DataLife Engine > საზოგადოება > რატომ არ აგებს პასუხს ხელისუფლება ჩავარდნილ "100 ახალ საავადმყოფოზე"?
რატომ არ აგებს პასუხს ხელისუფლება ჩავარდნილ "100 ახალ საავადმყოფოზე"?22 აპრილი 2010. : merabi |
|
ჯანდაცვის სფეროში ყოველთვის ახალი და საინტერესო ამბები ხდება, მაგრამ ამას ჯანდაცვის სფეროსთვის ჯერ კარგი არაფერი მოუტანია. ჯერ იყო და "ბლოკ ჯორჯია" და მთელი ოპოზიციის სასაუბრო თემა "100 ახალი საავადმყოფოს" ჩავარდნილი პროგრამა იყო. მართალია, მაშინ ხელისუფლება ამას არ აღიარებდა, თუმცაღა 3 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. "ბლოკ ჯორჯიას" უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა, მათ შორის არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თვითონ იმ საავადმყოფოების ხელმძღვანელებიც, რომლებიც "ბლოკ ჯორჯიას" სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად გადასცა.
"ბლოკ ჯორჯია" "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამაში 2007 წელს შევიდა და საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლისთვის უნდა დაესრულებინა. ხელისუფლებამ არაერთხელ გადაუვადა მათ დრო, საბანკო გარანტიების წარსადგენად, რომელიც "ბლოკ ჯორჯიას" ჩეხეთის "ექსპორტ-იმპორტ" ბანკისგან უნდა მიეღო. ბოლო პერიოდამდე კომპანია აცხადებდა, რომ ისინი მოიპოვებენ საბანკო გარანტიას და რჩებიან "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამაში. თუმცაღა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი აღნიშნულ პროგრამას გამოეთიშნენ და საავადმყოფოებიც ჩამოერთვათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "ბლოკ ჯორჯიას" ლოტში 24 საავადმყოფო შედიოდა, საიდანაც მხოლოდ 2 აშენდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეს ორი საავადმყოფო მას დარჩება, დანარჩენი საავადმყოფოები კი უკვე გაიტანა ხელისუფლებამ აუქციონზე. ჯანდაცვაში შექმნილი აურზაური ამით არ დასრულებულა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამჯერად "ბლოკ ჯორჯიას" საავადმყოფოებს სადაზღვეოები გაინაწილებენ. აუქციონი ჯანდაცვის სამინისტრომ პირველ ეტაპზე ჩაშლილად გამოაცხადა, რადგან ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, მათ შორის გარიგება მოხდა. არაერთხელ იყო ოპოზიციის მხრიდან საუბარი სადაზღვეოების მხრიდან გარიგებებზე, ასევე იმაზე, რომ მათი შემოსვლით ჯანდაცვის სფეროში ახალი მონოპოლიები გაჩნდება. თუმცაღა სანამ სერიოზული პრობლემების წინაშე არ დადგება ჩვენი ხელისუფლება, ისე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. როგორც ჩანს, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი პრობლემები `ბლოკ ჯორჯიას~ გაშვებით არ მთავრდება, პირიქით, ახლა უფრო სერიოზულად იწყება. სადაზღვეოების ამ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, ყველა სადაზღვეოებზე ალაპარაკდა და ჩრდილში დარჩა "ბლოკ ჯორჯიას" საკითხი. კომპანიას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სანქციები დაუწესდება, შეუსრულებელი მოვალეობების გამო, თუმცა 2 საავადმყოფო მის მფლობელობაში დარჩება. მაშინ როდესაც მე-4 საავადმყოფოსა და მე-5 სამშობიაროს პრობლემა აქვთ "ბლოკ ჯორჯიას" ხელმძღვანელობასთან. ისე, ეს 2 საავადმყოფო, რომელიც `ბლოკ ჯორჯიას~ კუთვნილებაში რჩება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თვითონ სახელმწიფომ ააშენაა. რაც შეეხება სანქციებს, როგორც თავის დროზე სამინისტროში განაცხადეს, ფულადი სანქციები თვის ბოლოსთვის განისაზღვრება. დაითვლება კომპანიის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახარჯული ინვესტიციის ოდენობაც, რომელიც საჯარიმო თანხას გამოაკლდება. თუმცაღა საკითხავია - მხოლოდ "ბლოკ ჯორჯიაა" დამნაშავე? რატომ არ აგებს პასუხს ხელისუფლება ამ ჩავარდნილ პროექტზე. როდესაც მთელი ოპოზიცია, ჩავარდნილი "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამაზე საუბრობდა, ხელისუფლება თავგამოდებით იცავდა "ბლოკ ჯორჯიას" და ლამის ათეულობით აშენებულ საავადმყოფოებზე საუბრობდა. 3 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ აშენებული საავადმყოფოების რაოდენობა ათეულები კი არა, ერთეულებია. არ იცოდა ხელისუფლებამ როგორ მიდიოდა "100 ახალი საავადმყოფოს პროგრამა?" თუ არ იცოდა, ესეც დანაშაულია, თუ იცოდა და ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული. რადგან 3 წლის განმავლობაში საზოგადოება ელოდა საავადმყოფოების გარემონტებას, ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას, საბოლოოდ კი რა მივიღეთ - "ბლოკ ჯორჯიამ" ვერ შესძლო საავადმყოფოების აშენება და როგორც ჩანს, ამაზე პასუხსაც კი არ აგებს. ხელისუფლებაშიც დამნაშავე არავინაა, არასწორად რომ დაგეგმა ეს პროექტი, პრინციპში, რა არის გასაკვირი. ჯანდაცვის მინისტრი არ ამბობდა, რა მოხდა ამ პროექტმა თუ არ გაამართლა, ახალს შევიმუშავებთო. ალბათ, ასე გააგრძელებენ ექსპერიმენტებს, იქნება და სადაზღვეოებთან მაინც გაამართლოს პროექტმა, თუ არა და არც ესაა პრობლემა. ველოდოთ ასე, როდის აშენდება საქართველოში საავადმყოფოები და როდის გვეღირსება ნორმალური სამედიცინო მომსახურება. ნანა კალანდაძე |