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს: "გმირთა მოედნის" ამბავი პირველად თქვენგან მესმის, მაგრამ თუ ჩვენს მუშებს არ აქვთ თანამედროვე ტექნიკაზე მუშაობის გამოცდილება, ეს არ არის მათი ბრალი. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავის პროგრამაში პროფესიული გადამზადება გათვალისწინებული და საჭირო პროფესიების მიხედვით თავის მოქალაქეებს უნდა ამზადებდეს, ეს იქნება გზის თუ მრავალსართულიანი სახლის მშენებელი. მაშინ როცა საქართველოს ნახევარზე მეტი მოსახლეობა უმუშევარია, არ არის იმის საჭიროება, უცხოეთიდან მუშახელი მოვიზიდოთ. ბუნებრივია, თუ გერმანელები ჰყავდათ ჩამოყვანილი, მათი ანაზღაურება ისეთი მაღალი იქნებოდა, ქართველ მუშებს კი არა პროფესორებსაც კი არ დაესიზმრებათ. არაკვალიფიციურობის გამო რომ უცხოეთიდან მუშები ჩამოჰყავთ, ეს ქვეყნის სირცხვილია. პროფესიული გადამზადება კვალიფიციურ მუშახელს უნდა უზრუნველყოფდეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება. მე მახსოვს, როგორ ჩამოიყვანეს აეროპორტის მშენებლობაზე თურქები, ახლა დასავლეთ-აღმოსავლეთის გვირაბის მშენებლობის შესასრულებლად ჩინელები ჰყავთ ჩამოყვანილი. ეს იმიტომ, რომ პროფესიულ გადამზადებაზე ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. მე არ მინდა ჩემი გადასახადებიდან გადახდილი თანხით ჩინეთის ან გერმანიის ბიუჯეტი ივსებოდეს, მე მინდა ამ თანხებით რომელ სამუშაოებსაც სახელმწიფო აფინანსებს, ქართველი მოსახლეობა იღებდეს ხელფასს. ფაქტია, რომ ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი თანხებით უცხოელ მოქალაქეებს ხელფასები არ უნდა ეძლეოდეს. ჩვენი შრომის კოდექსი ქვეყნის უბედურებაა, ყველა სხვა უბედურებებთან ერთად და მე იმედი მაქვს, ეს უბედურება მალე დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი წელი გასტანოს, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს, არ იძლევა სხვა საშუალებას გარდა იმისა, რომ პროფკავშირების მოთხოვნები შესრულდეს და სწორედ ამის მიხედვით განვითარდეს ურთიერთობა საქართველოსთან. მართალია დღეს პროფკავშირებს, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტია, ებრძვიან და ხელოვნურად გაკოტრებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია სიცოცხლისუნარიანი იქნება. მათ შეიძლება კონკრეტული ბრძოლა არასწორი მეთოდების გამოყენებით მოიგონ, მაგრამ წიწილებს შემოდგომით ითვლიან". ადა ექიზაშვილი |