DataLife Engine > საზოგადოება > საწვავის გაძვირებამ სურსათის ფასის მატება გამოიწვია

საწვავის გაძვირებამ სურსათის ფასის მატება გამოიწვია


29 იანვარი 2010. : merabi
უახლოეს მომავალში მგზავრობის ღირებულებაც გაიზრდება


გასულ კვირას საქართველოში საწვავის ფასი საცალო ქსელში, საშუალოდ, 10-15 თეთრით გაიზარდა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოში ფასები საკმაოდ მაღალია და მსოფლიო ფასებთან შესაბამისობაში არ მოდის, რის მიზეზადაც ნავთობიმპორტიორებს შორის კარტერული შეთანხმების არსებობა სახელდება.
ნავთობიმპორტიორები ამ ცვლილების გამომწვევ მიზეზად ხან ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდას, ხანაც დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ვარდნას ასახელებენ. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნავთობის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო დოლართან მიმართებაში ლარის 3 პროცენტიან გაუფასურებას არ შეიძლებოდა ნავთობის 9 პროცენტიანი გაძვირება გამოეწვია.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, თუ რამდენად იმოქმედებს საწვავის ფასის ზრდა ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების ფასებზე. გამოკითხული სავაჭრო ობიექტების უმეტესობაში სურსათზე ფასები უკვე გაიზარდა, ხოლო მეორე ნაწილში ფასების ზრდას უახლოეს მომავალში ელიან.
როგორც სუპერმარკეტების ქსელ "პოპულში" განაცხადეს, 27 იანვრიდან მათ სუპერმარკეტებში სურსათი გაძვირდა, "აქამდე ვცდილობდით ფასების დარეგულირებას, მაგრამ ბოლო კვირას გაზრდილი საწვავის ფასის გამო, იძულებული გავხდით გაგვეზარდა პროდუქტების ღირებულება. სურსათი, სამწუხაროდ, ვერ გაიაფდება მანამ, სანამ არ დაიწევს საწვავის ფასი",
იგივე მდგომარეობაა "იბისის" სუპერმარკეტებში. მათი წარმომადგენლის განცხადებით, საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახა სურსათის ფასებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერმარკეტ "გუდვილში" ჯერ-ჯერობით ფასები არ შეცვლილა, პროდუქციის გაძვირებას უახლოეს მომავალში იქაც ელიან.
შეიძლება ითქვას, რომ საწვავის ფასის ზრდამ ქვეყანაში სურსათის გაძვირება გამოიწვია.
პროდუქტებზე ფასების მატება შეიმჩნევა თბილისის ბაზრებშიც, სადაც საახალწლოდ გაზრდილი ფასების ნაწილი უცვლელადაა შენარჩუნებული, ხოლო მეორე ნაწილი კიდევ უფრო გაიზარდა.
საინტერესოა, რამდენად იმოქმედებს საწვავის გაძვირება ქვეყანაში მგზავრობის ფასებზე. როგორც აღმოჩნდა, თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების მიმართულებით მგზავრობის ფასს, ჯერ-ჯერობით, ცვლილება არ განუცდია, მაგრამ როგორც მძღოლები ამბობენ, თუკი ფასები კიდევ აიწევს, მათ მგზავრობის გაძვირება მოუწევთ. მარტო ბოლო კვირის მონაცემებით მძღოლებს ხარჯი 8-9%-ით გაეზარდათ. ერთ-ერთი ავტოსადგურის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას შემდეგი განაცხადა: "საწვავის ფასებმა უკვე საკმაოდ აიწია და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ჩვენც იძულებულები გავხდებით გავზარდოთ მგზვრობის ღირებულება".
რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ფასს დედაქალაქში, აღმოჩნდა, რომ ჯერ-ჯერობით ფასები აქაც არ გაზრდილა, რის გამოც მძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავენ. "ჩვენ ფასების გაზრდას არავინ გვეკითხება. თუ საწვავზე ფასები კიდევ აიწევს, მაშინ მგზავრობაც გაძვირდება", იმის გათვალისწინებით, რომ წინ თბილისის მერის არჩევნებია, სავარაუდოა, რომ თბილისში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსახლეობის აშკარა უკმაყოფილებას გამოიწვევს და შესაძლოა, ბატონმა უგულავამ ამით საარჩევნო ხმები დაკარგოს. საარჩევნო ხმები ხომ ძვირი ღირს და ამჟამინდელ მთავრობას, ფაქტია, პიარ-აქციებში საკმაოდ ბევრი ფულის "გადახდა" უწევს. ამიტომ, სამარშუტო ტაქსის მძღოლებს, საწვავის ფასების ზრდის მიუხედავად, ალბათ, ფასების ზრდის უფლებას არ მისცემენ და მათ თავის კიდევ უფრო ეკონომიურად გატანა მოუწევთ (არჩევნებამდე მაინც).
ცალკე საკითხია ტაქსები. ძირითადად, სამარშუტო ტაქსების მძღოლებისგან განსხვავებით, მათ წესებს და ფასს არავინ უდგენს. ერთადერთი რაც მათ მუშაობაში "უხეშად ერევა", ეს საწვავის ფასია.
მათთვის, ვისაც ტაქსით მგზავრობის ფუფუნება არა აქვს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე კარგი ვარიანტია. მაგრამ ავტობუსში ასვლისას ბილეთის აღება არ დაგვავიწყდეს - კონტროლიორები ხშირად გვამოწმებენ, თუმცა ამ ბოლო დროს თითქოს იშვიათად ვხვდები... არჩევნების სუნი ტრიალებს...

მარი ნანავა