ნანახია: 1670
სწავლა-განათლების მიღება ფუფუნების საგანი გახდა. ფასიან სკოლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა უფასოა, სახელმძღვანელოებზე არსებული ფასების გამო, ბავშვების უმეტესობისთვის მათი შეძენა ხელმიუწვდომელია. დღეს სასკოლო წიგნების იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ ხშირად მასწავლებლები და მოსწავლეები იბნევიან კიდეც. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობამ წელს სასწავლო წიგნების შეძენა ვერ მოახერხა, რადგანაც მათზე ფასები მაღალია, თანაც ხშირ შემთხვევაში ოჯახს რამდენიმე მოსწავლე ჰყავს. გაზეთი `ბანკები და ფინანსები~ სახელმძღვანელოების გამომცემლობებს და განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა გერსამიას განცხადებით: `ახალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის სახელმძღვანელოების შერჩევისა და გრიფირების წესში. თუ აქამდე სახელმძღვანელოს გრიფი ენიჭებოდა 3 წლის ვადით, ახალა უკვე თითოეული სახელმძღვანელო გამოყენებაში უნდა იყოს მინიმუმ 5 წელი, რაც გარკვეულ შეღავათს მისცემს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. თითოეული კლასის ყველა განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი, გარდა სასწავლო გეგმით დადგენილი გამონაკლისისა. სახელმძღვანელოს არჩევა უნდა მოხდეს კათედრის მიერ. წელს სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა სახელმძღვანელოების ელექტრონული კატალოგი, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს გაუადვილდათ სასურველი სახელმძღვანელოს არჩევა. შერჩეულ სახელმძღვანელოთა ნუსხას ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო, არჩევა ხდება სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე. სახელმძღვანელოების ფასებს განსაზღვრავს და არეგულირებს ბაზარი. სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სკოლებს შეიმუშაონ სასკოლო ბიბლიოთეკების შევსებისა და მეორადი სახელმძღვანელოების მოხმარების სისტემა, რაც ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალურად შეჭირვებულთა მდგომარეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ გამონახოს სახსრები ბიბლიოთეკისთვის დამატებითი ეგზემპლარების საყიდლად, რაც დაეხმარება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ წიგნის შეძენა გაუჭირდებათ. ტრადიციულად, ყოველ წელს, ყველა პირველკლასელს ურიგდება პრეზიდენტის საჩუქარი წიგნებისა და ჩანთების სახით. 2009 წელს კი ყველა სოციალურად დაუცველ პირველკლასელს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა სააგენტოში და რომელთა ქულაც არ აღემატება 57 000-ს, ასევე, მათთან გათანაბრებული ოჯახების პირველკლასელებს, დაურიგდათ 100-ლარიანი დახმარება. ასევე უფასოდ ურიგდებათ სკოლის სახელმძღვანელოები რუსეთის აგრესიის შედეგად დროებით გადაადგილებულ ყველა მოსწავლეს კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში (მე-2-დან მე-12 კლასების ჩათვლით)". თუ როგორ მზადდება სასკოლო სახელმძღვანელოები და რა კრიტერიუმებით დგინდება სასკოლო წიგნების ფასები, ამის შესახებ გამომცემლობა `დიოგენეს~ რედაქტორი სულიკო ნოზაძე აცხადებს: `ავტორის, გამოცდილი პედაგოგების და მეთოდოლოგების შერჩევის შემდეგ. მათ ვაცნობთ, თუ,, რომელი კლასი უნდა გააკეთონ. წიგნს შედგენის შემდეგ განათლების სამინისტროში წარვადგენთ და თუ კარგ შეფასებას მივიღეთ, მაშინ უკვე დავბეჭდავთ და ბაზარზეც გამოვა. პროგრამა ყოველ წელიწადს არ იცვლება. სტანდარტის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ პროგრამა 5 წელიწადში ერთხელ შეიცვლება. სასკოლო წიგნების გაყიდვაში განათლების სამინისტრო არ მონაწილეობს. წიგნების გაყიდვების მოგება გამომცემლებსა და ავტორებს შორის ნაწილდება. წიგნის ფასი მისი დანახარჯის მიხედვით დგინდება. მხატვრების, ავტორების, ფურცლის და ა.შ. ტირაჟის და ხარისხის მიხედვით. გამომცემლობა ითვალისწინებს, რომ ნაკლები სიმძიმის და სიდიდის წიგნი გამოუშვას, რადგან მას უფრო ნაკლები დანახარჯი აქვს და მოსწავლეებისთვის ადვილი სატარებელია, მაგრამ თუ წიგნში პროგრამა არ ჩაატიე, შემდეგ განათლების სამინისტროში გამართულ კონკურსში ვერ გაიმარჯვებ. ჩვენი გამომცემლობის ფასები უფრო ზომიერია, ვიდრე სხვა გამომცემლობების. ჩვენთან ფასები 6 ლარიდან 11-12 ლარამდეა~.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში კი აცხადებენ, რომ მათთან შესაბამისი საგნის სპეციალისტები და წიგნის ავტორები თანამშრომლობენ. გამომცემლობა უზრუნველყოფილია დამკაბადონებლებით, დიზაინერებით, რედაქტორებით და სხვადასხვა ტექნიკური პერსონალით. "შედგენილ სახელმძღვანელოებს ვბეჭდავთ სტამბაში, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის დამზადებული. გეგმით გაწერილია მასწავლებელმა ყოველ კლასში თითოეული საგნით რა შედეგს უნდა მიაღწიოს. ამ შედეგების მიხედვით იქმნება სახელმძღვანელო, რომელსაც შემდეგ განათლების სამინისტრო აფასებს. წიგნები ყოველ წელს არ იცვლება. 12 კლასი სამ ნაწილად იყოფა. დაწყებითი პირველიდან 6 კლასამდე, შემდეგ მეცხრე კლასამდე საბაზო და მეცხრე კლასის ზემოთ - საშუალო. 4 წლის წინ პირველ წელს, როცა რეფორმა დაიწყო, სახელმძღვანელოები ამ სამივე საფეხურის პირველ, ანუ დაწყებითის პირველ კლასში, მეშვიდე კლასში- საბაზოს საფეხურზე და ასევე საშუალოს საფეხურზე - 10 კლასში შეიქმნა. მეორე წელს უკვე მეორე, მერვე და მეთერთმეტე კლასების ეტაპისთვის შეიქმნა. მესამე წელს კიდევ ასე და ა. შ. ამ სახელძღვანელოს 5 წელი გრიფი აქვს, ანუ 5 წელი ეს სახელმძღვანელო არ იცვლება. 5 წლის შემდეგ ხდება მათი გადახედვა და განახლება. ბაზარზე წიგნების გაყიდვებისგან განათლების სამინისტროს არანაირი მოგების პროცენტი არ რჩება. სამინისტრო უბრალოდ აბალანსებს იმას, რომ სახელმძღვანელო აკმაყოფილებდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებს. ბაზარზე სამინისტრო არანაირად არ მონაწილეობს. მოგების განაწილებაGგამომცემლებსა და ავტორებს შორის ინდივიდუალურად ხდება", - განაცხადა გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მენეჯერმა თინიკო კუხიანიძემ.
ადა ექიზაშვილი
|