ნანახია: 739
თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დიდი ხანია დადის მოარული ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ მერია პოლიკლინიკების გასხვისებას აპირებს. ეს ეჭვი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულმა სიუჟეტმაც გააძლიერა. რეპორტაჟში საუბარი იყო პოლიკლინიკების შესაძლო პრივატიზებაზე და მათ ადგილას სხვა დაწესებულებების გახსნაზე. მართალია, ამ სიუჟეტის პათოსი აღნიშნულ საკითხს მხოლოდ დადებითი კუთხით ანვრცობდა, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად დააფიქსირებდა, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს პრესტიჟულ უბნებში არსებული შენობები გაყიდოს, ან ამისთვის, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საფუძველი მოამზადოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიას დავუკავშირდით და აღნიშნულ საკითხთანAდაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ კომენტარს ვერავინ გააკეთებდა, - "ამჟამად, პოლიკლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით არაფერი იგეგმება და ამიტომ კომენტარს ვერავინ გააკეთებს. რაც შეეხება ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, უბრალოდ, ცრუ ინფორმაცია იყო გასული!"- აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში. მერიის სამსახურიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. აქაც განგვიცხადეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, - "აღნიშნული საკითხი ჩვენი კომპეტენციაში არ შედის. მამუკა ქაცარავას დაუკავშირდით, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნის", _ გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში. ბატონი მამუკა ქაცარავა თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ, ამიტომ ისევ მერიას დავუკავშირდით და ამჟამად, ქაცარავასთან დაკავშირება მოვითხოვეთ. თუმცა, ისევ პრეს-სამსახურმა გვიპასუხა, - "ჯერ ერთი, მამუკა ქაცარავას კომპეტენცია მხოლოდ განცხადებების მიღება და მათზე პასუხია და მეორე, კომენტარს ის ვერ გააკეთებს, რადგანაც ეს საკითხი მომავლის პერსპექტივაა და ახლა მასთან დაკავშირებით არანაირი განხილვები არ მიმდინარეობს". სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ოფიციალურ პირთაგან მიგვეღო უფრო კომპეტენტური ინფორმაცია, ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ უარყოფს კავშირს ამ საკითხთან, მერიაში კი ის მომავლის პერსპექტივად არის გამოცხადებული. უცნობია, რა ბედი ეწევა თბილისის პოლიკლინიკებს და იქ მომუშავე პერსონალს. მათაც იგივე ხომ არ ელოდებათ, რაც `100 ახალი საავადმყოფოს~ სახელით წოდებულ რეფორმას?! რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ 2006 წელს 100 საავადმყოფო გაასხვისა იმ პირობით, რომ 2012 წლისთვის თითოეული მათგანი უნდა გარემონტებულიყო. თუმცა, 2006 წლიდან დღემდე მხოლოდ 4 გარემონტებული საავადმყოფო ვიხილეთ. ფაქტია, რომ არცერთ უწყებაში პოლიკლინიკების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება არ სურთ, ყველანაირად ცდილობენ კომენტარს თავი აარიდონ. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ჩვენ ისიც კი არ გვითხრეს, თბილისის მასშტაბით რამდენი პოლიკლინიკა ფუნქციონირებს. აღნიშნულ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ ეს სტატისტიკა ჩვენ არ ვიცით და მერიას დაუკავშირდით, ისინი უფრო კომპეტენტურები არიანო. მერიაშიც იგივე გვიპასუხეს, - პოლიკლინიკების რაოდენობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთო... მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ ვისი მოვალეობაა ამ საკითხებზე ინფორმაციის ფლობა და დაინტერესებული პირების (ამ შემთხვევაში ჟურნალისტების) პასუხებით უზრუნველყოფა. დაკო შონია
|