3 000 ლარიანი ხელფასისა და უძვირფასესი სამსახურებრივი მანქანის პატრონი პროფკავშირის ბოსი უნიჭიერეს, მაგრამ 200 ლარიან ჟურნალისტს ამუნათებს.
რა დიდი იყო სულხან-საბა: "მაძღარი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ აყვედრიდა, რა ღორულად ჭამო"... რას იზამ! ასეა აქ ახლა.
გთავაზობთ უცვლელად პროფკავშირების წერილს.
ზ.კუკულაძე
წერილი რედაქციას
გაზეთ "ბანკები და ფინანსები"-ს რედაქტორს, ბატონ ზურაბ კუკულაძეს
გთხოვთ, თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის - "პროფკავშირების ფინანსები"
(სტილი უცვლელია - რედ.)
გაზეთში "ბანკები და ფინანსები" (2009 წლის ნოემბერი) გამოქვეყნდა ირმა ზარნაძის სტატია სათაურით - "პროფკავშირების ფინანსები".
პროფესიული კავშირი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, მისი ფინანსები კი ერთნაირად ხელმისაწვდომია როგორც რიგითი წევრისთვის, ასევე _ მედიისთვის. ამ მხრივ საპრობლემო არაფერია, მაგრამ როცა ჟურნალისტი რესპონდენტის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ამახინჯებს მის აზრს და საკუთარი ინტერპრეტაციით აწვდის მკითხველს, ლოგიკურად ისმის კითხვა - რა დგას ყოველივე ამის უკან?
რესპონდენტის პოზიციის "ჟურნალისტური თარგმანი~ შეიძლება იყოს მცირედი ლაფსუსი, უყურადღებობა, აზრის გაუმართაობა, ან, რაც ყველაზე მიუღებელია, შეგნებული დეზინფორმაცია.
ვნახოთ, რა წერია ირმა ზარნაძის სტატიაში და მერე მკითხველმა თავად განსაჯოს, უნებლიე შეცდომასთან გვაქვს საქმე თუ გამიზნულ პროვოკაციასთან.
ავტორი სტატიის დასაწყისშივე ამცნობს მკითხველს, რომ მასწავლებელთა ნაწილი უკმაყოფილებას აცხადებს პროფკავშირული ლიდერის მაღალი ხელფასის, სამსახურებრივი ავტომობილისა და მივლინებებში დახარჯული თანხების გამო. შემდეგ დამოწმებულია, მანანა ღურჭუმელიძის პოზიცია, რომ ეს მასწავლებლები არ არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები და შესაბამისად, მათ არაფრის უფლება არ აქვთ. უნდა განვაცხადოთ, რომ ხაზგასმული სიტყვები არ ეკუთვნის მანანა ღურჭუმალიძეს, იგი ჟურნალისტის არც მთლად ზუსტი ინტერპრეტაციაა. ამ მასწავლებლებს, ცხადია, ბევრი რამის უფლება აქვთ, მათ შორის ფინანსების განკარგვაზე ინფორმაციის მიღებისა და პროტესტის გამოხატვისა, ოღონდ იმ პროფესიულ კავშირში, რომლის წევრებადაც ირიცხებიან. `თუ ჩვენი პროფკავშირის წევრებს ექნებათ რამე პრეტენზია, არის მექანიზმი, რომლის თანახმადაც საკითხი დადგება დღის წესრიგშიო" - ეს უკვე მანანა ღურჭუმელიძის ნათქვამის ციტირებაა და ზუსტად ასახავს მის პოზიციას.
ირმა ზარნაძე სპმთპ-ის პრეზიდენტს მიაწერს სიტყვებს: "რომელიმე მიმართულების პროფკავშირი გინახავათ, რომელიც რამეს აკეთებს, პედაგოგთა პროფკავშირების გარდა"?
სინამდვილეში, აქაც დარღვეულია რესპონდენტის აზრი. მანანა ღურჭუმელიძე ჟურნალისტთან საუბარში შეეხო თეა თუთბერიძისა და მისი თანამოაზრეების ხელშეწყობით შექმნილ "ყვითელ" პროფკავშირებს, რომლებმაც წევრები ვერ მიიზიდეს და ცდილობენ, სახელი გაუტეხონ ყველაზე მობილურ, მასშტაბურ ორგანიზაციას, აგრეთვე - მის ლიდერს. ისინი კლასიკური გაგებით არ არიან პროფესიული გაერთიანებები და არც ამ ტიპის საქმიანობას ეწევიან. მანანა ღურჭუმელიძის სიტყვები სწორედ ამ უფუნქციო, უსაქმურ პროფკავშირებს მიემართება. ზარნაძის სტატიაში ეს მომენტი დაზუსტებული არაა და მკითხველმა შეიძლება გაიგოს, რომ იგი, საერთოდ, ყველა დარგის და ტიპის პროფესიულ გაერთიანებებს გულისხმობს.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს საქართველოში რეალურად არსებულ და მოქმედ სხვადასხვა დარგის პროფესიულ კავშირებს შორის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი უპირობო ლიდერია (წევრთა რაოდენობით, სტრუქტურული ქსელით, საერთაშორისო კონტაქტებით, განხორციელებული პროექტებით, პროფკავშირული აქტივობით...), ვფიქრობთ, სადავო არაა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანების სათავეში ახალი ლიდერების მოსვლის შემდეგ, როგორც მთლიანად გაერთიანების, ასევე ცალკეული დარგობრივი კავშირების (მაგ: ტრანსპორტელების, მედიკოსების, რკინიგზელების, მეტროპოლიტენის თანამშრომლების...) საქმიანობა შესამჩნევად გააქტიურდა. ამის ლოგიკური შედეგია, რომ უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით, მოსახლეობაში აშკარად გაიზარდა პროფკავშირის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ცნობადობის ხარისხი, შესაბამისად _ ნდობა მის მიმართ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რით აიხსნება, რომ სპმთპ-ის ლიდერს გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე მთელი გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, მოყვანილია მანანა ღურჭუმელიძის შემდეგი გამონათქვამი: "ეს ხელფასი არის იმის ასახვა, თუ რა საქმიანობას ვაწარმოებ. ხელფასი იქედან გამომდინარეობს, თუ რა საქმიანობას ეწევი და ჩემი საქმიანობა ნამდვილად ღირს ამდენი. შეადარეთ ჩემი და პეტრიაშვილის ბიუჯეტი. მე გამგეობის წევრი ვარ და მაღალ ხელფასს, ალბათ, მალე პეტრიაშვილსაც დავუნიშნავთ".
უცნობია, რა მიზეზით, მაგრამ ჟურნალისტმა მანანა ღურჭუმალიძის ნათქვამის ციტირება მოახდინა დამახინჯებით, კონტექსტის გაუთვალისწინებლად. შედეგად მივიღეთ, თითქოს სპმთპ-ის ლიდერს ეთქვას, მე დიდ ხელფასს იმიტომ ვიღებ, რომ ბევრს ვმუშაობ, ირაკლი პეტრიაშვილი კი არაო, ჩემი საქმიანობა ნამდვილად ღირს ამდენი, გაერთიანების თავმჯდომარისა კი არაო. სინამდვილეში, მანანა ღურჭუმელიძემ ხაზი გაუსვა პედაგოგთა პროფკავშირისა და გაერთიანების ბიუჯეტთა მოცულობის სხვაობას, რის გამოც, ჯერჯერობით შეუძლებელია მისი ხელმძღვანელებისთვის ისეთი ხელფასების დანიშვნა, როგორსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. მანანა ღურჭუმელიძემ ასევე აღნიშნა, როგორც კი ფინანსურად ეს შესაძლებელი იქნება, მე, როგორც გამგეობის წევრი, პირველი გამოვალ ინიციატივით ირაკლი პეტრიაშვილისთვის ხელფასის გაზრდის შესახებო.
ახლა მკითხველს შესაძლებლობა აქვს, შეადაროს, რა თქვა სპმთპ-ის ლიდერმა და როგორ მიეწოდა მისი აზრი საზოგადოებას. ძალაუნებურად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ, უკეთეს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმთან, უარეს შემთხვევაში კი, ვიღაც ლათინოამერიკული სერიალების სტილში ცდილობს, განხეთქილება ჩამოაგდოს ერთიან პროფკავშირულ ოჯახში და ერთმანეთს წაკიდოს ახალი თაობის ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით დამსახურებული ავტორიტეტი მოიხვეჭეს როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო პროფკავშირულ წრეებში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფკავშირის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი