DataLife Engine > საზოგადოება > საქართველო რუსეთს რეაბილიტირებულ "ენგურჰესს" ჩააბარებს

საქართველო რუსეთს რეაბილიტირებულ "ენგურჰესს" ჩააბარებს


22 აპრილი 2010. : merabi

რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ენგურის ჰესების კასაკდის მართვის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შემდეგ, რაც "ინტერ რაო"-მ თბილისისთვის მისაღები წინადადებები წარმოადგინა, ქართული მხარე დათანხმდა ხელი მოეწერა მემორანდუმისთვის.
უამრავი მითქმა-მოთქმის შემდეგ "ენგურჰესის" ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერ კიდევ არ ცხრება. ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკებები ჩაიშალა და "ინტერ რაო" "ენგურჰესის" თაობაზე საქართველოსთან დადებული მემორანდუმიდან გადის. ის, რომ საქართველო რუსეთს "ენგურჰესის" საკითხში იქით ეძალება, ეს ტყუილია. ევრობანკი არ აძლევს საქართველოს სესხს, სავარაუდოდ, 35 მილიონ ევროს, "ენგურჰესის" კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, თუ იქ რუსები იქნებიან. რეაბილიტაციის შემდეგ კი, სავარაუდოა, რომ "მემორანდუმი", რომლის შინაარსიც ჩვენ არ ვიცით, აღდგება. აი, ეს არის ამ მანიპულირების მიზანი.
გაზეთი "ბ&ფ" ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილეს მარიამ ვალიშვილს ესაუბრა: "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკებები ჩაშლილი არ არის, ჩვენ უბრალოდ ველოდებით პოზიციას რუსული კომპანიის მხრიდან, ჩვენ ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და თუ ამ პოზიციას დათანხმებიან, შემდეგ მათ წინადადებას განვიხილავთ. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები ჩაშლილი არ არის და ამ შეთავაზებას წერტილი დასმული არ აქვს. აქ საუბარი მენეჯმენტის კონტრაქტზე იყო და არა პრივატიზებასა ან აქტივების გაყიდვაზე. ახლა რუსული კომპანიის პოზიციას ველოდებით".

მარიამ ვალიშვილმა EBRD-თან თანამშრომლობაზეც ისაუბრა: "EBRD-დან სესხის აღებას ველოდებით და ვთანამშრომლობთ. ენგურზე მეორე ფაზის სახით ერთი აგრეგატი კიდე დაგვრჩა გასარემონტებელი და ამისთვის გვჭირდება რესურსი. შესაბამისად, ჩვენ ოფიციალური მოთხოვნით მივმართეთ EBRD-ს და ახლა ისინი თავის საბჭოში ამის შესაძლებლობას იხილავენ. ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან ამ პროექტმა პირველი ამოცანა უკვე გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. ახლა, უბრალოდ, დეტალებზე ვმუშაობთ".
რუსული კომპანია "ინტერ რაო" თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია "თელასის" აქციათა 75%-ს, ასევე მე-9 და მე-10 ენერგობლოკებს ფლობს. რუსული კომპანიის მართვაშია ჰიდროელექტროსადგურები - ხრამი I და ხრამი II.
მარიამ ვალიშვილი ზოგადად "ინტერ რაოსთან" თანამშრომლობას დადებითად აფასებს, - "საქართველოში "ინტერ რაო ეესის" ინტერესი რამდენიმე ბიზნესში არის გამოხატული. ძირითადად კი ენერგეტიკულ ბიზნესში. ისინი ჩვეულებრივ თავიანთ ვალდებულებას ჯერ-ჯერობით ასრულებენ და მათთან საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, რადგან მათთვის განპირობებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ".
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის თქმით: `არც მოსკოვი აპირებს საკუთარი ინტერესების დათმობას და რაც მთავარია, ამას არც არავინ ითხოვს თბილისიდან". თუმცა, აშშ მუდმივად გვიმეორებს, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია და სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. თანაც ლაპარაკია აშშ–ს ჯარის შემოსვლაზეც. "საკუთარი ჯარისთვის როგორმე ისე შეძლებს აშშ ერთი ჰესის ამუშავებას, რომ ჩვენი მთავრობის მოულოდნელობებზე არ იყოს დამოკიდებული, თანაც აშშ–სთვის ენერგოუსაფრთხოების გაგება ბევრად უფრო ვიწროა, ვიდრე მასზე მოთხოვნილებაა.
არა მგონია, "ინტერ რაო" საქართველოდან გასვლას ფიქრობდეს და მითუმეტეს, ეს პირდაპირ კავშირში იყოს ამერიკის სარეზერვო ჯარების შესაძლო განთავსებაზე, რომელზეც საუბარია, რომ 2015 წლისთვის იგეგმება. რუსები საკუთარი ნებით არ გავლენ "ენგურჰესიდან", მათთვის ეს პირიქით პრივილეგიაა და გასვლის სურვილი არ ექნებათ", - აცხადებს "ბ&ფ"-სთან საუბარში სოსო ცისკარიშვილი.

ადა ექიზაშვილი