DataLife Engine > საზოგადოება > ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვა თუ მოსახლეობის გენოციდი
ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვა თუ მოსახლეობის გენოციდი19 თებერვალი 2010. : merabi |
|
მთავრობა საავადმყოფოების კაპიკებში გაყიდვას განაგრძობს, ამჯერად მსხვერპლი ფსიქიატრიულია
"საავადმყოფოების პრივატიზაციის პროგრამა ერის გენოციდის ტოლფასია" ხელისუფლება ისევ განაგრძობს აგრესიულ საპრივატიზაციო პოლიტიკას და მიხეილ ასათიანის ქუჩის #10-ში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფო აუქციონზე გამოაქვს გასაყიდად. 2009 წლის ჩავარდნილი საპრივატიზაციო გეგმის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ 100 ასეთი ობიექტის გაყიდვას აპირებს. ასე ხდება ფსიქიატრიული კლინიკის შემთხვევაშიც. ასათიანის #10-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი, თავის 32 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთით, 2,4 მილიონი დოლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ თანხის 50% აუქციონიდან 30 დღეში, დანარჩენი 50% კი 2010 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს. მყიდველმა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, 18 თვის განმავლობაში, 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფარი და 100 საწოლიანი კლინიკა უნდა მოაწყოს. საბუთების მიღება 10 თებერვლიდან უკვე დაიწყო, აუქციონი კი 11 მარტს გაიმართება. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან აწარმოებენ. თვალშისაცემია გასაყიდი ობიექტების ძალიან დაბალი ღირებულება. ფსიქიატრიული კლინიკის საწყისი ფასი 2,4 მილიონია, რომელიც მოცემული სამედიცინო დაწესებულების ფართისა და მდებარეობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია. პრივატიზაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაბალი ღირებულება მეტ მყიდველს მოიზიდავს, აუქციონზე კი ფასი თავისთავად აიწევს. გათვალისწინებული უნდა იყოს აუქციონზე მძაფრი კონკურენციის არარსებობის შესაძლებლობაც. საავადმყოფოების კომერციალიზაციას, თავისთავად, მოჰყვება ფასების მკვეთრი ზრდა და მომსახურეობის გაძვირება. რაც, საქართველოში არსებულ სოციალურ ფონის გათვალისწინებით, სავალალო შედეგებს მოიტანს. ამიტომაც, დღევანდელ სიტუაციაში სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში გადასვლას არაერთი პოლიტიკოსი აპროტესტებს. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს, დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ: "ეს არის ისეთივე აბსოლიტურად გაუაზრებელი ქმედება, როგორიც ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ წამოიწყო, მაგრამ სინამდვილეში ეს აღმოჩნდა არა რეფორმა, არამედ მორიგი PR აქცია, საზოგადოების მოტყუება. გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას რეფორმირება სჭირდება, სახელმწიფო საავადმყოფოებს კი კერძო მფლობელობაში გადასვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის, რომ ძველი ამორტიზირებული საავადმყოფოების შეცვლა საჭიროა ახალი ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების მქონე საავადმყოფოებით, ეს ყველას გვესმის. მაგრამ, ხელისუფლებამ, უბრალოდ, მორიგი PR აქცია ჩაატარა როდესაც "100 საავადმყოფოს რეფორმა" დაიწყო. ჩვენ კი რამდენიმე ხნის შემდეგ სახეზე მივიღეთ სურათი, რომ რაიმეს შექმნის მაგივრად, მთლიანად ჰოსპიტალური სექტორი აღმოჩნდა განადგურებული, გაძარცვული. ილუზიაა შექმნილი თითქოს რამდენიმე ახალი საავადმყოფო აშენდა. ისინი არ აშენებულა. აქ ზუგდიდის საავადმყოფოსაც ვგულისხმობ, რომელიც მთლიანად ბიუჯეტის თანხებით იქნა აშენებული, გარემონტებული, დაკომპლექტებული და შემდეგ კაპიკებად გადაეცა ერთ-ერთ კომპანიას. სადაზღვევო სექტორის ჩართვა იყო ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი და იმის მაგივრად, რომ სადაზღვევო სექტორის მოთხოვნისამებრ დაზღვევის სახელმწიფო პოლისები ერთი წლის ნაცვლად სამწლიანი გაეცა, მან ამ უკანასკნელთ რაიონებში ევროპული სტანდარტების მქონე საავადმყოფოების აშენება დაავალა. რაც, ჩემი აზრით, აბსოლიტურად გაუმართლებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ არასწორია რომელიმე კერძო სექტორის, ამ შემთხვევაში სადაზღვევოს, ძალით ჩართვა ამგვარ პროექტებში, რადგან ეს გაუგებრობას გამოიწვევს. თითოეულ ასეთ კომპანიას ექნება თავისი ჰოსპიტალი და გაუგებარია, თუ რა ურთიერთობა იქნება ასეთ საავადმყოფოებს შორის. რა ბედი ეწევა სხვაგან დაზღვეულ პაციენტებს?!. აქ ადგილი ექნება გარიგებებსა და არათანაბარ გადანაწილებებს. მეორეც, როცა საერთაშორისო სტანდარტებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ამბობს, რომ მისი დაზღვეულისთვის ასეთი სტანდარტები იარსებებს, სხვისთვის კი არა. რა ბედი ეწევა დანარჩენ მოსახლეობას?! ანუ დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს. ამასთანავე, ძალიან რთულია ერთბაშად მოთხოვნა ევროპული დონის, რადგან ეს ვერ შესრულდება. ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ იქამდე, რასაც უმაღლესი სტანდარტები ჰქვია. იგივე მოხდა ბანკების შემთხვევაშიც. თავიდან საწესდებო კაპიტალი სულ 5 მილიონით განისაზღვრა, თუ არ ვცდები, მაგრამ ნელ-ნელა მოხდა მოთხოვნების გაზრდა და საწესდებო კაპიტალის აწევა ბანკებში და დღეს საბანკო სექტორი ერთადერთი სექტორია, რომელიც ასე თუ ისე, გამართულად მუშაობს ქვეყანაში. ანალოგიურადაა საჭირო ჯანდაცვის სფეროში ჰოსპიტალური სეგმენტის განვითარება. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ იყო არაპროფესიონალი ადამიანების მიერ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯები, მაგრამ შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს არის ამ სეგმენტში ხელისუფლების მიერ ჩატარებული აფიორა, რომელიც თავიდან ბოლომდე ემყარება PR-ს. თავიდან ყველაფერი 100 უნდა გაკეთებულიყო ახალი, იქნებოდა ეს ქუჩა, საავადმყოფო თუ კინოთეატრი. მაგრამ, სინამდვილეში ამ 100-დან ათიც არ აშენდა. ეს კომპანიები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ იმართებოდნენ, დაიკარგნენ. ახლა გადავიდნენ ახალ რეფორმაზე. ახალი რეფორმა ჯანდაცვას სჭირდება, მაგრამ არა გაუაზრებელი. როდესაც სადაზღვევო სისტემა იქნება ისეთი განვითარებული, როგორც ეს ევროპაშია, ალბათ, ის შეძლებს მოსახლეობისთვის დანახარჯების საგრძნობლად შემცირებას, მაგრამ, როდესაც ზემოთხსენებული სექტორი გაუმართავია, არ არის სწორი საავადმყოფოების კერძო მფლობელობაში ერთბაშად გადაცემა. არის უამრავი ადამიანი, რომლებიც ვერ ეზღვევიან და არც მკურნალობის სახსრები აქვთ. ამ ადამიანების ბედი სრულიად გაურკვეველია. მაგალითად, მოხუცებისთვის აღარ გაიცემა სადაზღვევო პოლისები. ფაქტობრივად, ეს ადამიანები დაუცველნი არიან და რჩებიან ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე. სახელმწიფო, ასევე, ატარებს რამდენიმე ტენდერს, რომლის მიხედვითაც აფინანსებს, მაგალითად, პროსტატის 100 ოპერაციას. ეს, ალბათ, მერიაში თავიანთი ახლობლებისთვის უნდათ, თორემ, არა მგონია, ქუჩიდან მისულ ნებისმიერ ადამიანს მსგავსი ოპერაცია გაუკეთონ". ხელისუფლებას არაერთი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ საავადმყოფოები კერძო სექტორს მიჰყიდოს. უპირველესად, პრივატიზაციიდან ბიუჯეტში თანხები შედის. სახელმწიფოს ამგვარი დაწესებულებების გაყიდვით მოეხსნება მათი დაფინანსების პრობლემა და შესაძლებელია, როგორც ზემოთ ითქვა, რაიმე გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. მაგრამ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ თავისი მოსახლეობის გენოციდის არატრადიციული გზა: "საავადმყოფოების პრივატიზაციის პროგრამა არის ერის გენოციდის ტოლფასი. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ დახვრეტით ხდება, არამედ მაშინაც, როდესაც მას მოუსპობ სასიცოცხლო გარემოს. და სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია ე.წ. "მეორე ტალღა" საავადმყოფოების გაყიდვისა. "პირველი ტალღა" ვნახეთ უკვე, როგორ "აგვიგეს" 100 საავადმყოფო. ხელისუფლებას ბიუჯეტის დეფიციტის გადასალახად დარჩა ერთადერთი წყარო - უკანასკნელი სამედიცინო ობიექტები, რომელთა გასხვისებასაც აპირებენ. დღეს ბოლო დღე იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს შეძენის მსურველთა განაცხადების მიღების. ამავე დროს მათ მოიგონეს ერთგვარი ხრიკი, შემოიღეს ლიცენზირების ფორმატი. თურმე, გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ სამედიცინო დაწესებულებები. არადა, ჯანდაცვის სფერო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხებით ფინანსდება, მაგრამ ეს თანხები, როგორც ჩანს, ჯანდაცვას არ ხმარდება და მიდის ხელისუფალთა პირად ანგარიშებზე. სადაზღვევო სისტემაში ხდება საბიუჯეტო თანხების მოპარვა. საერთოდ, დღეისათვის ჯანდაცვის სექტორში საშინელი სიტუაციაა. დაზღვევასაც, ფარმაციასაც და სამედიცინო დაწესებულებებს ერთი კომპანია არ უნდა ფლობდეს, თორემ ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ხელოვნურ მონოპოლიას. ამის შედეგია ძალიან მაღალი ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურეობაზე. ამასთან აღსანიშნავია, საპრივატიზაციო ობიექტების ფასებიც. გასაყიდი ობიექტების ფართები საკმაოდ დიდია ხოლმე, მაგრამ რატომღაც ისინი, მინიმუმ, 10-ჯერ იაფად იყიდებიან თავიანთ რეალურ თვითღირებულებასთან შედარებით. აქ შავ გარიგებას აქვს ადგილი. ხშირ შემთხვევაში, მყიდველი კომპანიები, მარტივად რომ ვთქვათ "ქეშად" იხდიან დიდ ფულს, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა ციფრები ფიქსირდება. ეს გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებების მასობრივად დახურვას. ძირითადად დაიხურება ის საავადმყოფოები, რომლებიც ხელმისაწვდომია ღარიბი მოსახლეობისთვის. დარჩება ე.წ. ელიტარული სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მკურნალობას მხოლოდ მდიდარი ადამიანები შეძლებენ. ამ ყველაფერს მოჰყვება ქართველი ერის გენოციდი". შექმნილი სიტუაცია უპირველესად მოსახლეობას მოუტანს ზიანს და ქვეყანაში ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. საავადმყოფოებში ევროპული სტანდარტის მომსახურეობა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებში შედის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამართული სადაზღვევო სისტემის არსებობის შემთხვევაში. სამედიცინო ობიექტების გაყიდვა უკვე შეუქცევადი პროცესია, აქედან გამომდინარე, დღეისათვის, ერთადერთი იმედი სადაზღვევო სისტემის გაუმჯობესება და ამ გზით მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობის შეთავაზებაა. ლელა გოგოლაძე |