"ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" სარეზერვო ფონდების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს
ქრისტიან-დემოკრატებმა სარეზერვო ფონდებიდან გაცემული ხარჯების ანგარიშის პარლამენტში წარდგენა "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტის განხილვისას მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ზემოთხსენებული ფონდებიდან თანხების გაცემა გამჭვირვალე პროცესი ვერ გახდება.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წევრ ლევან ვეფხვაძეს მივმართეთ:
- ბატონო ლევან, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენი ასეთი სარეზერვო ფონდი არსებობს დღესდღეობით და რატომ დადგა ფონდების გამჭვირვალობის საკითხი?- ჩვენი კანონმდებლობით, არის პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები. ამის გარდა, არის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული სარეზერვო ფონდები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალური ბიუჯეტების 2%-ს. როდესაც გვქონდა საბიუჯეტო კოდექსის განხილვა, პრინციპულად ვაყენებდით საკითხს, რომ თუ არსებობს ასეთი სარეზერვო ფონდები, მაშინ მათზე მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს წარმომადგენლობითი ორგანო. მაგალითად, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი წელს 50-50 მილიონია. იმ ხარჯის შესახებ, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, გარკვეულწილად, პარლამენტში უნდა იყოს ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია პარლამენტში არ მოდის. ასევე, ადგილზე, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვაზე, საკრებულო უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს შეიძლება იყოს ცენტრალურ დონეზე მონიტორინგის თვალსაზრისით, ანუ მხოლოდ ანგარიშის წარმოდგენა, მაგრამ ადგილობრივ დონეზე სავსებით შესაძლებელია საკრებულო იღებდეს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას, რათა გაირკვეს სარეზერვო ფონდიდან რაზე და როგორ მიდის თანხა, გაირკვეს მისი მიზნობრიობა. გარდა ამისა, არ უნდა იყოს ისე, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხას, ვისაც უნდა და როგორც უნდა გასცემდეს. კანონში უნდა იყოს ჩამოთვლილი ის პირობები, რა პირობების დადების შემთხვევაშიც უნდა იყენებდნენ თანხებს სარეზერვო ფონდიდან. მაგალითად, წელს ჩვენ გვქონდა ასეთი სიტუაცია. სარეზერვო ფონდის ცენტრალურ ბიუჯეტში არის 100 მილიონი, 50 არის მთავრობის, 50 პრეზიდენტის, ეს ფონდი არსებობს იმისთვის, რომ დაიხარჯოს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. პირველი ფორსმაჟორი არის სტიქიური უბედურებები, მოხდა მიწისძვრა რაჭაში, მოხდა წყალდიდობა კახეთში, აღმოჩნდა, რომ ფული სარეზერვო ფონდში აღარ არსებობს. ეს ფული დაიხარჯა ცეკვა-თამაშებში, პიარ-აქციებში და სხვა ისეთ რაღაცეებში, რომლებიც ფორსმაჟორად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. და ახლა ჩვენ 10 მილიონს დამატებით გამოვყოფთ რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, რათა მან ეს პრობლემები მოაგვაროს. ზედმეტად არასწორი დამოკიდებულებაა.
- თქვენ, როგორც პარლამენტის წევრს, როგორ მიგიწვდებათ სელი სარეზერვო ფონდების ხარჯვის პროცესთან? - მე როგორც პარლამენტის წევრს, ამასთან ხელი მიმიწვდება ისე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. ჩვენ გვყავს კოლეგა გია ცაგარეიშვილი, რომელმაც რამდენჯერმე წერილობით მიმართა მათ, მაგრამ ნორმალური პასუხი სარეზერვო ფონდებიდან გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ვერ მიიღო. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვუბნებიან, რომ კვარტალურად ბიუჯეტის ანგარიში შემოდის და იქ წერია ყველაფერი, მაგრამ იქ წერია, თუ რამდენი დაიხარჯა სარეზერვო ფონდიდან, მიზნობრიობა და დასაბუთება კი არ წერია. ჩვენ ვითხოვთ, რომ დეტალურად მოხდეს ამ მიზნობრიობის გაწერა და შემოვიდეს პარლამენტში კვარტალურად. ჩვენი მოთხოვნით ეს უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, მაგრამ შემოვიდეს თუნდაც კვარტალურად, მაგრამ ისე, რომ ჩვენ გვქონდეს ამ ყველაფერზე ინფორმაცია.
- თქვენი აზრით, რამდენად სწორად იხარჯება ფული სარეზერვო ფონდებიდან?- ჩვენ არ ვიცით როგორ ნაწილდება ეს თანხა, ამიტომ ზუსტად არ ვიცით სწორად ნაწილდება თუ არა.
ლელა გოგოლაძე