DataLife Engine > საზოგადოება > მერია ძველი კოოპერატივების წევრების მოტყუებას ისევ ცდილობს

მერია ძველი კოოპერატივების წევრების მოტყუებას ისევ ცდილობს


22 აპრილი 2010. : merabi
ინტერვიუ ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან ვალერიან გვათუასთან

ყველაფერი ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობის ბუმი იდგა. მათი ერთი ნაწილი წარმატებითაც განხორციელდა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელიც 90-იან წლებში უნდა აშენებულიყო, ყველასთვის კარგად ცნობილი მოვლენების გამო, შეჩერდა. ამ თანხების უკან დაბრუნებაზე მაშინ საუბარიც კი ზედმეტი იყო, ამ ადამიანები ბედი კი სავალალო. მათმა დიდმა ნაწილმა იმისთვის, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ფული შეეტანათ, თავის დროზე უკანასკნელი საცხოვრებელი ფართებიც კი გაყიდეს უკეთესის მოლოდინში, უკეთესი მოლოდინი კი უკვე 20 წელია გრძელდება. შესაბამისად, უკვე 20 წელია გრძელდება ამ ადამიანების ლტოლვილებად ცხოვრება საკუთარ ქალაქში.

ერთადერთი სასიკეთო რაც ამ ადამიანების მისამართით მთავრობამ გააკეთა იყო ის, რომ ისინი 2007 წლიდან აღიარებულ იქნენ სახელმწიფოს შიდა ვალში, რაც ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფო ვალდებულია ეს ადამიანები გაისტუმროს. ამას დაემატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის 2009 წლის 23 ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმადაც ამ საკითხის მოგვარება თბილისის მერიას დაევალა. თუმცა, ამ დრომდე მერიას არც უძრავი ქონებით და არც ფულადი კომპენსაციით კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები არ დაუკმაყოფილებია. მხოლოდ ახლა, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, ამ თემამ აქტუალობა შეიძინა. თბილისის მერია გამოვიდა "კეთილი ნებით" (როგორც ამას მათი წარმომადგენლები აფასებენ), რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილებულ იქნან თბილისში არსებული მიწის ნაკვეთებით, რომლებიც ძირითად შემთხვევაში თბილისის გარეუბნებში მდებარეობს და რომელთა ნორმატიული ღირებულება 18 ლარს არ სცილდება, ისიც 200-300კვ.მ ფართობით. მათი საშუალო ღირებულება ყველა საუკეთესო შემთხვევაში 5000$_ს არ სცილდება. მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს დღეს მინიმუმ 25 ათასი დოლარის კომპენსაცია სჭირდებათ, რათა რეალურად გასტუმრებულ იქნას სახელმწიფოს მხრიდან მათი ვალი. სწორედ ამის გამო, ამ წინასაარჩევნოდ გამოხატულ `კეთილ ნებას~ კოოპერატივის წევრების გაღიზიანება მოჰყვა, 4500 ოჯახიდან მიწის ნაკვეთით მხოლოდ 76 დაკმაყოფილება. მიზეზი მარტივია - მათ თანხა შეტანილი აქვთ არა მიწის ნაგლეჯზე, რომელსაც არანაირი ფასეულობა არ გააჩნია (და რომელიც მერიამ წინასაარჩევნო ლუკმად გადმოუგდო), არამედ ბინაზე.
ამ თემასთან დაკავშირებით `ბ&ფ~ თბილისის მერიის ქონების მართვის ხელმძღვანელს ვალერიან გოთუას ესაუბრა.

- ფლობთ თუ არა ინფორმაციას, რამდენი კოოპერატივი არსებობს დღეს საქართველოში და კოოპერატივის რამდენი წევრია დაუკმაყოფილებელი?

- კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა რაოდენობა ქალაქ თბილისის მასშტაბით 4500-მდე ოჯახს შეადგენს.

- ბოლო დროს, უფრო ზუსტად კი წინასაარჩევნოთ, ქალაქ თბილისის მერიამ კოოპერატივის წევრებისთვის აქტიურად დაიწყო მიწის ნაკვეთების გადაცემა. რამდენად შეესაბამება ამ მიწის ნაკვეთების ფინანსური ღირებულება იმ თანხებს, რაც მათ 90-იან წლებში ბინის მშენებლობისთვის აქვთ შეტანილი?

- ხდება კალკულაცია.Kკოოპერატივის წევრებს თვითონ აქვთ დადგენილი, რა თანხა უწევთ დღეს მათ და ამის მიხედვით ხდება მათი დაკმაყოფილება. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის მიღება ვალის სანაცვლოდ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. მიწის ნაკვეთი მხოლოდ მისი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში გადაეცემა.

- რამდენმა ოჯახმა აიღო სულ მიწის ნაკვეთი?

- ბოლო ეტაპზე ხელშეკრულება გაფორმდა და დაკმაყოფილდა 76 ოჯახი. მიღებულია პრეზიდენტის განკარგულება და მზადდება ხელშეკრულება 57 მოვალესთან. საკითხი მომზადების პროცესშია 420 მოსახლესთან.

- რა პრინციპით ხდება მიწის ადგილის და ფართობის განსაზღვრა?

- ამას ადგენენ თვითონ კოოპერატივის წევრები, ადგილსაც თვითონვე არჩევენ. ცენტრში საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთები არ გვაქვს, მაგრამ დანარჩენ ადგილებში, სადაც არის ამის შესაძლებლობა, იქ არანაირი პრობლემა არ იქმნება. ჩვენ არც იმაში ვერევით, ვინ და რა პროპორციით გადაინაწილებს ამ მიწის ნაკვეთებს. მთავარია მიწის ღირებულების ნორმატიული თანხა არ იყოს ვალზე ნაკლები, თუმცა არც მეტი არ უნდა იყოს, რადგანაც ამ შემთხვევაში მერია ზარალდება.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კოოპერატივის წევრები აპროტესტებენ მათი ვალის ამ ფორმით გასტუმრებას და აცხადებენ, რომ მათზე გადაცემული მიწის ნაკვეთი არანაირად შეესაბამება იმ თანხებს, რაც მათ წესით ეკუთვნით, ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

- მოდით, ვთქვათ პირდაპირ - ეს არ არის თბილისის მერიის ვალი, ეს არის სახელმწიფოს ვალი. შესაბამისად, მერიის ვალდებულება ამ ხალხის დაკმაყოფილება არ არის. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მერიის კეთილი ნების საფუძველზე. საკითხი გასული წლის აგვისტოდან დაიძრა. უბრალოდ ამ ეტაპზე გახდა აქტუალური. ყველაფრი ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კეთილ საქმეს ვაკეთებთ.

- კოოპერატივის წევრების ნაწილი ითხოვს არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ფართებს, არის თუ არა იმის საშუალება, რომ ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ არა მიწის ნაკვეთით, არამედ საცხოვრებელი ფართით, რისთვისაც თავის დროზე ამ ადამიანებმა ფული გადაიხადეს?

- ასეთი საცხოვრებელი ფართები მერიას არ აქვს. კომპაქტურად ჩასახლებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე ძირითად შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროა (სახელმწიფო). ჩვენთან როცა მოდის ადამიანი და გვთხოვს, რომ დავაკმაყოფილოთ ის იმ საცხოვრებელი ფართით, რომელიც ფაქტიურად დაკავებული აქვს, ჩვენ ვითხოვთ ასეთ ფართებს ეკონომიკის სამინისტროსგან. გადმოცემის შემდეგ ვაგვარებთ პრივატიზაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებს და მას დაინტერესებულ მოქალაქეს ვუკანონებთ. კომპაქტურად ჩასახლბული შენობა-ნაგებობის რაოდენობა, რომლებიც დაუკანონდა მათ ფაქტიურ მფლობელებს, საკმაოდ ბევრია. მათი დაკანონება სწორედ ამ პროცედურების გავლით ხორციელდება.

- იმ ფონზე, როდესაც დეველოპერულმა კომპანიებმა მერიის დახმარებით გააგრძელეს დაწყებული ბინების მშენებლობა, მერიას არ შეუძლია ნაწილ-ნაწილ ამ ბინების ხარჯზე გაისტუმრონ ისინი?

- ეს ბინები მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს. ეს ბინები შენდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფული ჰქონდათ კონკრეტულ დეველოპერულ კომპანიაში შეტანილი და რომელიც ახლა ვალდებულია ეს ადამიანები გაისტუმროს. ამ კორპუსებში მერიის საკუთრებას არც ერთი ბინა არ წარმოადგენს. ეს პროექტი არის კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტულ მისამართებზე მიბმული. ეს ჩვეულებრივი კერძო საკუთრებაა და მერიას საკუთრების უფლება მხოლოდ ნასყიდობის საფუძველზე გადაეცემა. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის სახელმწიფოს ვალი. და ეს საკითხი, ალბათ, ცენტრალური მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ რაც შეგვიძლია, იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ.

- ვინც არ აიღებს ამ მიწის ნაკვეთს და არ მიიღებს მერიის "საჩუქარს" წინასაარჩევნოდ, როგორ გადაწყდება ამ ადამიანების დაკმაყოფილების საკითხი?

- ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. სახელმწიფო თავის ვალს როდის აანაზღაურებს, ეს ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, არ ვიცით, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება. ეს შეიძლება იყოს ფულადი რესურსით გასტუმრებული, შეიძლება იყოს ფართითაც, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა შემიძლია.

თათია ჩაფიჩაძე