DataLife Engine > საზოგადოება > დაბალი საგადასახადო განაკვეთის უკან- ხაფანგია დაგებული
დაბალი საგადასახადო განაკვეთის უკან- ხაფანგია დაგებული27 თებერვალი 2010. : merabi |
|
გავლენიანი ბიზნესგამოცემა "ფორბსის" საგადასახადო ტვირთის ინდექსის მიხედვით, საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მეოთხე ადგილზეა. საქართველოზე წინ არიან ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ჰონგ-კონგი.
"ბიზნესის წარმოება 2010"-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ წინა მაჩვენებელი გააუმჯობესა და მე-15 ადგილიდან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" მიხედვით კი საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენს" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 მაჩვენებლის შეჯერებით გამოყავს. საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა საქმიანობის დაწყების სიმარტივის, თავისუფალი ვაჭრობის, ფისკალური თავისუფლებისა და ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. მიუხედავად ასეთი ინდექსებისა, საქართველოში ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. სამომხმარებლო საქონელზე ფასები ისეთი სისწრაფით გაიზარდა, რომ კაცი თვალს ვერ მიადევნებს, როგორც პოლიტიკოსები ამბობენ _ ეს ჩვენი თავისუფლების ფასია. თავისუფლება (თუკი ამას თავისუფლება ჰქვია), მართლაც რომ ძვირი გვიღირს, მაგრამ საქართველოში მისთვის რატომღაც მხოლოდ ღარიბები და დაბალშემოსავლიანი პირები იხდიან, იშვიათად ბიზნესმენები და ნაკლებად სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები. "ფასების ზრდაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს და ეს ფაქტორები არ არის მხოლოდ გადასახადები და ანტიმონოპოლიური სამსახური. ცხოვრების გაძვირებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მონეტარული პოლიტიკით, არასწორი ფისკალური პოლიტიკით, მიზეზი შეიძლება იყოს მსოფლიოში ფასების ზრდა სხვადასხვა რესურსებზე, რომელიც შემდგომ საქართველოში გამოიყენება. ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობაც შესაძლოა იყოს ფასების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, ვინაიდან ამ დროს შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს საბაზრო სტრუქტურები, რომლებსაც ფასების ზრდა შეეძლებათ და მათი მონოპოლისტური მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს ზუსტად იმისათვის, რათა ფასები გაზარდონ კონკურენტულ ფასებთან შედარებით უფრო მაღალ დონეზე. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ის, რომ გადასახადები ჩვენთან დაბალია", _ აცხადებს ექსპერტი ნოდარ ხადური. "ახალი ეკონომიკური სკოლის~ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით კი ფასების ზრდა შეიძლება იმას გამოეწვია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ფულის ემისიის შედეგად ხალხში ბევრი ფული გაჩნდა, შესაბამისად, მოსახლეობა გაძვირებულ საქონელსაც შეიძენს, - `ისეთი სიტუაციაა ხალხს მეტი ფული უჩნდება და მეტის გადამხდელი გამოდის. თუ ეს ასეა, გამოდის რომ ვიღაცა ზედმეტ ფულს ბეჭდავს". ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: პირველი ის, რომ ფასები მთელ მსოფლიოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველო კი მსოფლიოს ნაწილია, თანაც ჩვენი ბაზრის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტს უჭირავს. ისე, რაღა ფასების ზრდის ნაწილში ვართ მსოფლიოს ნაწილი და ცხოვრების დონის ამაღლების ნაწილში განსაკუთრებული ზონა, ეს ჯერ ამოუხსნელი პარადოქსია. მაგრამ აქვე მეორე მხარეცაა - რატომ არ მცირდება ფასები ისეთ პროდუქტებზე, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით ფასები დღითიდღე იკლებს. "მაგალითად განვიხილოთ კომუნიკაციების ბაზარი. ამ ბაზარზე არის რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია და შესაბამისად, მათთვის ცნობილია ერთმანეთის სტრატეგიები, ამიტომ ისინი აზრს ვერ ხედავენ პროდუქციის გაიაფებაში, რადგან ბაზარზე მათი პროდუქცია მაღალ ფასადაც კარგად იყიდება. იქ რომ კონკურენცია იყოს ჩამოყალიბებული და იყოს არა ორი ან სამი მოთამაშე, არამედ მეტი, ამ შემთხვევაში ისინი მომხმარებლის მიზიდვისთვის ფასისმიერ ცვლილებებს განახორციელებენ. ამ პირობებში კი ამის აუცილებლობა არ არსებობს", _ განმარტავს ხადური. მეორე ფაქტორად ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურება მიიჩნევა ეს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ბენზინგასამართ სადგურზე მისულმა მძღოლებმა იგრძნეს. ლარი დოლარის მიმართ ერთ პუნქტზე მეტად არ იყო გაუფასურებული, რომ ლიტრი საწვავი ერთბაშად 10-15 თეთრით გააძვირეს. ნავთობკომპანიებმა სცადეს დაერწმუნებინათ მომხმარებლები, რომ ამ "მტკივნეულ" გადაწყვეტილებაში დამნაშავე ისინი კი არ იყვნენ, არამედ დოლარი. მათი აღიარების მომხმარებელს უკვე აღარ სჯერა. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბევრჯერ შემცირდა, მაგრამ საწვავის საცალო ბაზარს ეს არ დასტყობია, ამ დროს ნავთობკომპანიები ტაბლოებზე ფასებს ყინავენ. "დოლარი ხან გამყარდება, ხან ეცემა, ეს ბუნებრივი პროცესია, ამაში ცუდი არაფერია, შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვებს საქართველო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, დოლარი ჩვენი ვალუტა არ არის. ის მერე კვლავ დაეცემა. ფასებს რაც შეეხება, მეკითხებიან როდემდე გაგრძელდება გაძვირებაო, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვანგა არ ვარ, მკითხაობა რომ დავიწყო, ვიღაცას შეუძლია დაწიოს ფასი, ვიღაცას შეუძლია არ დაწიოს და მეტი მოგება მიიღოს, ეს უკვე ბიზნესზეა დამოკიდებული. ძალიან განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობთ, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო. მსოფლიო შეიცვალა და ძნელი ხდება პროგნოზების კეთება. დღეს მსოფლიო ეკონომიკაში გაცილებით მეტი პოლიტიკოსია ჩარეული, ვიდრე ბიზნესმენი. ეს არ არის სტაბილური წელი, გარდამავალი წელია, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს სტაბილიზაციამდე 2011-ში", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ბიზნესმენები და ექსპერტთა ნაწილი ფასების ზრდაში მაინც მთავრობას ადანაშაულებს და იმედოვნებენ, რომ ფასები აღარ გაიზრდება, ამასთან დაკავშირებით პასუხს მთავრობისგან ელიან, მაგრამ აბა, მთავრობამ რა იცის, ვანგა ხომ არ არის. თუმცა ნოდარ ხადურს იმედი აქვს, რომ მთავრობა შეცდომების გამოსწორებას ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენით იწყებს, - "აღიარა ხელისუფლებამ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მათ უნდა გამოასწორონ. ამდენად, როგორც ჩანს, მთავრობას რაღაც პერიოდში შეცდომა მოუვიდა, როდესაც გააუქმა ეს სამსახური". "ფორბსის" რეიტინგს არ ეთანხმება "ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე. ბიზნესმენი აცხადებს, რომ დაბალი საგადასახადო განაკვეთის უკან კანონმდებლობაში ბევრი ხაფანგია დაგებული, რაც ბიზნესმენებს პრობლემას უქმნის. თოფაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა მთლიანად დასახვეწია, რადგან ქართველ მეწარმეებს ქვეყანაში ბიზნესის კეთების საშუალება აღარ აქვთ და პროდუქციის წარმოებას საზღვარგარეთ არჩევენ. "ხშირად მსმენია ექსპერტებისგან, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივე ვერაფერი მიღწევაა მაშინ, როდესაც ჭირს ბიზნესის შენარჩუნება, პრობლემებია საკუთრების ხელშეუხებლობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არცთუ ისე ადვილია, ამას აქვს უამრავი მიზეზი, ობიექტურიც და სუბიექტურიც, მათ შორის ისიც, რომ ჩვენი პოლიტიკური სიტუაცია ძალიან რთულია. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ჩვენ საქართველო, ვართ რომელიც სულ რაღაც 20 წელია, რაც საბაზრო ეკონომიკაში ვართ და უამრავი დანაშაულებრივი მოქმედებებიც არის, რომლის გამოსწორებაც, არა მგონია, ასეთი მარტივი იყოს", - განმარტავს გია ჯანდიერი. აი, ასე! მოგვიწევს გადავიხადოთ მეტი, რათა ვიარსებოთ, თანაც გამვლელსაც ვაჭამოთ, გამომვლელსაც და შინაც მივიტანოთ. კი, მაგრამ როგორო? - იკითხავს ბევრი თქვენგანი. როგორ და ისე. რა გიკვირთ, ჩვენ ხომ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ნინო თამაზაშვილი |