არ ვიცი რატომ, მაგრამ სინგაპურის ხსენებაზე ყოველთვის 90-იანების ჩაბნელებული და გათოშილი თბილისი მახსენდება. საფურაჟე ხორბლით გამომცხვარი პური, ღამის რიგები, ნავთის სუნი, რომელიც ყველგან იყო და არასდროს გადიოდა, დაუფასოებელი და ჯერ კიდევ დაუჭრელი სიგარეტი "80". მძიმე სურათები ჩვენი უახლესი ისტორიიდან. ახლა კი ახალი მირაჟები და მოლოდინები სინგაპურის სახით.
ისე, მაინც რას გადავეკიდეთ ამ სინგაპურს?! ქვეყანას, სადაც ყველაფერი ფასადური და ილუზორულია, სადაც დემოკრატიული ინსტიტუცია ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი არ არსებობს, ადამიანის უფლებებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ (ცნობისთვის, 21-ე საუკუნეშიც სიკვდილით დასჯის გარდა, სინგაპურში ფართოდაა გავრცელებული სასჯელის ისეთი არაადამიანური და ყოველგვარი ღირსების შემლახავი ფორმები, როგორიცაა მაგალითად, საჯარო გაროზგვა). ქვეყანა, სადაც არ არის თავისუფალი პრესა და მედია (პრესის თავისუფლების ხარისხით სინგაპური 140-ე ადგილზეა 167 ქვეყანას შორის). ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიული არჩევნები და ოპოზიცია (თუმცა, ქართული ოპოზიციის შემხედვარე, ეგებ მართლაცდა სინგაპურის მოდელი ჯობდეს). ქვეყანა, რომელსაც დიქტატორი ლი კუან იუ პრაქტიკულად უკანასკნელი 50 წელი მართავს ქვეყანას. ქვეყანა, სადაც ერი და ეროვნულობა, რელიგია და სარწმუნოება არ არსებობს. ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიად არის ქცეული და ეროვნული ნიშნები სრულადაა წაშლილი.
თანამედროვე მსოფლიო კი ამ უმსგავსობაზე თვალს ხუჭავს იმ ელემენტალური და მარტივი მიზეზის გამო, რომ სინგაპურში უცხოელებს "სწყალობენ" და ყველაფრის თუ არა, ბევრი რამის გაკეთების საშუალებასა და უფლებას აძლევენ. როგორც ამბობენ, ხელი ხელს ბანსო.
თბილისში გასულ კვირას საქართველო-ლიტვის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ტიტულოვანი სტუმრები და "წონიანი" ბიზნეს-ელიტა, მაღალი რანგის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ნასწავლი თუ სასწავლებლად მიმავალი მინისტრები, დიპკორპუსი პროტოკოლური ღიმილითა და დიპლომატიური ეტიკეტით, ახალი პოლიტიკური განცხადებები და ბიზნესინიციატივები, შეხვედრები, ბანკეტები და ისევ ბანკეტები. მოკლედ, ემოციურად და თემატურად მეტად დატვირთული გამოგვივიდა გასული კვირა.
"საქართველო ცდილობს იაროს სინგაპურის გზით" - ესაა მთავარი მესიჯი ბიზნეს -ფორუმიდან. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-ლიტვის ბიზნეს-ფორუმის სტუმრობისას გააკეთა.
საოცარია, მაგრამ გასულ კვირასვე ამ განცხადებას პრეზიდენტის მეორე, უფრო დამაფიქრებელი და შეიძლება ითქვას, დამაბნეველი განცხადება მოჰყვა ბონში - ევროპის სახალხო ყრილობის კონგრესის ტრიბუნიდან. ბატონი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ევროპასთან დაახლოება. მისი თქმით, დემოკრატია, თავისუფლება და სოლიდარობა ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედია.
კი მაგრამ, სად ლი კუან იუ და სად ევროპული ღირებულებები?! სად სინგაპური და სად დემოკრატია, თავისუფლება და სოლიდარობა?! ეს ცნებები სინგაპურის პარადოქსისთვის უცნობი და ორგანულად მიუღებელია.
და ჩვენ კი აქეთ, ამ მითიური "სამოთხისაკენ" მივდივართ?! კი ბატონი, საქართველოს ამაზე უარესიც გადაუტანია, მაგრამ რატომ?!
ვალოდია ჯინჭარაძე