DataLife Engine > საზოგადოება > ჰოსპიტალური რეფორმის ძველი და ახალი ვარიაციები
ჰოსპიტალური რეფორმის ძველი და ახალი ვარიაციები26 მარტი 2010. : merabi |
|
ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებს კალატოზობისკენ მოუწოდებს
ჰოსპიტალური რეფორმა, რომელიც "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის სახელით შევა ქართული ჯანდაცვის სისტემის მატიანეში, დასრულდა. ერთნი ამბობენ, რომ ეს პროექტი წარუმატებელი იყო, უფრო ოპტიმისტებს კი მიაჩნიათ, რომ "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტი წარმატებით დასრულდა. მერე რა, რომ ასის ნაცვლად მხოლოდ სამი თანამედროვე საავადმყოფო მივიღეთ და ამათგან არც ერთი არ გაკეთებულა პროექტის ფარგლებში, ორი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ერთი კი კერძო კომპანიამ ააშენა. პროექტი "100 ახალი საავადმყოფო" ჯანდაცვის ყოფილის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის დროს დაიწყო. ქვეყნის იმდროინდელ #1 ექიმს, ლიდერობასთან ერთად, მეწარმის ნიჭიც აღმოაჩნდა, სწორედ მის სახელთან ასოცირდება ხსენებული პროექტის მთავარი შემსრულებელი "ბლოგ ჯორგია". მისთვის სამწუხაროდ და ქვეყნისთვის კატასტროფულად დასრულდა ჭიპაშვილის მონდომება სამივე მიმართულებით. ლეგენდა ჭიპაშვილის ექიმობაზე მისმა საახალწლო "მილოცვამ" დაანგრია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3-ის "ქათმის გრიპით" დახოცვა იწინასწარმეტყველა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ლიდერმა, რამდენიმე ჩავარდნილი პროექტის ფონზე, კარიერა აშკარა კრახით დაასრულა. მეწარმე ჭიპაშვილმა, რომელსაც "ბლოგ ჯორჯიას" ერთ-ერთ მფლობელად მოიაზრებენ, ჩეხური "ექსპორტ ბანკიდან" სესხი ვერ აიღო და "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტი ჩაუვარდა. ჭიპაშვილი ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის უკვე წარსულია, უახლოეს მომავალში მეპატრონის ბედს გაიზიარებს "ბლოგ ჯორჯია". ეს ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებისა, რომ "ბლოკ-ჯორჯიამ" 126 მლნ. ევროს საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ გარანტია ჩეხეთის სამთავრობო სადაზღვევო კომპანია "ეგაპისგან" მიიღო, რომელიც დასამტკიცებლად "ჩეხეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკს" გადაეცა. ამის შესახებ "ბლოკ-ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯანაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ ბანკი "ეგაპის" საგარანტიო პირობების განხილვას ერთ კვირაში დაასრულებს. მისი მტკიცებით, "ჩეხეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკთან" სასესხო ხელშეკრულება, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაფორმდება. ჯანაშვილის თქმით, ჩეხეთიდან პირველი ტრანშის ჩამორიცხვამდე, კომპანია მოკლევადიანი სესხის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებებს "თიბისი ბანკთან" აწარმოებს. გარიგების დადების შემდეგ, კომპანია საავადმყოფოების მშენებლობის ვადებს გამოაცხადებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, "ბლოგ ჯორჯიას" ოპტიმიზმი უკვე აღარც ჯანდაცვის სამინისტროს სჯერა, სამთავრობო უწყებაში უკვე ალაპარაკდნენ ჰოსპიტალური რეფორმის რეფორმირებაზე. რაც მთავარია "ბლოგ ჯორჯიას" არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებზე უკვე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი საერთო ნაციონალურმა ტელევიზიებმა. ვინაიდან, ყველასთვის კარგად არის გასაგები, ვინ გველაპარაკება ამ ტელევიზიებიდან, უკვე ცხადი ხდება, რომ ჭიპაშვილის "ჩეხურ" კომპანიას ქართულ საავადმყოფოებში დიდ ხანს აღარ გააჩერებენ. ჰოსპიტალური რეფორმიდან ამ კომპანიის გაძევება, ქართული ჯანდაცვის სისტემის გულშემატკივრებს მაინც არ მისცემს დამშვიდების საშუალებას. საქმე ისაა, რომ "ბლოგ ჯორჯიამ" მაინც დატოვა თავისი კვალი იმ ობიექტებში, რომელიც თავის დროზე ტენდერით გადაეცა. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტში, ნათლად იყო აღწერილი ინვესტორი კომპანიის მიერ ინვენტარიზაციის მეთოდები, რაც, ძირითადად, საავადმყოფოების სპეციალური ნივთებისგან დაცლას გულისხმობს. ერთი სიტყვით, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის პირველი ეტაპი ლოგიკურად დამთავრდა, ლოგიკურად იმიტომ, რომ აქ სახელმწიფოს მიდგომა იყო თავიდანვე არასერიოზული. ტერმინი "რეფორმა" თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მწყობრ და გააზრებულ მიდგომას. ის, რაც ჯანდაცვის სისტემაში მოხდა, იყო უბრალოდ სისტემაში ინვესტიციების მოზიდვა და მეტი არაფერი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ტენდერით შერჩეულმა ინვესტორმა გაამართლა. ერთი უბედურება დამთავრდა - სახელმწიფომ ჰოსპიტალურ სექტორში ახალი ინიციატივის შესახებ გააჟღერა. რეგიონებში საავადმყოფოებს ის სადაზღვევო კომპანიები ააშენებნ, რომლებიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ. გასაგებია, რომ სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სისტემასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, თუმცა, მათი სპეციალიზაცია მაინც სხვაა, დაზღვევა საფინანსო სექტორის ნაწილია და არა ჯანდაცვის. სადაზღვევო კომპანიებს ფინანსისტები მართავენ, რომლებსაც არც სამედიცინო სისტემაში აქვთ გამოცდილება და არც მშენებლებად გამოდგებიან. სახელმწიფოს ამ ინიციატივის წინააღმდეგ, ბუნებრივია, არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ გამოვა, მათ არ სურთ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან გამოთიშვა. ჯანდაცვის სამინისტრო მთლიანად დაზღვევის სისტემის პროგრამების დაახლოებით 50-60%-იანი შემსყიდველია. შექმნილი სიტუაცია ძალიან გავს 2006-2008 წლებში საბანკო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ბანკები ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტში იყვნენ წარმოდგენილები. შედეგად მთელი ქვეყნის ეკონომიკა საბანკო სექტორზე აეწყო, საკრედიტო ბუმის ფონზე, როდესაც გაუაზრებელი დაკრედიტების ფონზე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ორნიშნა ციფრებით იზრდებოდა, ბანკებზე მიბმული ბიზნესებიც ნორმალურად ვითარდებოდნენ. თუმცა, ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, საბანკო სისტემაში შექმნილმა პრობლემებმა უმალ გამოააშკარავა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საპნის ბუშტივით იყო გაბერილი და რეალური განვითარება არ ხდებოდა. ზუსტად ასე ხდება დღეს. სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე, სადაზღვევო სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს. თუ მათ ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სისტემის რეფორმაში ჩართვას აიძულებს, მოხდება ისე, რომ მათ ამ ფინანსური რესურსების სხვა სისტემაში გადასროლა მოუწევთ. გარდა ფინანსურისა, ამას სადაზღვევო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური ადამიანური რესურსი სჭირდება. ფინანსური რესურსისა და კვალიფიციური კადრების გახლეჩვა, ერთის მხრივ, თავად სადაზღვევო სისტემას შეუქმნის პრობლემებს, მეორეს მხრივ კი ჰოსპიტალური რეფორმის ამ მიმართულების წარმატებით შესრულებას ექმნება საფრთხე. ჰოსპიტალურ რეფორმაში სადაზღვევო კომპანიების ჩათრევა დაზღვევის სისტემას სხვა მიმართულებითაც უქმნის საფრთხეს. არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ისეთმა კომპანიებმა შეძლონ, რომლებსაც ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. ბუნებრივია, ასეთი უპირატესობა შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ რეგიონებში საავადმყოფოების აშენება, შესაბამისად, სახელმწიფო თანხების ათვისებას მხოლოდ ერთმა კომპანიამ იკისროს. ამ შემთხვევაში, სხვა სადაზღვევო კომპანიები გამოეთიშებიან დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, რაც მათ გამოუსწორებელ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. შეიძლება ეს ერთი კუთხით მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის პრობლემად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს სისტემაში წარმოდგენილი კომპანიების უდიდეს უმრავლესობასთან, პრობლემა საზოგადო ხდება. ლევან მარტაძე |