DataLife Engine > საზოგადოება > საქართველოში დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე ძვირია

საქართველოში დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე ძვირია


25 თებერვალი 2010. : merabi
ეკონომიკის სამინისტრო სავალუტო ფონდის მონაცემებს არ აღიარებს

ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის, განცხადებით, დსთ-ს ქვეყნებს შორის საქართველოში ცხოვრება ყველაზე იაფია. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა და ამასთან, ამ პროცესში მთავრობა ვერ ჩაერევა, რადგან ფასებს ბაზარი არეგულირებს და ხელისუფლების მხრიდან რაიმე ჩარევა არ შეიძლება.
განსხვავებული პოზიცია აქვთ პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღიარებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ცხოვრება გაძვირდა. ანალოგიური პოზიცია აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელსაც.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებს არც ექსპერტთა ნაწილი ეთანხმება. ექსპერტი სოსო არჩვაძე არ ეთანხმება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დსთ-ს სივრცეში ცხოვრება ყველაზე იაფი საქართველოშია. მას სავალუტო ფონდის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სხვადასხვა პროდუქციაზე გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე საქართველოში. არჩვაძის განცხადებით, საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე იაფია ფასები მსოფლიო დონესთან შედარებით. ფაქტიურად, ჩვენ ვართ საშუალოდ აქტიური მსოფლიო დონის ფასებთან მიმართებაში. ჩვენზე წინ არის ესტონეთი - 65%, პოლონეთი - 62%, ყაზახეთი - 60%, რუსეთი - 59%, სამაგიეროდ, ფასების დონე უფრო დაბალია აზერბაიჯანში - 50% ბელორუსიაში - 41%, მონღოლეთში _ 45%, უკრაინაში - 39% და ა.შ. არჩვაძის განცხადებით, მხოლოდ ფასების დონე არ გამოხატავს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, აქ მთავარია ის, თუ როგორია ხელფასები და როგორია მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ქვეყნებში. ამ მაჩვენებლების განხილვისას კი მივიღებთ, რომ საშუალო ხელფასების დონით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დსთ-ს სხვა ქვეყნებს. მაგალითად რუსეთის ფედერაციასთან შედარებით ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 60%-ია.
რაც შეეხება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, ამ მაჩვენებლების განხილვისას აშკარა ხდება, რომ საქართველოში ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე ძვირია დსთ-ს მასშტაბით. კერძოდ, თუკი 2008 წლის მონაცემებით საქართველოში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2923 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ ჩვენ ამ მაჩვენებლით დსთ-ს მასშტაბით მხოლოდ 5 ქვეყანას ვუსწრებდით, ესენია: მოლდოვა - 1692$, სომხეთი - 2658$, უზბეკეთი - 1026$, ყირგიზეთი - 950$ და ტაჯიკეთი - 795$. რაც შეეხება დსთ-ს იმ ქვეყნებს, რომლებშიც ფასები მსოფლიო დონესთან შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, ყველა ამ ქვეყანაში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში. ესტონეთში ეს მაჩვენებელი 17 532$-ს, ყაზახეთში - 8719$-ს, ხოლო რუსეთში - 8874$-ს შეადგენს. იმ ქვეყნებში კი, რომლებშიც სავალუტო ფონდის მონაცემებით ფასების დონე უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ბელორუსი - 6234$, აზერბაიჯანი - 5349$ და უკრაინა - 3910$.
ასე რომ, საქართველო დსთ-ს მასშტაბით ცხოვრების სიძვირით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებს, თუ ყველაზე მაღალს არა.
ექსპერტი ლევან კალანდაძე ქვეყანაში ბოლო პერიოდში ფასების ზრდის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებს. მისი განცხადებით, პირველი მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე გლობალური ეკონომიკური ცვლილებების გავლენაა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დოლარი მყარდება, რამაც, ბუნებრივია, გავლენა იქონია საქართველოში სხვადასხვა პროდუქციის ფასების დონეზე. ამასთან ერთად, ექსპერტი ფასების ზრდის სხვა მიზეზებსაც ასახელებს. ესენია ქვეყნის შიდა სხვა ეკონომიკური ფაქტორები. კერძოდ, ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სექტორებში ამა თუ იმ ფორმით მონოპოლიების გაჩენას უწყობს ხელს, რაც მონოპოლიურად მაღალი ფასების შესახებ კარტელური გარიგებების პროვოცირებას ახდენს.

გოგა აბრამიშვილი