DataLife Engine > საზოგადოება > ამნისტია მოწყალება არ არის
ამნისტია მოწყალება არ არის22 მარტი 2010. : merabi |
|
თუ განხორციელდება, იგი მთელ მედიაბიზნესს უნდა შეეხოს ფინანსური ამნისტია უკიდურესი და არასასურველი აქტია, რომელსაც ქვეყნების მთავრობები განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავენ. იგი, როგორც წესი, მთელ ბიზნესს უნდა მოიცავდეს და არა ერთ რომელიმე სფეროს. თუ ასეთ ნაბიჯზე ხელისუფლება მაინც მიდის, დაუშვებელია სეგმენტიდან რომელიღაც ნაწილის და ცალკეული სუბიექტების გამოყოფა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას წინადადება წამოაყენა, რომ რეგიონულ ტელევიზიებს ფინანსური დავალიანებები ჩამოეწეროთ. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პარლამენტში მისი გამოსვლის ტექსტი შესაბამის ვებ-გვერდზე განათავსა, "რეგიონული ტელევიზიების" გვერდით გაჩნდა "ნაციონალური ტელევიზიებიც". სადღეისოდ, ეს მონაკვეთი ასე ჟღერს: "რეგიონულ და ნაციონალურ ტელევიზიებს..." მაშასადამე, რეგიონული ტელევიზიების გარდა, ფინანსური ამნისტია შეეხება "იმედს", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" და ალბათ, კიდევ რამდენიმე მთავრობის მიერ კონტროლირებად არხს, რომელიც საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს და ოფიციალური პროპაგანდის მძლავრი საშუალებაა ხელისუფლებისთვის. ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მედიაბიზნესის სხვა სუბიექტებს. ტელეკომპანიებს - "კავკასიასა" და "მაესტროს", ინტერნეტ-ტელევიზიებს, საინფორმაციო სააგენტოებს, რადიომაუწყებლებს და, რაც მთავარია, ჟურნალ-გაზეთებს. ბაზრის სივიწროვის, ინფორმაციის მომხმარებელთა ხელმოკლეობისა და სარეკლამო ბაზრის სიმწირის გამო, რეგიონალ ტელევიზიებთან ერთად, სწორედ თავისუფალი სიტყვის ეს ბოლო და იშვიათი კუნძულები - ჟურნალ გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიომაუწყებლების ნაწილის სახით წარმოადგენს იმ საბუთს, რომლითაც საქართველო შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ მოიხსენიება "ნახევრად თავისუფალ საზოგადოებად" და არა "არათავისუფალ ქვეყნად", როგორც რუსეთი. სწორედ გაზეთებს და განსაკუთრებით არატაბლოიდურ, არაყვითელ გამოცემებს უჭირთ ჩვენში. ისინი რაღაც მანქანებით დღემდე სულდგმულობენ. მათი პოზიცია ხშირად კრიტიკულია მთავრობის მიმართ. ჩანს ამიტომ ხელისუფლებას ისინი არ უყვარს და მისთვის, ბუნებრივია, არც შეღავათები და ფინანსური ამნისტია ემეტება. შედეგი დღესაც სავალალოა და მომავალში კიდევ უფრო მძიმე იქნება. ხელისუფლება დარჩება სატელიტური, კონტროლირებადი ელექტრონული მედიის და ტაბლოიდური გამოცემების ამარა. ეს კი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არამარტო პრესტიჟს შეულახავს ქვეყანას, არამედ სოციალური დაძაბულობის პიკის მდგომარეობასაც რეალურს გახდის. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ბატონ პრეზიდენტს დადგეს ვიწროპარტიულ, ვიწროკლანურ ინტერესებზე მაღლა და თუ სურს იყოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მეოხი, მთელ მედიაბიზნესს გამოუცხადოს ფინანსური ამნისტია. სამწუხაროდ, საქართველოში, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, მედია ვერ იქცა ბიზნესად. განსაკუთრებით, ელექტრონული მედია, რომელიც ფაქტობრივად სრულად კონტროლდება პრეზიდენტის და მისი დაჯგუფების მიერ. რაც არ უნდა გვარწმუნოს გიორგი არველაძემ, რომ ის არ ერევა ტელეკომპანია "იმედის" სარედაქციო პოლიტიკაში, ყველასთვის მაინც ცნობილია, რომ საინფორმაციო და საინფორმაციო - ანალიტიკური პროგრამების შინაარსს და ხშირად კონკრეტიკასაც კი ვერტიკალი: პრეზიდენტი - არველაძე - პროგრამების მენეჯერი განსაზღვრავს, ისე როგორც სხვა კონტროლირებად ტელეარხებზე. იქ ხომ მარსიდან ან ანდრომედას ნისლეულიდან ჩამოფრენილები არ მუშაობენ, იქ ხომ ჩვენი თანამოქალაქეები და თანაქალაქელები მუშაობენ. ამიტომ, კარგად ვიცით, როგორ კეთდება და ვისი დიქტატით ესა თუ ის პროგრამა. როცა წამყვანი ტელეარხების საინფორმაციო პროგრამების და თოქ-შოუების რეიტინგი უკიდურესად დაეცა, გასართობი პროგრამებიც კი ("შუა ქალაქში", "კომედი შოუ", "ვანოს შოუ" და სხვა) სახელისუფლო პროპაგანდის იარაღად იქცნენ. ამას არ სჯობს, დემოკრატიის მშენებელმა პრეზიდენტმა და მთავრობამ მედიის თავისუფლება დაამკვიდროს და მედიის ბიზნესად გადაქცევას შეუწყოს ხელი?! როდემდე უნდა აწერდეს ხარკს “შინაურ ბიზნესმენებს" წამყვანი ტელეარხების სარჩენად და სამართავად, წამყვანი ჟურნალისტების მოსასყიდად?! ამას ხომ შედეგი არ მოაქვს?! ნუთუ ამასაც ვერ ხვდებიან?! მერწმუნეთ, ნაციონალებო! თავისუფალი მედია თქვენი უფრო დიდი შემწე იქნება ვიდრე ტელეკომპანია "იმედის" მიერ ახლახანს უნიჭოდ დადგმული თრილერი, რომელმაც გააცამტვერა ის მცირეოდენი პოზიტივი, რაც ბოლო დროს დაფიქსირდა თქვენს მიმართ. ამიტომ მოვითხოვ: თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ნუ იქნება იგი ფარისევლური. ფინანსური ამნისტია უნდა შეეხოს მთელ მედიას: რეგიონულ ტელევიზიებსაც, "ნაციონალურ" ტელევიზიებსაც, დეციმეტრულ და საკაბელო ტელევიზიებსაც, ინტერნეტ-ტელევიზიებსაც, რადიომაუწყებლებსაც, საინფორმაციო სააგენტოებსაც და, რაღა თქმა უნდა, ჟურნალ-გაზეთებსაც. აი, ეს იქნება საქმე! ვაჟა ბერიძე |