DataLife Engine > საზოგადოება > "მერის მოადგილემ არ იცის, რა დაჯდა მშენებლობა თბილისის ცენტრში
"მერის მოადგილემ არ იცის, რა დაჯდა მშენებლობა თბილისის ცენტრში27 მაი 2010. : merabi |
|
"მერის მოადგილემ არ იცის, რა დაჯდა გრანდიოზული პროექტის მშენებლობა თბილისის ცენტრში
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, თბილისის მერიას 10 კითხვა გაუგზავნა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე მერიის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს შეეხება. კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა გიორგი ცაგარეიშვილს და რა პასუხები გასცა თბილისის მერიამ, ამის შესახებ გაზეთი "ბანკები და ფინანსები" გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა. - ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ სამშენებლო პროექტებს, რას იტყვით გმირთა მოედანზე მონუმენტის მშენებლობის თაობაზე? - ქალაქის ურბანული განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იმ კრიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით ფულის ხარჯვას აკრიტიკებენ, მთავრობა უყიჟინებს, რომ თქვენ მე-19 საუკუნის დანგრეული ქალაქი გინდათო. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი დამშვენებული ქალაქი იყოს, ისე როგორც აქ მცხოვრებთ ეკადრება. ჩვენ გვინდა ქალაქმა თავისი სული, უნიკალური არქიტექტურული ხელწერა და ურბანული კანონზომიერება შეინარჩუნოს. ქვეყნის მმართველობას და პრეზიდენტს კი ეს არ უნდათ, ყოველშემთხვევაში, ასე ჩანს. ყველაფერი რაც კეთდება ამ ქალაქში, ფარულად და მალულად კეთდება, ჩვენს ზურგს უკან, ქვეყნის მთავრობა ისე იღებს გადაწყვეტილებებს, მოსახლეობას არაფერს ეკითხება. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - მონუმენტი, რომელიც იდგმება გმირთა მოედანზე. ამ საკითხს ორი მხარე აქვს: სუფთა ვიზუალური, აღქმადი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და მეორე - მორალური მხარე. ძეგლი მორალის გარეშე, ძეგლი არ არის. ნებისმიერ ძეგლს თან ახლავს ის უხილავი დინებები, რომელიც თვალით აღსაქმელი არ არის. გმირთა მოედანზე მონუმენტი იმ გმირი ადამიანების სახელზე იდგმება, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომს ემსხვერპლნენ. ძეგლი ამ გმირების სახელზე აუცილებლად უნდა დაიდგას, არამარტო თბილისში, არამედ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებშიც, ეს სადაო არ არის, მაგრამ როცა შენ კონკრეტულად არაფერს აკეთებ, რომ ამ გმირების ოჯახებმა იცხოვრონ ისე, როგორც ამ გმირებს ეკადრება, როცა შენ უპატრონოდ გყავს მიტოვებული გმირების ოჯახის წევრები, მათი დედები, მათი შვილები, მათი ქვრივი მეუღლეები და ხანდაზმულები, როცა შენ სამათხოვროდ იმეტებ ამ ადამიანებს და ფაქტიურად განწირული გყავს სასიკვდილოდ, შენ არ გაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ძეგლი დადგა, რომელიც არავინ იცის, რა დაჯდა. ეს მხოლოდ უგულავამ და სააკაშვილმა იციან. როცა შენ უახლოეს წარსულში მომხდარ ომში გარდაცვლილ გმირებს, შენ ომში დაღუპულ გმირებად და სხვის ომში დაღუპულ გმირებად, შევარდნაძის გმირებად და სააკაშვილის გმირებად ყოფ, სწორედ აქ გაქვს მორალთან პრობლემა. მაშინ, როცა ბაბუშერას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ჩაფლული საერთოდ მივიწყებული გყავს უპატრონოდ და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გადმოასვენო, ისე როგორც ამ გმირებს და მათ ოჯახებს ეკადრება. ამ დროს კი ძეგლებს დგამ. ეს არის მარაზმი, ამორალური და უზნეობა. სწორედ ასეთია ქალაქის მმართველობა და შესაბამისად, ამ გაგებით იდგმება ძეგლებიც. საკითხავია ისიც: ამ ესტაკადების შუაში ამ მონოლითის დადგმა რამდენად შეესაბამება გმირთა სავანეს? ყოველი მხრიდან მის გარშემო მანქანები იტრიალებს, იქ ადამიანი ვერ მივა, რომ ყვავილები მიიტანოს, ან მონუმენტზე რომ გვარები იქნება ამოტვიფრული, ვინ უნდა წაიკითხოს? ამას თუ გადატანითი მნიშვნელობით აკეთებენ, აღქმის და მაღალი არქიტექტურული თვალსაზრისით, საჩვენებლად, მაშინ უნდა ითქვას, რომ ხალხისთვის არ კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია, თუ რამდენი იხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად, საიდან იხარჯება, რომელი ფონდებიდან თუ ბიუჯეტიდან. თუმცა, ეს ინფორმაცია უცნობია. - თქვენ თბილისის მერიას, სხვა კითხვებთან ერთად, თამარ მეფის სახელობის ხიდთან პრომეთეს ძეგლის ჯერ დამონტაჟების და შემდგომ მისი დემონტაჟის ღირებულების შესახებაც დაუსვით შეკითხვა, რა პასუხი მიიღეთ? - მათ მხოლოდ ე. წ. ძეგლის მონტაჟის ღირებულებაზე მიპასუხეს, რომ 90 506 ლარი დაჯდა. დემონტაჟის და გადატანის შესახებ პასუხი არ გაუციათ. ქანდაკება ღამით მოიპარეს და ისე გადაიტანეს ბორჯომში. ამ ციფრის რეალობა საეჭვოა, მაგრამ ვინ უნდა აანაზღაუროს ეს თანხა? ეს არის ქალაქის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა. მე 90 506 ლარად აფხაზეთში დაღუპულ გმირების შვილებს და ოჯახებს დავაპურებდი, რომლებიც ახლა ხელგაწვდილნი დადიან და ამბობენ, რატომ არ გვეხმარებითო. მთავრობამ პასუხი უნდა მოგვცეს იმაზე, თუ რაში იხარჯება ჩვენი თანხები. - ყბადაღებული და ასევე გაურკვეველი ღირებულების ობიექტის ე.წ. მშვიდობის ხიდის შესახებ მინდა გკითხოთ. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების შესახებ რა პასუხი მიიღეთ თბილისის მერიიდან? - მშვიდობის ხიდზე საოცარი პასუხი მივიღე. "რიყის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯებისა და რიყის ტერიტორიის შემდგომი განვითარების ტენდერის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ ააიპ-ს, "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს", რადგან აღნიშნული სამუშაოები ტარდება მათი დაკვეთით". თურმე, აღნიშნული სამუშაო მათი დაკვეთით კეთდება. ქალაქის მერის კაბინეტმა არ იცის, რამდენი დაიხარჯა ცენტრში დადგმულ გრანდიოზულ მშენებლობაზე, მაშინ, როცა ჩემთვის გამოგზავნილ წერილს ხელს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს. ვინ ჰკითხა მოსახლეობას, რომ პრომეთეს ძეგლი, ხიდი, ობელისკი და ა.შ იქ უნდა მდგარიყო, ჰკითხა ვინმემ ქალაქის მოსახლეობას ამის თაობაზე? ეს კეთდება იმიტომ, რომ ავლაბრის რეზიდენციას მშვენიერი ტერასა აქვს, სადაც პრეზიდენტი და მისი სტუმრები ქალაქს გადმოხედავენ, ჩვენი ქალაქის წმინდა ადგილებზე აგებულ მარაზმს საპატრიარქოსთან ახლოს, ანჩისხატთან, სიონთან, სამების ეკლესიასთან, მეტეხის ხიდთან აგებულს. მთლიანად ქალაქის ცენტრის არქიტექტურული კომპოზიცია დარღვეულია. ამ ხიდს, რომელიც ქალაქის ძველ უბანში დადგეს არავითარი პრაქტიკული და პრაგმატული მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა რიყეს აქეთაც და იქეთაც საცალფეხო ხიდი აქვს. ჩვენ არქიტექტორის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, არქიტექტორები თავის ფანტაზიის განხორციელებას სადაც შესძლებენ, იქ წავლენ. ეს დამოკიდებულია მთლიანად ქალაქის მთავრობაზე და არა არქიტექტორებზე. გიორგი ცაგარეიშვილის კითხვას, 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ქ. თბილისის მერიისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობისა და მათი მიზნობრიობის შესახებ, მერია პასუხობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ქ. თბილისის მერიისთვის 34 972 400 ლარია გამოყოფილი. ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარებისა და ბორდიურების კაპიტალური შეკეთებისთვის გაწეული ხარჯები 287 839 ლარს შეადგენს. მერიისთვის დასმულ კითხვაზე, თუ რა დაჯდა გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟი და დემონტაჟი, მერია პასუხობს: გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა, თუ ვინ დახარჯა ეს თანხები, მითითებული არ არის. ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო ხარჯებისთვის ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტში 1 400 000 ლარი ყოფილა გათვალისწინებული. გიორგი ცაგარეიშვილის კითხვაზე გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, ადმინისტრაციის უფროსის და მერის სამი მოადგილის მობილური კავშირგაბმულობის ხარჯებმა 2010 წელს 3 920 ლარი შეადგინა. თბილისის გარე განათებისთვის 2007-2009 წლების დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში, ასევე, სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციებისთვის გაწეულმა ხარჯებმა 5 210 199 ლარი შეადგინა. თბილისის მერიამ პასუხის გარეშე დატოვა გიორგი ცაგარეიშვილის რამდენიმე კითხვა და მათ შორის ქ. თბილისში რიყის ე.წ რეკრეაციულ ზონად გადაქცევისა და შემდგომი განვითარების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობისა და ტენდერის პირობების შესახებ შეკითხვაც. ადა ექიზაშვილი |