DataLife Engine > საზოგადოება > მედიაში პოლემიკა აკრძალულია

მედიაში პოლემიკა აკრძალულია


25 ივნისი 2010. : merabi
ქართულ მედიაში ავტორიტარიზმის პირველი სერიოზული ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთმა ჟურნალმა, რომელსაც ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი კახა ბენდუქიძე გამოსცემს, კერძოდ "ტაბულამ" ასეთი რამ წაუმძღვარა ამ გამოცემის ყველა გამოსულ ნომერს: "საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება, რედაქციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია".
მე შევეცადე იურისტებთან, მედიასაბჭოს წევრებთან, გამომცემლებთან და ჟურნალისტებთან გამერკვია, თუ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი. ნებართვის გარეშე მასალის გადაბეჭდვის შეზღუდვა ადრეც ჰქონდათ პრაქტიკაში ქართულ ჟურნალ-გაზეთებს. ისედაც, ელემენტარული ჟურნალისტური და კოლეგიალური ეთიკა მოითხოვდა ნებართვას ნებისმიერი მასალის გადაბეჭდვისას. მაგრამ არავის მოუთხოვია საავტორო უფლების დაცვის მომიზეზებით, დაბეჭდილი მასალის გამოყენების აკრძალვა. მე ვერავინ მითხრა სარწმუნოდ, ნიშნავს თუ არა გამოყენება - ციტირების აკრძალვას, რაიმე მოსაზრების მოტანას საკითხის ანალიზისას, საკამათო და მიუღებელ აზრთან შეკამათებისას შეიძლება თუ არა "ტაბულის" რომელიმე მიუღებელი აზრის დაფიქსირება და საწინააღმდეგო თვალსაზრისის გამოთქმა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება თუ არა დისკუსიაში ჩაბმა ამ ჟურნალთან ან მის რომელიმე ავტორთან. გამოდის, რომ "ტაბულამ" ეს საკამათო ნორმა ფარად აიფარა, და ამით იცავს თავის ავტორებს მკითხველთა საკმაოდ დიდი ნაწილის რისხვისგან. "ტაბულაში", ისე, როგორც სხვა პერიოდულ გამოცემებში, შეიძლება უფრო მეტადაც ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო და მიუღებელი რამ იბეჭდება.
ამ საკითხზე მსჯელობას და მოკვლევას გავაგრძელებ. კამათის და დისკუსიის გარეშე არანაირი შეხედულებები არ უნდა მკვიდრდებოდეს საზოგადოებაში, როგორც ამას ცდილობენ კახა ბენდუქიძე, ნოდარ ლადარია, თამარ ჩორგოლეიშვილი და სხვანი.
სხვათა შორის, აქ ბევრი ნიჭიერი ავტორი იბეჭდება. ნიჭიერება და ეროვნული ინტერესები, ნიჭიერება და ზნეობა, სამწუხაროდ, ხშირად როდი ემთხვევა ერთმანეთს. ამას ისეთი ნიჭიერი ქართველების "საქმენი საგმირონიც" მოწმობს, როგორებიც იყვნენ: სოსო ჯუღაშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია და სხვები. ხელოვანებს ამჯერად არ დავასახელებ. ამიტომ, მათთან კამათი და პაექრობა აუცილებელია. მაგრამ ბენდუქიძე და "ტაბულა" ამას გვიკრძალავენ. 10 ეროვნული მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანია მათია, ახლა ყველაზე კარგად დაფინანსებული ჟურნალ-გაზეთებიც მათი ხდება. ისინი ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ და უკრიტიკოდ მიაღებინონ მათი მცდარი შეხედულებები. ამიტომაც, კრძალავენ მათთან პაექრობას.
მე დავრეკე "ტაბულის" რედაქციაში და ვითხოვე ნება გამომეყენებინა ბენდუქიძის ერთი "შედევრი", დავით აღმაშენებლის შესახებ, რომელიც მას მხოლოდ იმიტომ მოსწონს, რომ საქართველოში ყივჩაღები ჩამოასახლა. მას კი ჩინელების ჩამოსახლება არ დასცალდა და ამაზეა გულდაწყვეტილი. რედაქციამ ამ "შედევრის", ანუ დიად ბენდუქიძესთან შეკამათების უფლება არ მოგვცა.
აი, ეს არის ნამდვილი ქართული დემონკრატია.
ჩვენ კონსულტაცია ვთხოვეთ ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს თამუნა კორძაიას. მან გამოიჩინა დიდი გულისხმიერება და შეეცადა დაგვხმარებოდა სიტუაციის გარკვევაში. საბოლოო ჯამში, მან გვითხრა, რომ კანონის თანახმად, "აბულა"მართალია.
გთავაზობთ საავტორო უფლებების კანონიდან ამოღებულ მუხლსაც, რომელიც თითქოსდა, ამართლებს ჟურნალს.
მუხლი 14. "ამომცემლის განსაკუთრებული უფლებები"
1. ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაშრომებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაშრომებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემელს ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ეს შემთხვევები ბევრს არაფერს ცვლის). პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა.
აი, ასე. თუ ამ კანონს მექანიკურად გავიგებთ, ის მედიაში დისკუსიას კრძალავს. აქამდე "ასავალ-დასავალს", "კვირის პალიტრას", "კვირის ქრონიკას", "ალიას", "ეზონანსს" "ბანკები და ფინანსებს", "ჯორჯიან თაიმსს", "ახალ თაობას", "24 საათს" და ა.შ. არავინ ეკითხებოდა, თუ იქ გამოქვეყნებულ, რომელიმე მასალას სხვა ავტორი, სხვაგან გამოეხმაურებოდა. ახლა ყველას ამათ, შეუძლიათ, საავტორო უფლების მოშველიებით აკრძალონ თავიანთი მასალების "გამოყენება".
ნეტავ, მოყოლა თუ შეიძლება მეგობრებისთვის იმის, რაც "ტაბულაში" იწერება?
მე არ მგონია სწორად ესმოდეთ ბენდუქიძეს და "ტაბულის" მესვეურებს სიტყვა -"გამოყენების" მნიშვნელობა.
თუ ეს მართლა კანონში წერია, და მართლა ამას გულისხმობს, ბარაქალა, ჩვენს კანონმდებლებს, ალბათ, ეს ყველაფერი საკუთარ ბიზნესებზე ფიქრში გამოეპარათ.
და საერთოდ, რა საჭიროა კანონი თუ, ის ავტორიტარიზმს ნერგავს, დისკუსიას კლავს და ტაძართან არ მიგვიყვანს.

ლევან მზიანიშვილი