DataLife Engine > საზოგადოება > ახალ პარლამენტს "მაგი სტილი" აშენებს
ახალ პარლამენტს "მაგი სტილი" აშენებს27 მაი 2010. : merabi |
|
ქუთაისში პარლამენტის გადატანა ერთ-ერთი უდიდესი პროექტია, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება. პარლამენტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2 წელიწადში დასრულდება. როგორც ქუთაისის მცხოვრებლები ამბობენ, საკმაოდ დიდი ხანია, რაც სამშენებლო ტექნიკა არის მობილიზებული და მიმდინარეობს მშენებლობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, არავინ იცის, ვინ არის ჩართული ამ პროექტში და რომელი სამშენებლო კომპანია ახორციელებს მიმდინარე სამუშაოს. "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, როდის ჩატარდა ტენდერი და რომელმა კომპანიამ მოიგო. თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ფლობს ინფორმაციას. მაშინ ჩნდება კითხვა, ვის დაქვემდებარებაშია საერთოდ ეს მშენებლობა და ვინ აგებს მასზე პასუხს. ჩვენ მივმართეთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქუთაისის მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რეგიონალური განვითარების და ინფრასტუქტურის სამინისტროს, პარლამენტს და ბოლოს თბილისის მერიას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტის ირგვლივ ინფორმაციას არავინ ფლობს. გაურკვეველია როგორც ტენდერის ჩატარების ვადა, თუ საერთოდ ჩატარდა, ასევე ის თანხა, რომელიც დაიხარჯება პარლამენტის მშენებლობისთვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა, ტენდერის ჩატარების გარეშე "მაგი სტილმა" მოიპოვა, როგორ და რა პირობებით, ამის გარკვევაც ძალზედ რთული აღმოჩნდა, რადგან "მაგი სტილის" ხელმძღვანელთან დაკავშირება ვერ შევძელით. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ხელმძღვანელის მობილურ ნომერს ვერ მოგვცემენ, სხვა კომპეტენტური პირი კი ამჟამად ადგილზე არ არის, რომელიც ამ საკითხზე დაგველაპარაკება. ინფორმაციისთვის, "მაგი სტილის" დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პარლამენტის მომავალი შენობის ადგილას სამშენებლო კომპანიის `მაგი სტილის~ ტექნიკაა მობილიზებილი. კომპანიას თბილისიდან 20-მდე სპეციალისტი და მუშა-ხელი ჰყავს ჩაყვანილი. "რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით და მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, როგორიც არის ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, ტექნიკის ადგილზე მონტაჟი", - ამბობს მშენებლობის ერთ-ერთი სპეციალისტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებისა და მუშახელის უდიდესი ნაწილი თბილისიდან იქნება მობილიზებული. მართალია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც იგეგმება, მაგრამ ახალი პარლამენტის ადგილას საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა, ამყარებს ჩვენს ვარაუდს. თუმცა, იქ მომუშავეები ამბობენ, რომ თბილისიდან მხოლოდ სპეციალისტებს ჩამოიყვანენ. "ჩამოვა იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება სამუშაოების შესასრულებლად. ძირითადად, საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან, რადგან აქ ყველა სახის სამუშაოებს თავისი სპეციალისტი სჭირდება. თუკი ადგილზეც მოიძებნება შესაბამისი კადრი, ისიც შეძლებს აქ მუშაობას", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული. პარლამენტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას, როგორც დასაქმებულები ამბობენ, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რომლის შემდეგაც მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავა და ძირითადი სამუშაოები დაიწყება. ნანა კალანდაძე |