ნანახია: 750
ქალაქის არქიტექტურა ყოველთვის არის შესაბამისობაში იმ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიშიდაც იმყოფება ქვეყანა
ჩანართი "აივნებიან ქალაქში" რადიო "უცნობის” გადაცემა "აივნებიან ქალაქში” და გაზეთ "ბანკები და ფინანსების” ერთობლივი პროექტია. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან, ეკონომიკის ექსპერტ ნიკო კახეთელიძესთან ერთად, ყოველ ნომერში წარმოგიდგენთ თბილისისთვის აქტუალურ პრობლემებს და საუბრებს უაღრესად საინტერესო ადამიანებთან.
ნიკო კახეთელიძე: დღეს ვისაუბრებთ ყველასთვის ცნობილ და ძალიან სიმპათიურ ადამიანთან, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან. ჩვენი საუბარი და ჩემი კითხვები, ერთი შეხედვით, რიტორიკულ ხასიათს ატარებს, თუმცა, ამ კითხვებში შეიძლება დავინახოთ გარკვეული ქვეტექსტი, რომელიც ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია. ქვეტექსტს უფრო ხშირად აღიქვამს ადამიანი ვიდრე ძირითადად ჩამოყალიბებულ თემას. მე ვფიქრობ, ეს გარკვეული ფანდია, რითაც უფრო მიიღწევა საუბრის და ანალიზის, კამათის აზრი. ქალბატონო ნანა, მოგესალმებით. ნანა ჩაჩუა: გამარჯობათ ნ.კ. სადღაც ამოვიკითხე, თუ არ ვცდები ეს შპენგლერის ცნობილი ფრაზაა, - ყველა ერს აქვს კულტურული განვითარების ათასი წელი, მერე ნელ-ნელა ყველაფერი ქრება და გარდაიქმნება მითად, მერე კი ჩვენ ვიქექებით ამ მითებში და ვეძებთ საკუთარ თავს და ვართ მუდმივად `დაკარგული დროის ძიებაში". ასეა ქალბატონო ნანა? ნ.ჩ. დიახ, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიური დატვირთვა აქვს. როდესაც გარკვეული წლები გავა, თუნდაც 1000 წელი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარკვეული გამოცდილება გროვდება. დიახ, ეთნოსის ფსიქოლოგიაში არსებობს წარსულის გამოცდილება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოცდილება ყოველთვის პოზიტიურია. თქვენს გადაცემის სახელდება- "აივნებიანი ქალაქი" მახსენებს ერთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს. თუ ბავშვი ხატავს აივნიან სახლს ე. ი. აქვს სურვილი და შესაბამისად მისწრაფება იმისა, რომ ფლობდეს სიტუაციას, იღებდეს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და გარემომცველ სამყაროზე. თუმცა ყოველივე მაინც მომავლის პერსპექტივაა და არა აწმყოს რეალობა. ცხადია, აღნიშნული არ არის "აივნის" უნივერსალური ინტერპრეტაცია, თუმცა ის მაინც გარკვეულ საყურადღებო ფსიქოლოგიურ ნიუანსებზე მაინც მიუთითებს. არქიტექტურა, ზოგადად, ეპოქის ენაა. თუ არა ვცდები, ცირკის შენობა 1937 წელს უნდა იყოს აგებული. მოგეხსენებათ 1937 წლის პოლიტიკური სიტუაცია, თუ რამდენად მძიმე და სისასტიკით გამორჩეული იყო ეს წლები. და მაინც, არქიტექტურაში აისახა მარადიულიც და წარმავალიც. დიახ, არქიტექტურა ერთმანეთთან აზავებს რაციონალურს და ირაციონალურს, ფემინურსა და მასკულინურს ანუ ძალასა და მგრძნობელობას. ამიტომაც, ცირკის შენობის წრიული ანუ ფემინური ფორმა განთავსდა სიმაღლეზე ანუ მასკულინურის მოცემულობაში. ასევე საქართველოს გასაბჭოების წინა პერიოდს ემთხვევა ძველი კინოსტუდიის შენობის აგება, რომელიც შუა საუკუნეების ინგლისური ციხესასახლეების სტილშია გადაწყვეტილი. რაც მიუთითებს იმაზედ, რომ იმ დროინდელი ქართული ცნობიერების ირაციონალური ნაწილი იცავდა თავს ანუ არ ღებულობდა ტოტალიტარულობას. ქალაქის იერსახე, ქალაქის არქიტექტურა ყოველთვის არის შესაბამისობაში იმ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიშიდაც იმყოფება ქვეყანა. ამასთანავე არა მარტო ასახავს, არამედ გამოხატავს დამოკიდებულებასაც. ეთანხმება თუ არა, მოსწონს თუ არა და ა.შ. ნ.კ. ჩვენ, თითქოს, ვცდილობთ გავიხსენოთ ის რაც გვქონდა. რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიცია, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს. მე ძალიან არ მინდა, რომ ნეგატივი დავინახო, მაგრამ ეს თავისთავად ჩანს, სამწუხაროდ. აქ არის ტოლერანტობის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ თბილისზე, ქალაქზე, სადაც დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის 2/3 იქმნება. აქ აუცილებლად ჩნდება ტოლერანტობის თემა, შემწყნარებლობის თემა, სხვისი აზრის გაზიარების თემა. დღეს სხვისი პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ხელისუფალი ოპონენტის მხარეს დადგეს. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, გადაცემები მივუძღვენით სხვადასხვა თემებს, ვთქვათ რკინიგზის გადატანის თემას, ქალაქის არქიტექტურის თემას, ძველი თბილისის თემას, ახალი გზის თემას, რომელიც გადის "გმირთა მოედნიდან" "თამარაშვილის" ქუჩამდე. უამრავი სპეციალისტი გამოვიდა სხვადასხვა არგუმენტებით, ისინი ასაბუთებენ განსხვავებულ პოზიციას. ხელისუფლებამ არაფრად არ ჩააგდო ეს ადამიანები. ხომ შეიძლება საწინააღმდეგო აზრი თქვას ვინმემ და საუბარი იყოს მიზანშეწონილობის შესახებ? ნ.ჩ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ თუ მიზანშეწონილობა არ არსებობს, მაშინ ქმედება ქაოსურია, მაგრამ თუ რაღაც გარკვეული მიზანი არსებობს ეს მიზანი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ნ.კ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული პროექტები არც კი არსებობს. ნ.ჩ. არ ვიცი მე არ ვარ კომპეტენტური კონკრეტული პროექტების თვალსაზრისით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა არის მიზანი, - სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადო, საყოველთაო, პირადული თუ კიდევ სხვა რამე?! თავისთავად ცხადია, რომ ყველაფერი თავმოყრილია დიდ გრანდიოზულ სქემაში, როცა დგება გასაკეთებელი საქმეების გეგმა, ყოველივე უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული და შეთანხმებული, როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ამ ყველაფერს სჭირდება კომპეტენცია, ანუ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ კომპეტენტური ადამიანები, კომპეტენტური სამსახურები. თუ მეცოდინება, რომ ქოთანი მექოთნემ გააკეთა და პური მეპურემ გამოაცხო, მაშინ უფრო მშვიდად ვიქნებოდით მეც, თქვენც და საერთოდ ყველანი. გაუმჭვირვალეობის თემა მგრძნობიარეა და მტკივნეულიც. გაუმჭვირვალეობას ყოველთვის ეწირება ნდობა ანუ სულიერი ან…… ნ.კ. ან მატერიალური ნ.ჩ. დიახ, მატერიალურიც იწირება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საზოგადოებაში არსებობს დაეჭვება, რომ არაკომპეტენტურთ აქვთ საქმე მინდობილი. მაშინ ხელისუფალი უნდა ეცადოს, რომ ეს დაეჭვებები მოიხსნას. ტოლერანტულობა ახსენეთ, აზრის გათვალისწინება მართლაც, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ აზრმა მაღალ ფასეულობებს არ უნდა მიაყენოს ზიანი. როცა მიხეილ ჯავახიშვილი ყურს უგდებს ჯაყოს, ისმენს მისას, ესმის მისი და წერს მასზე, მან გაამარადიულა ჯაყოს პერსონა. ილია ჭავჭავაძემ ლუარსაბის პერსონა, იაგოს პერსონა შექსპირმა და ასე შემდგომ. ჩვენ მათ იმიტომ კი არ ვუსმენთ და იმიტომ კი არ უნდა გავიგოთ ყველას აზრი, რომ ჩვენ ღირებულებები შევცვალოთ და ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს რაღაც საფრთხე შევუქმნათ, არამედ უნდა ვიცოდეთ, რომ ის არსებობს. არსებობს როგორც ხიფათი. ნ.კ. რა თქმა უნდა ნ.ჩ. ძველი თბილისის ეზოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რამდენი ეროვნებაც შეიძლებოდა ყოფილიყო ქალაქში, იმდენი ეროვნების წარმომადგენელი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით ჭეშმარიტი ტოლერანტობა ზეიმობდა ჩვენში. ეროვნული უმცირესობისადმი დამოკიდებულებაში, ქართული სივრცე ყოველთვის ტოლერანტული იყო. ეს მის ირაციონალურში არსებული ცხოვრების წესში დევს. ამჯერად სრულიად ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ეს არის სოციალურად დაუცველისადმი ტოლერანტულობის საკითხი, რომელიც არქიტექტურაშიც უნდა აისახოს და იმ კულტურულ თუ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში, რომელიც ხელგვეწიფება და, რომელშიდაც გარკვეული ამბიციები გაგვაჩნია. როდესაც ინერგება რაღაც ახალი, თუნდაც მოდა, მას აუცილებლად ხვდება რაღაც ბარიერები, თვით ეიფელის კოშკი ძალიან დიდ ხანს პარიზის სიმახინჯედ მიაჩნდათ, ძალიან დიდი ხანი იყო წინააღმდეგობა თავისუფლების ქანდაკებასთან დაკავშირებითაც. ასეთი წინააღმდეგობები არსებობს, თუმცა დროთა განმავლობაში არქიტექტურაც იღებს სიახლეებს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ არქიტექტურის განვითარების გარეთ არ უნდა დარჩეს სოციალურად დაუცველებისა და მსგავსი პრობლემებით დამძიმებული ადამიანების პოზიცია. მაგონდება დავით კლდიაშვილის `ქამუშაძის გაჭირვებიდან~ ერთი დეტალი, როცა სონიას ეკვირინე დაატარებს და მხოლოდ წარსულზე ელაპარაკება. დიახ, თბილისში იყო უამრავი არქიტექტურულად, მაღალი გემოვნებით შესრულებული შენობა, რაც მთავარია, ამ შენობებს ჰქონდათ საკუთარი ისტორია. ეს ისტორია არის ქალაქის ისტორია. ქალაქის ისტორია კი არის წარსულში მყარად დგომის საფუძველი. ეს ისტორია არ უნდა გაქრეს. უამრავი რამ არის ასეთი და ჩვენს ქალაქს მართლა სჭირდება იმ ადამიანების კომპეტენტურობა, რომლებიც ასეთ საკითხებს წყვეტენ. მე ვიცნობ ბევრ კარგ არქიტექტორს, ვკითხოთ მათ, ისინი ჩვენს შორის არიან. ისინი კარგი პროფესიონალები არიან კარგი პროფესიონალი ნიშნავს პასუხისმგებელს ისტორიაზე, პასუხისმგებელს მომავალზე. ნ.კ. ქალბატონო ნანა, მე აბსოლუტურად გეთანხმებით და ვიზიარებ ყველა იმ პოსტულატს, რასაც ძალიან კარგად და ოსტატურად ჩამოაყალიბეთ. უბრალოდ რაღაც სხვა განცდა მაქვს. იმას, რასაც ვუყურებთ ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ადამიანების თვითდამკვიდრების ძალიან საშიში ფორმა. თუ შევხედავთ ვთქვათ რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ აქედან გამომდინარე. მაგალითად, "გმირთა მოედანი" რამდენჯერ გადაკეთდა. ხან გაკეთდა რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ე.წ. ფანტანი, ხან რაღაც დარგეს, მერე დადგეს რაღაც, რომელიც პრომეთე აღმოჩნდა და ასე შემდეგ, ჩვენ რაღაც სულელური კოლიზიების სიტუაციაში აღმოვჩნდით. ნ.ჩ. ყოველი ადამიანი თავის მოქმედებაში და თავის სფეროში უნდა იყოს კომპეტენტური. თუ დღეს არ მოგვწონს ის, რაც ქალაქის არქიტექტურას ეხება, მაშინ ან მივუთითოთ და გამოვთქვათ ჩვენი აზრი ისევ კომპეტენტურად და თუ არ იქნება იგი ყურადგდებული, მაშინ დავფიქრდეთ და არჩევნებით დავიიმედოთ მომავალი. ნ.კ. საუბარია ევროპულ ღირებულებებზე, ის არის დეკლარირებული ჩვენთან. დევს სხვადასხვა კანონებში, თუნდაც რაღაც საინვესტიციო პროექტებში, რომელიც წარედგინებათ უცხოურ ბანკებს შემდგომი დაფინანსებისთვის და ა.შ. რეალურ ცხოვრებაში ხდება ამის პროფანაცია და მე ახლა არ ვსაუბრობ მარტო ხელისუფლებაზე, სხვათაშორის. უნდა ითქვას, რომ ეს ღირებულებები ჩვენთან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ყველამ იცის, რომ ევროპული ღირებულება ეს არის პირევლ რიგში, ევროპული კულტურა. კულტურა რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ნანახი გვაქვს სეზანი, ვან გოგი და მოსმენილი გვაქვს ვთქვათ ვერდი, მოცარტი ან ვკითხულობთ პურსტს, . . ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი იმისა, რომ მივიღეთ ინფორმაცია, არ შეიძლება, აქედან გამომდინარე ვთვლიდეთ თავს ამ კულტურის ნაწილად და თავს ვიწონებდეთ ამით. მე ვფიქრობ, რომ ევროპული ღირებულებები და ლიბერალიზმი არის ყველაფერი ამის განცდა და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ მე რაღაც პერიოდი მიცხოვრია ევროპაში და სულ ვგრძნობდი ხოლმე თითქოსდა ინდიფერენტულ საზოგადოებაში, როდესაც დგებოდა ვთქვათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დრო. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის იყო მიღებული აბსოლუტურად ზუსტი, სწორი და დროული. ნ.ჩ. მაგრამ პრაგმატული. ნ.კ. პრაგმატული, რა თქმა უნდა. პრაგმატულობა ხელს არ უშლიდა იმ ღირებულებებს რაც მათ აქვთ კულტურაში. მე კულტურის ნაწილად აღვიქვამ ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის გარკვეული გამოცდილება, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ და ადამიანი, რომელიც თითქოს არა არის ამ კულტურის თანაზიარი. კულტურა უდევს საფუძვლად ამას,.. გდაწყვეტილება მათემატიკური, არითმეტიკული სქემით არ მიიღწევა. მასში, როგორც ჩანს, ეს გენეტიკურად არსებობს და ყოველთვის ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ აუცილებლად მოდის პასუხისმგებლობის თემა. თქვენ ისაუბრეთ არჩევნებზე, რომ მივცეთ ხმა ვისაც ავირჩევთ და ამის შემდეგ პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე, რომ ვთქვათ მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ. ვისაუბროთ ევროპულ კულტურაზე, მე არ ვგულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს და რაღაც ჯგუფებისადმი მიტმასნებას. ვეტმასნებით და აღვიქვამთ ევროპის კულტურად იმას, რომ ვნახავთ რაღაც ფილმს ან ვთქვათ დავკიდებთ ცნობილი მხატვრის რეპროდუქციას და შემდგომ ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილად მიგვაჩნია თავი. ნ.ჩ. კეთილი, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ოდითგანვე ერგო წილად, რომ ყოფილიყო არც ევროპა და არც აზია. ეს არის ევრაზია. აზიური ანუ აღმოსავლური ცნობიერება და საერთოდ მთლიანი ფსიქიკური მოცემულობა არის უფრო მეტად ირაციონალური, გრძნობებზე, განცდებზე ორიენტირებული ანუ უფრო მეტად ფემინური, მგრძნობელობით გაჯერებული. დასავლური კულტურა კი, რასაც ჩვენ ევროპულს ვუწოდებთ ზოგადად, ეს არის უფრო რაციონალური. რაციონალური ანუ უფრო მეტად მასკულინური, ძალაზე ორიენტირებული. ძალა, მოგეხსენებათ, არ არის მხოლოდ ფიზიკური. ძალა არის ფული, ძალა არის ტექნიკა, ძალა არის გარკვეულ იერარქიაში ყოფნა და ასე შემდეგ. საქართველო სწრაფად ითავსებს დასავლურ ღირებულებებს, თუმცა მისი შიგთავსი მაინც, უფრო აზიურია. ნ.კ. უკაცრავად, ახლა გამახსენდა "გიორგობის თვე", ოთარ იოსელიანის გენიალური ფილმი. ქალების დუეტი, რომლებიც აფასებდნენ. სხვათაშორის, რა არის ნიშანდობლივი ამ ფილმში კიდევ, ამ სახეებში, ის უარყოფითი პერსონაჟებიც კი, რომელიც არსებობდა და არ შეიძლება საზოგადოება უარყოფითი პერსონაჟების გარეშე, ისინიც კი გარკვეულ სიყვარულს, სიმპათიას იმსახურებდნენ. ნ.ჩ. აი, ეს არის ევრაზიულობა. რომლის ვექტორიც ყოველთვის მიმართული იყო, არის და იქნება ევროპისაკენ, დასავლურ ღირებულებებზე. როცა ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ იგულისხმება დემოკრატია. დემოკრატია კი უპირველესად გამოიხატება ლიბერალური ღირებულებებისადმი დამოკიდებულებაში. რომლის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ხალხური ლექსით ,,შემომეყარა ყივჩაღის” მიხედვით გადმოცემული რაციონალურ-ემოციური ქცევის სქემა. "შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარს მუხრანის გზისასა, პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა" ანუ საუკეთესოს; "ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა, ხორცი მთხოვა და ვაჭმიე ვურჩევდი ხოხობისასა" ანუ ისევ და ისევ საუკეთესოს. ხოლო, როცა ჯერი ცოლზე მიდგა, მაშინ… "ცოლი მთხოვა და ვერ მივეც" და ვერ მივეცი იმიტომ კი არა, რომ მე არ დავთმობდი, არამედ, . . ნ.კ. აქაც ლიბერალიზმია. "ან კი ქალს როგორ მივცემდი, შვილსა გაზრდილსა სხვისასა",.. ნ.ჩ. სიდედრთან მიმყავდაო. ანუ არსებობს პასუხისმგებლობა. შემდეგ რა ხდება?! "ხელი მოხვია, აკოცა, მოზიდნა ნაწნავს თმისასა", და "შესტირა საბრალო ქალმა, ვაი ცოლს ცუდის ყმისასა",... ანუ უკვე კაცს დაერქვა ცუდი. ანუ მოხდა შეფასება, დათმენის ზომიერებისა. ანუ არსებობს მიღებისა და არმისაღების სასაზღვრე მომენტი. მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს თავს ქმარი უფლებას მოზიდნოს ,,ვადანს ხმლისასა". აი, ეს არის ის დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების მთლიანობა, რომელშიც არის დამთმობლობისა და მიმტევებლობის არჩევანი. დასავლური ღირებულებების წილი სამკვიდრო ევრაზიულ სივრცეში იმდენადაა, რამდენადაც იგი ევრაზიულია ანუ ევროპულიც და აზიურიც. უძველესი დროიდანვე, როცა არსებობდა სავაჭრო გზები, უძველესი ინდური და ჩინური ცივილიზაცია დასავლეთისაკენ მოგზაურობდა, ევროპიდან მოდიოდა. ამ გზაზე იდგა საქართველო, კულტურათა ურთიერთობის გზაჯვარედინზე საქართველო თავის ადგილზე მყარად იდგა, იდგა ევრაზიულ სივრცეში და ევროპულიც და აზიურიც მასთან მოდიოდა. საქართველო ირგებდა ამ ღირებულებებს. ირგებდა, როგორც კულტურას, ამიტომ იყო, რომ თავიდანვე თბილისი ამ აღმოსავლურს საკუთარ თავში ინახავდა. ქუთაისი თავისი უკიდურესი თანამედროვეობით აწონასწორებდა, ის იმთავითვე ბერძნულ და რომაულ კულტურასთან, შავი ზღვისპირეთთან ურთიერთობდა. რაც, კულტურის თვალსაზრისით, წარმატებით ამთლიანებდა და აერთიანებდა საქართველოს, როგორც მატერიალურ ასევე, სულიერ სფეროში. ერთი უკიდურესოობაა ეთნოცენტრიზმი, მაგრამ თუ საკუთარი თავის გაუფასურებას დაიწყებ იმით, რომ მე არაფერი არა ვარ, დააკნინებ საკუთარ შესაძლებლობას, გააზვიადებ წარუმატებლობას, ამასაც თავისი სახელი ჰქვია. რაც კოგნიტური ანუ აზრობრივი დამახინჯების სახელწოდებითაა ცნობილი. ქართველი ხალხი დღეს, რატომღაც ასეთ თვითგვემის პროცესში იმყოფება. საუბრობენ, რომ ევროპული კულტურა უნდა მივიღოთ, მას უნდა ვეზიაროთ. ის კი აქ არის, როგორც საკუთარი თვითობა, როგორც ევრაზიულობის ერთ-ერთი უცილო თვისობრიობა. აღმოაჩინე შენ თავში ყოველივე ის, რაც არის. ეს რესურსი განაპირობებს ჩვენს შინაგან მზაობას, ეს რესურსი დევს ქართულ არქიტექტურაში, ქართულ ფოლკლორში, ქართულ ლიტერატურაში. ნ.კ. ერთს დავამატებ, წინ რაც იყო, იმას ნუ დავივიწყებთ და ხანდახან ისტორიული ცხოვრება, როგორც ამბობდა მერაბ მამარდაშვილი, ყოველთვის თან გვდევს და განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
მოამზადა ნანა მოსიაშვილმა
|