DataLife Engine > საზოგადოება > გმირთა მოედანს მშენებლობის პარალელურად აპროექტებენ

გმირთა მოედანს მშენებლობის პარალელურად აპროექტებენ


19 თებერვალი 2010. : merabi
რომელი გმირების სახელები ამოიკვეთება 30 მეტრიან მემორიალზე არავინ იცის
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა თბილისის მერთან ერთად განაცხადა, რომ მალე თბილისში, გმირთა მოედანზე, აიგება მემორიალი, რომელიც სიმაღლით 30 მეტრზე მაღალი იქნება და მასზე ომში დაღუპული გმირების სახელები განთავსდება. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გიგი უგულავა პრეზიდენტს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისა და ახალი გზის მშენებლობის დეტალებზე ესაუბრა. პრეზიდენტმა მემორიალის ილუსტრირებული მაკეტიც წარმოადგინა, სადაც მისი ფორმა და დიზაინი ჩანდა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს სამუშაო ვერეს ხეობაში მიმდინარე დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში უნდა შესრულებულიყო და, შესაბამისად, მას იგივე კომპანია შეასრულებდა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას აწარმოებს. სააკაშვილმა და უგულავამ დამაჯერებლად ისაუბრეს მემორიალის პროექტის დეტალებზეც კი. ბოლოს კი პრეზიდენტმა დაამატა, რომ ამგვარი მემორიალი არქიტექტურული თვალსაზრისით შეკრავს გმირთა მოედანს. პრეზიდენტის არქიტექტურული ხედვების სიმწიფეში ეჭვის არ გვეპარება, უბრალოდ პრეზიდენტის ერთ განცხადებას გავუსვამთ ხაზს, - იმ დროს როდესაც ქვეყნის პირველი პირი გმირთა მოედნის შეკვრაზე საუბრობდა, იქვე დაამატა, რომ 30 მეტრიანი მემორიალი იქვე მდგომ ცნობილ თერთმეტსართულიან შენობაზე მაღალი იქნებოდა. ეს შენობა "ხრუშჩოვკის" პროექტით რომც იყოს აშენებული, მისი სიმაღლე მინიმუმ 33 მეტრი იქნება, 30 მეტრი რომ 33-ზე მეტი არ არის, ეს ალბათ პრეზიდენტსაც კარგად მოეხსენება. აქ უფრო გაუაზრებელ განცხადებასთან გვაქვს საქმე და იმასთან, რომ გმირთა მოედანს მშენებლობის პარალელურად აპროექტებენ.
შეგახსენებთ, რომ ვარაზის ხევისა და თამარაშვილი გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია "კაუკაზუს როედ პროჯექტ"-ი აწარმოებს. თავის დროზე, "ბანკები და ფინანსები" ამ მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა კიდეც, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ მშენებლობა სხვადასხვა ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა. მთავარი პრობლემა კი ეკოლოგიური ნორმების უგულვებელყოფა იყო. სამწუხაროდ (თუ საუბედუროდ), თბილისის მერიამ მაშინ არაფერი (ან ვერაფერი) გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა და ეჭვები გაექარწყლებინა. პასუხგაუცემელი კითხვები კი დღემდე უამრავია, - ჩატარდა თუ არა სინამდვილეში ტენდერი და თუ ჩატარდა, რა პირობებით? როდის დაიწყო და დასრულდა მშენებარე გზის პროექტზე მუშაობა? არსებობს თუ არა პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება? ჩატარდა თუ არა ეკონომიკური ექსპერტიზა? რა ჯდება ესტაკადის მშენებლობა?
მართალია, პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, "საქგზამეცნიერების" დირექტორმა თამაზ შილაკაძემ ტელეჟურნალისტებს პროექტი აჩვენა, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილ პროექტს სხვა არქიტექტორები ილუსტრაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ პროექტი სრულიად სხვა სახის უნდა იყოს.
თანაც გაირკვა, რომ პროექტი გზის მშენებლობის პროცესში იქმნება, რაც კომპეტენტური პირების განმარტებით დაუშვებელია. ისინი ვერ იგებენ, რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე და რატომ არ შეეძლო მერიას პროექტის დასრულებამდე მოცდა. პასუხი ნათელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაისში თბილისის მერის არჩევნებია.
ამჟამად კი "ბ&ფ"-მ პრეზიდენტისა და მერის ახალი გეგმის - მემორიალის ამბის გარკვევა სცადა. დავინტერესდით, თუ რამდენ მეტრიანი იქნება მემორიალი, რა დაჯდება მისი მშენებლობა და საერთოდაც, ვის პატივსაცემად აიგება იგი. მართალია, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მემორიალზე ომში დაღუპულთა გვარები განთავსდება, მაგრამ უცნობია, თუ რომელი ომის გმირებს მიაგებს იგი ხსოვნას. ამ ყველაფრის გასარკვევად თბილისის მერიის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ მემორიალის მშენებლობა მხოლოდ იდეის დონეზეა და დეტალები არაა ცნობილი, შესაბამისად, ვერც ამ კითხვებზე გაგვცემდნენ პასუხს.
როგორც ჩანს, ტელევიზიით წინასწარ პიარდება ისეთი პროექტები, რომელიც ჯერ იდეის დონეზეც კი არ არის. ანალოგიური შემთხვევა იყო, როცა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში საზეიმოდ განაცხადა, რომ მალე პენსია 100 დოლარი გახდებოდა. ეს განცხადება კი მისი გუნდის წევრებისთვისაც კი მოულოდნელობა იყო და მხოლოდ ამის შემდგომ დაფაცურდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, თუმცა, სულ მოკლე დროში მოუწიათ ეღიარებინათ, რომ საპენსიო ზღვარის 100 დოლარმადე გაზრდა შეუძლებელი იყო. იგივე განმეორდა 2009 წლის შემოდგომაზე, როცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალე დასაქმების ახალი პროგრამა დაიწყებოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ პროგრამა ახალი წლის შემდეგ განხორციელდებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. მართალია, ასეთი დაპირებები არ სრულდება ხოლმე, მაგრამ პიარისთვის მსგავსი სახის განცხადებები მეტად მომგებიანია.
ამ შემთხვევაშიც წინასაარჩევნო პიართან რომ გვაქვს საქმე, ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და პრეზიდენტს რომ მსგავსი რამეები არ ეშლება, ამაშიც უკვე მრავალგზის დავრწმუნდით.

თაკო მათეშვილი