DataLife Engine > საზოგადოება > უნაყოფო საქმე სალაპარაკოდ
უნაყოფო საქმე სალაპარაკოდ27 თებერვალი 2010. : merabi |
|
5 იანვარს თბილისის მერმა ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყებოდა, რომლის ფარგლებშიც, მერია კორპუსის ამხანაგობებს ლიფტების შეკეთებაში დაეხმარებოდა. ისინი გადაიხდიდნენ საფასურის 70%-ს, ხოლო დარჩენილ 30%-ს მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ დაფარავდა. ამ ინიციატივას ხალხი სიხარულით შეხვდა, რადგან თუ აქამდე მათ ამ 30%-ს ერთიანად მოგროვება უჭირდათ, ამიერიდან ნაწილ-ნაწილ მოაგროვებდნენ და ეს გაცილებით იოლი იქნებოდა.
მერის ამ განცხადების მერე საკმაო დრო გავიდა. განაცხადიც უამრავი შევიდა მერიაში, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ჯერჯერობით, არავის გამოხმაურებიან. ამიტომ გავრცელდა ხმები, რომ პროგრამა შეწყდა. ამის გასარკვევად ჩვენ მერიის პრეს-სამსახურის უფროსს, თამუნა დვალს მივმართეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ პროექტი არ შეჩერებულა და წარმატებით მიმდინარეობს. მან პროგრამის დეტალებშიც გაგვარკვია: "მოსახლეობას განაცხადები ამ პროგრამის დაწყებამდეც შემოჰქონდა და არც მისი დაწყების მერე შეუწყვიტავს. დიდი ხანია თბილისის კორპუსს მსგავსი პროექტები აქვს სახურავების, ლიფტების და სადარბაზოს გაყვანილობის შესახებ. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს თავიანთი დაზიანებული ლიფტების შეკეთება. თანხის უდიდეს ნაწილს, 70%-ს, მერია დაფარავს, დარჩენილ ნაწილს კი ისინი თანდათან გადაიხდიან". ლიფტის შესაკეთებლად საჭირო თანხის რაოდენობას ის კომპანია ადგენს, რომელსაც კორპუსის ამხანაგობა შეარჩევს, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს საფასური არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია მის შეკეთებას არ დააფინანსებს. ამის გამო ბევრი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რადგან ვერ იგებდნენ, რა უნდა ექნათ მათ, რომელთა ლიფტიც თითქმის ბოლომდე იყო გაძარცვული და შეკეთება 7000 ლარზე მეტი ჯდებოდა. ქალბატონ თამუნას ამისის ახსნაც ვთხოვეთ. "7000 ლარი არის სპეციალისტების მიერ გამოანგარიშებული ციფრი. მათი აზრით ლიფტის შეკეთება მეტს არ უნდა მოითხოვდეს. ვშიშობდით, რომ მოსახლეობა გაურიგდებოდა კომპანიებს და წარმოადგენდნენ ხელოვნურად გაბერილ ხარჯთაღრიცხვას, ამიტომაც უფრო მაღალი ღირებულების ლიფტების შეკეთების დაფინანსებაზე უარი ვთქვით, თუმცა, ახლა სპეციალისტები შეისწავლიან თითოეული შემოტანილი განცხადების ხარჯთაღრიცხვას და თუ საფასური რეალურად აღემატება 7000 ლარს და ის არ იქნება გაბერილი ციფრი, მას მერია ჩვეულებრივ დააფინანსებს", - ამბობს მერის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი. თითქოს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარე, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩივის, რომ მან მერიაში განაცხადი უგულავას ამ გამოსვლის მეორე დღესვე შეიტანა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია, - "6 იანვარს შევიტანე პირველი განცხადება, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. მეორე განცხადება 18 იანვარს შევიტანე, რეაგირება არც ამას მოჰყოლია. შემდეგ ორჯერ მივედი მერიაში და ორჯერვე მითხრეს, რომ კომისია მოვიდოდა და შეამოწმებდა ლიფტს, უკვე 2 თვე გავიდა მას მერე და არავინ მოსულა. თბილისის კორპუსში ხშირად ვრეკავ. იქ კი მხოლოდ მაიმედებენ, რომ მოვლენ და შეაკეთებენ ლიფტს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს. მეორე დღესვე შევიტანე განცხადება და ნუთუ, უკვე იმდენს ქონდა შეტანილი, რომ ჯერ ჩვენი ჯერი არ მოვიდა?!" ქალბატონი ფიქრობს, რომ ეს პროგრამაც უგულავას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი. მართალია მერიაში ამტკიცებნ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ფიცი გვწამს, ბოლო კი გვაკვირევბს - ამ წარმატებული პროექტის შედეგები ჯერ არ ჩანს. თაკო მათეშვილი |