ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მონღოლებმაც კი არ ახლეს ხელი
ქართული ეკლესიის მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა ფართო განხილვის საგანი ხდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და პატრიარქის ავტორიტეტის შელახვა. განწყობები კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც "თავისუფლების ინსტიტუტისა” და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გასულ კვირას, საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქს ღია მიმართვა გაუგზავნეს და კონკრეტულ თემებზე პასუხები მოითხოვეს. კერძოდ ისინი პასუხს ითხოვენ კითხვებზე: რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? იყვნენ თუ არა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მაღალ იერარქთა შორის საბჭოთა სუკ-ის აგენტები? რატომ არ დაიცვა პატრიარქმა 1983 წელს ე.წ. "თვითმფრინავის საქმეზე” დახვრეტილი მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე? რატომ არ გაუპროტესტებია პატრიარქს ~მხედრიონის” თარეში? რა ურთიერთკავშირი არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შორის? რატომ ატარებს საეკლესიო პრესა ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას და სხვა.
საპატრიარქოს მიმართ დასმულ შეკითხვებს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტთა მხრიდან. შეფასებები, თითქმის ერთგვაროვანია. მოქალაქეთა ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებზე, საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსმა” კომენტარი პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს სთხოვა.
- ბატონო ვაჟა, რას ფიქრობთ ქართული ეკლესიის მისამართით საზოგადოების მცირე ჯგუფის დასმულ შეკითხვებზე, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში შენიშნეთ, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მონღოლებმაც კი არ ახლეს ხელიო. ამით რისი თქმა გსურდათ და რაიმე სადღეისო პარარელი იკვეთება? - ამით მინიშნებას არ ვაკეთებ და საქართველოს ახლანდელ "დამპყრობელს” ანუ როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ ვგულისხმობ. მითუმეტეს, მიმაჩნია, რომ დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კი არ აქვს ოკუპირებული, არამედ 100. ის ფლობს და განაგებს ეკონომიკურ სივრცეს, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ემისრებისა თუ ცრუმაგიერი კომპანიების მეშვეობით, მანიპულირებს ხელისულფებითა და ოპოზიციური ძალებით, სადაც სერიოზული დასაყრდენი აქვს. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კი მხოლოდ იქედან მომავალი საკუთარი ფინანსური ნაკადების გაკონტროლებას ცდილობს და, უნდა ითქვას, არცთუ წარმატებით. ამის მაგალითად `მილლენიუმ ჩელენჯის” პროექტში ლაშა შანიძის მუშაობისას გამოვლენილი სერიოზული დარღვევებიც კმარა, მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ბატონი ბჟეზინსკი არ არის სწორი, როცა ის ფიქრობს, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა წარმოადგენს ბარიერს პროგრესისთვის. პირიქით, იგი კავკასიის მასშტაბით სტაბილურობის სერიოზული ფაქტორია და მომავალში მისი როლი ამ მიმართებით, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამ თვალთახედვით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს პირადი ავტორიტეტი და მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის გავლენა პრობლემა კი არა, დიდი რეზერვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფლების ინსტიტუტის” ლაშქრობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლის მიზანს ემსახურება. ბატონ თევზაძის, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორის ტერმინს თუ მოვიშველიებ, "განჯადოება" ქართველთა რწმენისთვის საყრდენების გამოცლით, შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ კონკორდატის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი სრულად უნდა ამოქმედდეს და ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი, აგრეთვე დღევანდელი ფუნქცია სათანადოდ უნდა იქნას გააზრებული. ასეთია ხელისუფლების დეკლარირებული პოზიცია.
- როგორ ფიქრობთ, როცა ხელისუფლება ქართული ეკლესიის მხარდამჭერია, ხოლო მასთან ასოცირებული ~თავისუფლების ინსტიტუტი” მკვეთრად სხვა პოზიციის მატარებელი, რასთან გვაქვს საქმე?- ~თავისუფლების ინსტიტუტის” ის ჯგუფი, რომელმაც იოანე პეტრიწის ძეგლთან, ხალხმრავლ ადგილას, პროვოკაციული აქცია მოაწყო, მართლმადიდებელი მრევლის რადიკალურ ნაწილზე იყო გათვლილი და ექსცესების გამოწვევას ისახავდა მიზნად. საბედნიეროდ, ამჯერად, პროვოკაციას შედეგი არ მოჰყვა, მაგრამ აქციის მთავარი ორგანიზატორები კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. ასევე, მაღალი ხელფასებით. ამ უნივერსიტეტში კი თავისუფალ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაში, ერთ-ერთი საკვანძო საგანია ~ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ.” ისიც ნიშანდობლივია, რომ მოდურ და კარგად დაფინანსებულ თავისუფალ უნივერსიტეტს რექტორის რანგში სათავეში ჩაუდგა გამორჩეული ~მებრძოლი უღმერთო” (ინტერნეტ სივრცის მიხედვით) ბატონი ბენდუქიძე. ასე რომ, ყველა კოზირი, დიდი ფულის ჩათვლით, მართლმადიდებლობის მგმობელთა ხელთაა და რატომ ჩქარობენ, რა აშინებთ? ხომ არ არის მათი მიზანი საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების გამოწვევა და სერიოზული სოციალური პრობლემების გადაფარვა?
- თუკი ასეა, რატომ სდუმს საზოგადოება, ექსპერტული წრეები? ნუთუ ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცის?- ეს ყოველივე, ბუნებრივია, პარლამენტის განსჯის საგანი უნდა გამხდარიყო. ასე არ მოხდა, მხოლოდ ზოგიერთი "ხალხის რჩეული” განცხადების გაკეთებით შემოიფარგლა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ორგანო ადეკვატურად არ ასახავს ელექტორატის განწყობას.
აქ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის გამოხატვის თავისუფლებაზე, ან რწმენის თავისუფლებაზე და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე - არ სწამდეს არცერთი რელიგია, არ სწამდეს ღმერთი. ასეთი ადამიანებიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურად სრულფასოვანი და დასაფასებელი წევრები არიან. ბოლოსდაბოლოს, სამების ტაძრის მთავარი დამფინანსებელი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, ათეისტია.
საუბარი სხვა რამეზეა - საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი მიაგოს ადამიანთა დიდი ჯგუფის რწმენას, იმ რელიგიას, რომლის განსაკუთრებული როლი ქართველი ერისა და სახელმწიფოს ისტორიაში კონსტიტუციურადა დაკანონებული და კონკორდატით განმტკიცებული. რაც შეეხება, ტრადიციულ თუ ახალ რელიგიებს, თუნდაც ~იეღოვას მოწმეებს,” მათ შეუძლიათ თავისუფლად იქადაგონ და გამოიყენონ თავიანთი უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები, რასაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოკლებულია.
ერთსაც შევნიშნავ, კი ბატონო, იქადაგონ და გამრავლდეს იეღოველთა თემი, მაგრამ ამ პატივცემულ იეღოველებს საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მიმართ რომ აქვთ პრეტენზიები, რატომ ვერ შლიან ფრთებს აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ასე შემდეგ?
- ბატონო ვაჟა, მაგრამ ნებისმიერ კითხვა, რომელიც დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას აწუხებს, უნდა დაისვას და უნდა გაეცეს პასუხი კიდეც...- რაც შეეხება მოქალაქეთა ჯგუფის მიერ დასმულ კითხვებს, ყველა მათგანს პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ისინი დაისვა. კითხვების დამსმელებს ისევე აქვთ ამის უფლება, როგორც უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს და ქართულ ეკლესიას, რომ არ გასცენ პასუხი ამ კითხვებს.
მე მიმაჩნია, რომ თუ "საეკლესიო პრესა” ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და ანტისომხურ პროპაგანდას ეწევა, ეს ყოველივე დასჯადია კანონით და ამ ჯგუფმა მიმართოს სასამართლოს. თუ ამას ისინი პროპაგანდად მიიჩნევენ, თავად აწარმოონ კონტრპროპაგანდა. მათთვის ხომ უამრავი ტელეარხი და გაზეთია მისაწვდომი, ოღონდ აწარმოონ საგნობრივი და არგუმენტირებული კამპანია. მათ ხომ ძალიან კარგად აფინანსებენ და საამისოდ დროც ბევრი აქვთ?!
მთელ ამ ბაკქანალიაში, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, სხვა რამ არის საგულისხმო.
პრობლემები მართლმადიდებლობასაც აქვს. შესაძლოა, სერიოზულიც. მათ გადასაწყვეტად ეკლესიამაც უნდა იზრუნოს და საზოგადოებამაც, მაგრამ შემაშფოთებელია ეკლესიის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების მისწრაფება - მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება. დასახულ მიზანს, სამწუხაროდ, აღწევენ კიდეც. "მებრძოლ უღმერთოებს” ან "ცივილიზებული მართლმადიდებლობისთვის მებრძოლებს” უეჭველად დაუპირისპირდებიან ახალი მკალავიშვილები ან ახალი რეაქციონერი კლერიკალები, რაც ქვეყნის მტრებს საშუალებას მისცემს საქართველოს დეზინტეგრაციის წამახალისებელ ფაქტორად გამოიყენონ ეს პროცესი და მიანიშნონ ქართული მართლმადიდებლობის უკიდურეს დოგმატურობაზე, "ორთოდოქსულობასა” და უპერსპექტივობაზე.
დიახაც, ეკლესია და სახელმწიფო უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული. თუმცა, ეს არ აძლევს უფლებას ეკლესიას, თუ ის ხედავს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის ან კატასტროფისკენ მიექანება, მშვიდად ადევნოს თვალი მოვლენებს.
- რას გულისხმობთ?- ბევრი საწინააღმდეგო ფაქტის მოხმობა შეიძლება ისტორიიდან. ამბროსი ხელაიას თუ სხვა წმინდანთა გმირობისა და ღვაწლის. თუმცა, ვგონებ, საჭირო არ არის. არც იმის გახსენება, თუ როგორ აისხა აბჯარი თორნიკე ერისთვმა, ქვეყანას რომ დასჭირდა. არც უმაღლეს ხელისუფლად პატრიარქის გამოცხადებაშია გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და პრობლემების ცივილიზებულად განსჯა. იმის შიშით შეიძლება ხელისუფლებაში პრორუსი მოვიდესო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე უარს გვეუბნებიან. იმის შიშით ეკლესიის ავტორიტეტმა საერო ხელისუფლების ავტორიტეტი ძალიან არ დაჩრდილოს და ხელისუფლების შეცვლის ფაქტორად არ იქცესო, ეკლესიის წინააღმდეგ ლაშქრობას იწყებენ. ეს დაუშვებელია.
მავანი ყელს გულუბრყვილოდ მოიღერებს და მიამიტი სახით იკითხავს: ჩვენ შეკითხვები პატრიარქთან და საპატრიარქოსთან გვაქვს, რა შუაშია აქ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაო.
რა თქმა უნდა, ბატონებო!
"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები" ჯერ საქართველოში არ ჩამოყალიბებულა. ბოლოსდაბოლოს, 20-იანი წლები ხომ არ არის გასული საუკუნის?! თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ ღვთისმგმობელობა ნიცშეს და სხვა გენიალური მოაზროვნეების ფრაზეოლოგიის ამოფარებით, უფრო იოლია. მთავარია შედეგი - მართლმადიდებლობის დაკანონება და მისი ერთ ჩვეულებრივ, მცირერიცხოვან რელიგიურ ჯგუფად გადაქცევა საქართველოში.
ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს აშშ-სა და ევროპას არ აძლევს ხელს და ეს ყველა "მედასავლეთემ" კარგად უნდა გაიცნობიეროს. ბჟეზინსკიმ ის კი არ თქვა, ქართული მართლმადიდებლობაა დემოკრატიისაა და ცივილიზაციის მტერიო, აგრესიული და ტოტალიტარული ცნობიერების წყაროაო იგი ზოგიერთ ქვეყანაში და არამც ად არამც ტოლერანტობითა და სჯული შემწყნარებლობით განთქმულ საქართველოში. თუმცა, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა და არა ბოროტი თუთიყუშები კი თავისას მიერეკებიან.
"მედიანიუსი"