DataLife Engine > საზოგადოება > რეგიონების მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება 2013 წლამდე არ დასრულდება
რეგიონების მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება 2013 წლამდე არ დასრულდება26 მარტი 2010. : merabi |
|
"ჩემმა მრიცხველმა 5 ლარი უჩვენა და ამხელა თანხა რატომ გადავიხადო?" _ წუხს "ენერგოპრო ჯორჯიას" აბონენტი.
"თითოეულმა ჩვენგანმა 10 ლარი უნდა გადავიხადოთ, ეს საერთო მრიცხველის ჩვენებაა, თუ არა, დენი გაგვეთიშება", _ უხსნის მეზობელს სიტუაციაში უკეთ გარკვეული მოქალაქე. ასეთი დიალოგი საქართველოს ბევრ სოფელში (ზოგიერთ ქალაქშიც) ხშირად ისმის. ჩხუბი და აყალ-მაყალი ყოველი თვის ბოლოს იქ უკვე არავის უკვირს, რადგან ყველამ იცის _ ელექტროენერგიის საფასურს აგროვებენ და ეს პროტესტი ამ პროცესის თანმხლები მოვლენაა. უკმაყოფილების მიზეზი ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არსებული წესია. კერძოდ, ეს ხალხი არ არის ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული და სხვების მიერ მოხმარებული (ან მოპარული) კილოვატების საფასურის გადახდა უწევთ. არსებული მდგომარეობით კონკრეტული სოფლის კონკრეტულ უბანს აქვს ერთი საერთო მრიცხველი, რომლის ჩვენებაც ამ უბანში მცხოვრები ოჯახების რაოდენობაზე იყოფა და ასე ხდება თითოეული მათგანი "თანასწორი". პრობლემაც სწორედ აქ წარმოიქმნება - შეუძლებელია ყველა ოჯახმა თანაბარი კილოვატი ელექტროენერგია მოიხმაროს. ამ სისტემის შედეგად მცირე ოდენობის ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტი იძულებულია იმ ადამიანებს დაეხმაროს, ვინც მეტი კილოვატი გახარჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი უბანი რჩება შუქის გარეშე. ამას ემატება კიდევ ის, რომ ასეთ სოფლებში მცხოვრებლების უმეტესობას სახლში ძველი მრიცხველები (ზოგს შემოწმებული და დასკვნის მიხედვით ვარგისი) აქვს დამონტაჟებული და მის ჩვენებას ბევრად აღემატება საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით გამოანგარიშებული თანხის რაოდენობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონების უმეტესობას ელექტროენერგიას კომპანია "ენერგოპრო ჯორჯია" აწვდის, რომელმაც ტენდერი 2007 წელს მოიგო და კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტზე მეტს მოიცავს. "ენერგოპრო ჯორჯიას" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საერთო მრიცხველის შემთხვევაში, არ ცნობენ იმ ძველ მრიცხველებს, რომლებიც ჯერ კიდევ 50-იან წლებშია დამონტაჟებული: "თქვენ, ალბათ, გულისხმობთ ძველ მრიცხველებს, რომელიც კომუნისტების დროინდელია და 50-იან წლებშია დაყენებული. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ და ეს მრიცხველი მოვხსნათ, თუმცა არ ვცნობთ მას. ეს მრიცხველი არის 50-იან წლებში დაყენებული და როგორ ფიქრობთ, კიდევ კარგად მუშაობს?" _ აცხადებენ პრესსამსახურში. ამ საკითხთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დავუკავშირდით და ვთხოვეთ განემარტათ, რამდენად სამართლიანია ასეთი კოლექტიური მიდგომა და აბონენტებზე გადასახადის ასეთი სახით დარიცხვა. "თავდაპირველად სანახავია ის ხელშეკრულება (ხელშეკრულებები), რომელიც დადებული აქვს "ენერგოპრო ჯორჯიას" თავის აბონენტებთან, აგრეთვე, გასარკვევია, აქვს თუ არა მას აღებული რაიმე კონკრეტული ვალდებულება სახელმწიფოს ან მოსახლეობის წინაშე, სადაც აღნიშნული იქნება კონკრეტული თარიღი, რომლის დადგომამდეც უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება. რაც შეეხება თანხის დარიცხვას, რომელსაც "ენერგოპრო ჯორჯია" ახორციელებს, აღნიშნული საკითხი რეგულირდება სემეკის გადაწყვეტილებით, და განსაზღვრულია კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა განისაზღვროს ენერგიის მიწოდების ტარიფები. ამ სიტუაციის შეფასება უნდა მოხდეს იქიდან გამომდინარე, რამდენად კანონიერია ამ კომპანიის მოქმედება, რადგან ესა თუ ის ქმედება შეიძლება იყოს კანონიერი, მაგრამ არა სამართლიანი", _ აცხადებს ბექა დოჭვირი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი". იყო თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული კონკრეტული თარიღი, რომლის ფარგლებშიც "ენერგოპრო ჯორჯიამ" უნდა მოახდინოს ყველა აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ამ საკითხზე კომპანიის პრესსამსახურში არ საუბრობენ. "ამ დროისთვის ჩვენ გვყავს სულ მთლიანობაში 800 000 აბონენტზე მეტი. აქედან ამ დროისთვის ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია 310 000 აბონენტი, თუმცა ახლაც მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი. 2010 წლის 1 ივლისამდე გამრიცხველიანდება 60 664 აბონენტი, ამის შემდეგ გაგრძელდება ეს პროცესი. მთლიანობაში როდის დასრულდება ეს პროცესი, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ახლა მიმდინარეობს გეგმის გაწერა და ალბათ, მალე მთელი საქართველო გამრიცხველიანდება. 2010 წლის 1 ივლისამდე დასრულდება საქართველოში არსებული ქალაქის და ქალაქის ტიპის დასახლებების მთლიანად გამრიცხველიანება, დარჩენილი იქნება სოფლები, რომლებზე მუშაობასაც გავაგრძელებთ. 1 ივლისამდე გამრიცხველიანდება გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ვარკეთილის დასახლება, ქვემო ფონიჭალა, ბათუმის დარჩენილი ნაწილიც, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ორპირი, კასპი, ბაკურიანი, ასპინძა, ადიგენი, ჩოხატაური, ხობი, მთიანეთი და ნინოწმინდა. ასევე სოფლები _ წაღვერი, ძეგვი, ნიკორწმინდა, ფასანაური, სურამი, ვარციხე, ინგირი, ჩაქვი და ქვემო სიმონეთი", _ აცხადებენ "ენერგოპრო ჯორჯიას" პრესსამსახურში. "ენერგოპრო ჯორჯია" საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და 800 000 აბონენტიდან ამ დრომდე მხოლოდ 50 პროცენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოახერხა. საკითხავია, ისევ 3 წელიწადს მოანდომებს მეორე ნახევრის გამრიცხველიანებას კომპანია თუ უფრო ოპერატიულად დაასრულებს დარჩენილ პროცესს. თუ კომპანიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვენდობით, პროცესი 2013 წლამდე უნდა დასრულდეს. თუ ზემოთჩამოთვლილ სიაში თქვენი სოფელი ვერ მოხვდა, ლოდინი მოგიწევთ. იქამდე კი იმ მომხმარებელს, რომლის მრიცხველის ჩვენება 5 ლარია და 10 ლარის გადახდას აიძულებენ, გაორმაგებული თანხის გადახდა მოუწევს და უნებურად, "ნაძალადევი სიკეთის" კეთება. ჩხუბი და აყალ-მაყალი კი 2013 წლამდე დაატკბობს მოსახლეობის სმენას. დაკო შონია |