DataLife Engine > საზოგადოება > იზღუდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნდამენტური უფლებები
იზღუდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნდამენტური უფლებები19 თებერვალი 2010. : merabi |
|
2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბიუჯეტო კოდექსი, რომელმაც ადრე ცალკე არსებული რამდენიმე კანონი გააუქმა და ისინი, მათი შესაბამისი რეგულაციებით, ერთ დოკუმენტში იქნა თავმოყრილი. მათ შორის ცვლილებები შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებთან დაკავშირებით. ახალი კოდექსის რამოდენიმე მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები საფინანსო საკითხებში შეზღუდულია ფინანსთა მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, რაც "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება. თუ ძველ მოდელში მოსახლეობას შეეძლო თვითონ განეკარგა საკუთარი ფინანსები, ახალ სისტემაში აბსოლუტურად ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს და ადგილობრივი მოსახლეობას, ფაქტობრივად, არაფერს ეკითხება. ამის ნათელი მაგალითია კანონის მე-15 მუხლი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წესი უნდა უნდა დამტკიცდეს საქართვლოს ფინანსთა მინისტრის მიერ. მე-19 მუხლის თანახმად კი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულებისა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვის შემოწმებას საქართველოს კონტროლის პალატა ახორციელებს. ეს მაშინ, როდესაც კონტროლის პალატის მიერ მხოლოდ მიზნობრივი ტრანსფერის კონტროლი უნდა დაიშვას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება გამოუყოფს ადგილობრივ თვითმმართველობებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით "ბ&ფ" ესაუბრა ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნარმანიას. მან ახალი კოდექსის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა: ~აქ არის ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების მაღალი დამოკიდებულება ცანტრალური ხელისუფლებისადმი და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროსადმი. რაც ორ მთავარ რამეში ვლინდება: პირველი, ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები შეზღუდულები არიან კაპიტალის ბაზარზე მონაწილე ობიექტის თავლსაზრისით, ანუ მათ ფინანსთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ აიღონ სესხი და მეორე, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის კონტროლი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ არამხოლოდ ცენტრიდან გადარიცხული ფინანსების ფარგლებში, არამედ მთლიანად, თავიდან ბოლომდე. ეს წინააღმდეგობაში მოდის ~ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიასთან”. მდგომარეობას ართულებს ასევე, ის თუ რა ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარ და არასაკუთარ ქონებად. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი სახსრების ხარჯვაში არიან დამოუკიდებელნი, ხოლო არასაკუთარ სახსრებს ისინი დამოუკიდებლად ვერ ხარჯავენ. თუ ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს დავუწესებთ მხოლოდ და მხოლოდ ზოგად რეგულაციებს, ასეთ შემთხვევაში ისინი ყოველთვის დამოკიდებელნი იქნებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მაგალითად, ახალი საბიუჯეტო კოდექსით გაკეთდა ასეთი ჩანაწერი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი ხარჯები არის ადგილობრივი გადასახადები, მოსაკრებლები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. ხოლო არასაკუთარი შემოსავლების ნაწილში ჩაიწერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების არასაკუთარი შემოსავლებია _ მიზნობრივი ტრანსფერი, სპეციალური ტრანსფერი და კანონმდებობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. ანუ, როცა ორივე ნაწილში წერია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები, ეს გაართულებს სხვადასხვა ტიპის შემოსავლების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, თუ რომელია ადგილობრივი თვითმართველობის საკუთარი შემოსავალი და რომელია არასაკუთარი. შესაბამისად, ისინი ყოველთვის დამოკიდებულნი იქნებიან ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან და იძულებულნი იქნებიან შეეკითხონ ფინანსთა სამინისტროს ესა თუ ის ფული დახარჯონ, თუ არა ამა თუ იმ მიმართულებით. რაც ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო დამოუკიდებლობის პრინციპს ზღუდავს. ევროპული ქარტიის საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებს მრავალფეროვანი საკუთარი შემოსავლები უნდა ჰქონდეთ და ამ საკუთარი შემოსავლების ხარჯვაში მათ დამოუკიდებლობა უნდა გააჩნდეთ.” _ დავით ნარმანია.
იმის არგუმენტად, თუ რატომ არიან ადგილობრივი თვითმმართველობები ასე დამოკიდებულნი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი თანხებს არამიზნობრივად დახარჯავენ და მაგალითად მოჰყავთ ის, თუ როგორ შეიძინეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ძვირადღირებული მანქანები. ამიტომ ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვა და ისინი მთლიანად კონტროლზე აიყვანა. ყველა შემოსავალი, მოსაკრებელი და სხვა სახის გადასახადები მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. ადგილზე რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, რომელიც 0,01 პროცენტს შეადგენს. ანუ მათ რჩებათ მიზერული თანხა, რომ ესა თუ ის პრობლემა, ისევ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით, თვითონ მოაგვარონ. ამისათვის მათ უნდა მიმართონ თავიანთ წარმომადგენლობას, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდება ფინანსთა სამინისტროს და სწორედ ფინანსთა სამინისტროს ნებაზე არის შემდეგში დამოკიდებული მათი დაფინანსება. ამის გამო, მოსახლეობაში ჩნდება განცდა, რომ ფული ბიუჯეტიდან, რომელიც მათი გადასახადებით ივსება, მათ მთავრობამ, ან პრეზიდენტმა აჩუქა. ~_ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალ კოდექსში არის ის, რომ ხდება სამოქალაქო აზროვნების სწორად განვითარების აღმოფხვრა. განცდა იმის, რომ მე ფულს ხელისუფლება მაძლევს, სერიოზულად ინერგება ხალხში. ხდება ადგილზე ფულის შეგროვება და მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტიდან ბრუნდება უკან. წინა მოდელში სხვაგვარად იყო _ შევკრებდი ფულს და აქვე დავხარჯავდი. ამის გამო იყო ისეთი განცდა, რომ ჩემი ფული დავხარჯე, ხოლო ახალმიღებული მოდელით კი, პირიქით, _ ვხარჯავ მთავრობის მიერ მოცემულ ფულს. მაგალითად, დასავლეთში ასეთ თვითმმართველ ერთეულებს ბანკებთან აქვს ურთიერთობა, იღებენ კრედიტებს, ანუ ერთგვარი მეურნეობები არსებობს. ჩვენთან კი ასეთი რამე საერთოდ დაკარგულია.” _ აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. გამოყოფილი თანხებისადმი მოსახლების ასეთი მიდგომა , რა თქმა უნდა, ხელსაყრელია ყველა ხელისუფლებისათვის, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების ფონზე. ამ შემთხვევაში მათ ხელში არის ძლიერი ბერკეტი _ არჩევნების წინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფენ დიდ თანხებს და ხალხი ისე აღიქვამს, რომ ეს არის მთავრობის საჩუქარი. შესაბამისად, ეს პიარი მოქმედებს და შემდეგში ელექტორატის განწყობაზეც ახდენს გავლენას. ამ თემის გაგრძელებაა ხელისუფლების გადაწყვეტილება თბილისის 25 უბნად დაყოფის შესახებ. თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ბევრი ექსპერტის აზრით, საარჩევნო ფანდია. "მოგეხსენებათ, რომ პერიოდულად ტარდება სოციოლოგიური კვლევები, განსაკუთრებით ხელისუფლებას აქვს ამის მატერიალური რესურსი, თუ სად, რომელ უბანში რა მხარდაჭერა აქვს მთავრობას. როდესაც ჩაატარეს ეს გამოკვლევა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას თბილისში არ აქვს კარგი მონაცემები და ამ მიზეზით ისე დაჩეხეს ერთეულები, რომ ხმების უმრავლესობის აღების რეალური გარანტია მიიღონ თითქმის ყველა უბანში. თავისთავად დაწვრილება არ არის ცუდი, მაგრამ ცუდი არის ის რომ ეს არის მხოლოდ დაწვრილება და არა მისი შინაარსობრივი ფუნქციის შეცვლა. შეიცვალა მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა და მართვის მექანიზმები დარჩა იგივე” _აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის კვლევისა და ანალიზისი ცენტრში. ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ, 2005 წელს, როდესაც რამოდენიმე ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა წარმოადგინა ასეთი დაყოფის მოდელი, ის არ იქნა მიღებული და დღეს კი დაყოფის ეს მოდელი პრიორიტეტულად ჩაითვალა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დეცენტრალიზაცია აუცილებელია და ის თბილისის მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად კეთდება. |