DataLife Engine > საზოგადოება > პენსიონერები ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხით სარგებლობენ

პენსიონერები ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხით სარგებლობენ


24 იანვარი 2010. : merabi
პენსიონერები "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეს" წინაშე აღმოჩნდნენ. მათ კუთვნილი 85 ლარი პენსია, რომელიც საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება, საკვებისთვის, პირველადი მოხმარების ნივთებისთვის, მედიკამენტებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და ა.შ. არ ყოფნით. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ჩვენი ქვეყნის ასაკოვან მოსახლეობას ლადო გურგენიძემ შესთავაზა. 2009 წლის ბოლოს, გამარტივებული პირობებითა და ბევრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით, "სახალხო ბანკში" საპენსიო კრედიტების გაცემა აღდგა. "სახალხო ბანკმა" პენსიონერებს საპენსიო სესხი გაზრდილი ვადით შესთავაზა, სადაც სამი თვის ნაცვლად, უკვე ხუთი თვის პენსიის აღება წინასწარ გახდა შესაძლებელი. სატყუარამ თავისი საქმე გააკეთა და ამ პროდუქტით უკვე ბევრმა გაჭირვებულმა ისარგებლა. ამით კი მათ კიდევ ერთი გასაჭირი დაემატათ, ბანკმა პენსიონერებს 5 თვის კუთვნილი პენსიის წინასწარ აღებაში თითქმის ერთი თვის პენსია საპროცენტო განაკვეთის სახით ჩამოაჭრა. სესხით მოსარგებლე პენსიონერები კი ერთი თვით ბედის ანაბარა დარჩნენ.

საპარლამენტო უმცირესობა "სახალხო ბანკს" უსამართლობაში და ამორალურ საქციელში სდებს ბრალს. ისინი მოითხოვენ, რომ პენსიონერების მომსახურეობის შესაძლებლობა სხვა ბანკებსაც ჰქონდეთ. რადგან დღეისათვის ამის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ "სახალხო ბანკს" აქვს, პენსიონერებს კი არჩევანის გაკეთების საშუალება არ რჩებათ, რათა სხვა შეთავაზებებითაც ისარგებლონ.
"სახალხო ბანკში" აცხადებენ, რომ ბანკი კომერციული ორგანიზაციაა და მისი ძირითადი საქმიანობა საკრედიტო მიმართულებაა. ამასთან, მათი მტკიცებით, ბანკი სესხის აღებას არავის აძალებს და მომხმარებელი მისთვის სასურველი სესხის მოცულობასა და დაფარვის ვადას თავად განსაზღვრავს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის განცხადებით, ბანკმა საპენსიო სესხის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილება პენსიონერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი, პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან' საუბრისას აცხადებს: "თავდაპირველად პენსიონერთა მომსახურებაზე ტენდერი ჩატარდა, სადაც "სახალხო ბანკმა" გაიმარჯვა და პენსიების გაცემის ექსკლუზიური უფლება მიიღო. ამ შემთხვევაში პრობლემა არაფერია. ჩვენი შეფასებით უსამართლო და უკანონო ისა არის, რომ "სახალხო ბანკმა" საპენსიო სესხზე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესა. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი ხუთი თვის პენსიას წინასწარ იღებს, ერთი თვის პენსიას პროცენტის სახით ბანკში ტოვებს. საპენსიო სესხის პროცენტი იმდენად მაღალია, რომ არცერთი კომერციული ორგანიზაცია ასეთ პროცენტში კრედიტს არ იღებს. საპენსიო სესხი წლიური 36%-ია. მე განსაკუთრებით ერთი პენსიონერი დამამახსოვრდა, ის თვეში 90 ლარ პენსიას იღებდა, როცა 5 თვის პენსია წინასწარ აიღო, 450 ლარის ნაცვლად მას ხელზე 382 ლარი და 50 თეთრი მისცეს, ანუ 67ლ და 50 თეთრი ჩამოაჭრეს. ეს 5 თვეში ზუსტად 15%-ია, ანუ თვეში 3%, წელიწადში კი 36%. ნებისმიერ ბანკში, სადაც სოლიდურ თანხას სესხულობ, იპოთეკურ ან ავტოსესხს მაშინაც კი ასეთი მაღალი პროცენტი არ არის. მშიერ და გაჭირვებულ ხალხს კი, რომელსაც საარსებო მინიმუმი 90 ლარი პენსია აქვს, წინასწარ რომ 2 თვის პენსია აიღოს, 36%-ს აჭრი. მე ვფიქრობ, ეს ნათელი დემონსტრირებაა სოციალური უსამართლობისა. ჩვენ ვაპირებთ, რომ "სახალხო ბანკის" ტენდერში გამარჯვების ხელშეკრულება კონტროლის პალატას და პროკურატურას გადავუგზავნოთ, რომ კანონიერება გადაამოწმოს.

მეორეს მხრივ, ჩვენ განვიხილეთ მიზანშეწონილობა. შეიძლება კანონი არ ირღვევა, მაგრამ უსამართლობას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვიხილავთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია გავაგრძელოთ ურთიერთობა ისეთ ბანკთან, რომელიც ასეთ მაღალ პროცენტს აჭრის პენსიონერებს კუთვნილი პენსიის წინასწარ აღებაში, თუმცა ჩვენი ამოცანა არ არის რომელიმე ბანკის წინააღმდეგ გამოსვლა, ჩვენ ასევე დავაყენეთ საკითხის, რომ `სახალხო ბანკმა~ დაუბრუნოს პენსიონერებს უსამართლოდ ჩამოჭრილი თანხა, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი და დაუყოვნებლივ შეამციროს საპროცენტო განაკვეთი. მე მიმაჩნია, რომ ბანკი საერთოდ არ უნდა ართმევდეს პროცენტს პენსიონერებს, რადგან ბანკს პენსიონერების მომსახურებით სარგებელი ისედაც აქვს. თუ "სახალხო ბაკი" საპროცენტო განაკვეთს არ დაწევს, მაშინ უნდა გავაანალიზოთ, გავაგრძელოთ თუ არა მასთან ურთიერთობა და თუ არა, მაშინ თავიდან ჩავატაროთ ტენდერი. რადგან ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი გაუმართლებელია. ამას უმრავლესობის ზოგიერთი წევრებიც იზიარებენ. ფინანსთა სამინისტროსთან ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ "სახალხო ბანკი" პროცენტს არ დაწევს, ტენდერი თავიდან ჩავატაროთ. სოციალური ხარჯებისთვის ჩვენ ძალიან ცოტა ფული გვაქვს გამოყოფილი. ძალიან მძიმე სოციალური ფონი გვაქვს. თითქმის კატასტროფის წინაშე ვდგავართ და ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის უფლება, რომ ასეთი მძიმე სოციალური ფონის დროს ვიღაცამ კიდე ფული აკეთოს. კერძო მევახშეებსაც კი ასეთი მაღალი პროცენტი არ აქვთ".

"სახალხო ბანკი", თუ საპროცენტო განაკვეთს არ დაწევს და უკანონოდ ჩამოჭრილ ფულს პენსიონერებს არ დაუბრუნებს, მაშინ ჩვენ საშუალებას ვერ მივცემთ, რომ ასეთ მასობრივ ჩაგვრას ჰქონდეს ადგილი. უკვე 217 ათას პენსიონერს პენსია აქვს სესხად აღებული, რადგან გაუჭირდა. პენსიონერი 5 თვის პენსიას წინასწარ რომ აიღებს, ის შიმშილისთვისაა გაწირული".


ადა ექიზაშვილი