DataLife Engine > საზოგადოება > ვის აწყობს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა
ვის აწყობს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა22 აპრილი 2010. : merabi |
|
გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება საქართველოს პარლამენტმა კვლავ გადადო, ამჯერად ნახევარი წლით. დეპუტატ გიორგი გოგუაძის კანონპროექტს, რომელიც პირველ ეტაპზე გმო-ს მარკირებას ითვალისწინებს პარლამენტი უკვე ერთი წელია რაც განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდა. არადა, როდესაც 2009 წლის აპრილში კანონპროექტი გიორგი გოგუაძემ პარლამენტს წარუდგინა, მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი მხარდაჭერა იყო, რადგან კანონპროექტი კანონად ჯერ ვერ იქცა. "ჯანმრთელი სამყაროს" ექსპერტის ზურაბ ფუტკარაძის აზრით, კანონპროექტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს და ამ პროცესის დაჩქარებისთვის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ბრძოლა არ უნდა შეაჩეროს, რათა აიძულოს პარლამენტი, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონპროექტი. "ეს კანონპროექტი რაც შეიძლება მალე უნდა მიღებულიყო და ამოქმედებულიყო. ეტყობა, არის პარლამენტში და მთავრობაშიც რაღაც ძალები, რომლებიც საქართველოში უცხოური პროდუქციის შემოტანას ლობირებენ. რამდენადაც ცნობილია, გენმოდიფიცირებული პროდუქცია შედარებით იაფფასიანია, საქართველოში კი მაღალ ფასებში იყიდება და დიდი მოგება რჩებათ შემომტანებს, ამიტომ არის სარფიანი ეს საქმე. შეიძლება ეს კანონპროექტი არ არის უნიკალური, მაგრამ ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამას არანაირი მომზადება არ სჭირდება. ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და მეტი არაფერი. ეს კანონპროექტი პირველ ეტაპზე ლაბორატორიების მოწყობას არ გულისხმობს", - ამბობს ზურაბ ფუტკარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს", საქართველო კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს მაინც არ ასრულებს. "კარტახენას ოქმი" არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ქვეყნებში და საბაჟოებზე გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქციის გატანა-შემოტანის და მარკირების საკითხს არეგულირებს. "კარტახენას ოქმის" მიხედვით, ყველა იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყანაში შემოდის, თუ ის გენური ინჟინერიით არის მიღებული, აუცილებლად ეტიკეტი უნდა გაუკეთდეს, რომ ეს არის გმო. კონვენცია მხარეებს ავალდებულებს შეიმუშავოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და თანაბარზომიერი გამოყენების ეროვნული სტრატეგია, გეგმები და პროგრამები, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. აღნიშნული ოქმი ჯერჯერობით ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც არეგულირებს განსხვავებულ მიდგომას და უაღრესი სიფრთხილით უდგება ნებისმიერი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსასაზღვრო გადაადგილებას. "კარტახენას ოქმი" არ არის სავალდებულო, ის სარეკომენდაციო სახეს ატარებს, ამიტომ ქვეყანამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან. საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის გარდა გენური ინჟინერიით შექმნილი სათესლე მასალაც შემოდის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას. რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე. გმო-ს შეუძლია არახელსაყრელი ზეგავლენა მოახდინოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. "მთავარი და უპირველესი, ალბათ, ადამიანის ჯანმრთელობაა. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მან შეიძლება მოწამლვა გამოიწვიოს. ეს არ არის წამიერი, რომ მაშინვე ცუდი შედეგები მოგვცეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის უარყოფითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს რაც არის გამორკვეული და ის რაც არ არის გამორკვეული, ეს კიდევ სხვა თემაა. ისე გამოდის, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული ზოგიერთი მაღალჩინოსანი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვის. აკრძალვაზე ხომ არ ყოფილა კანონპროექტში საუბარი, ეტიკეტირება უნდა ყოფილიყო, რომელია გენმოდიფიცირებული და რომელი არა, რათა ადამიანმა თავად გააკეთოს არჩევანი – იყიდოს თუ არა ასეთი პროდუქტი", _ აცხადებს ექსპერტი ზურაბ ფუტკარაძე. ინფორმაციისთვის, გმო აიკრძალა პოლონეთში, ავსტრიაში, ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კი სხვადასხვა აკრძალვა შემოიღო. ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაშიც 2009 წლის ბოლოს სავალდებულო გახდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება. საქართველოში კი კანონპროექტის მიღებასა და პროდუქციის ეტიკეტირებას რატომღაც არ ჩქარობენ. ნანა კალანდაძე |