ნანახია: 1002
ერთი შეხედვით ხმაურიანი და გადატვირთული მშრალი ხიდი ნელ-ნელა ღაფავს სულს. აშკარად იგრძნობა იქაურ მოვაჭრეებში პესიმიზმი. "ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით, რომ დღეს, ისევე როგორც გუშინ, არ იქნება მყიდველი და თუ ასე გაგრძელდა, მალე ალბათ, შიმშილით დავიხოცებით", ასეთია მშრალ ხიდზე მოვაჭრეთა განწყობა. თავის დროზე, როდესაც ჯოვანი სკუდერი მშრალ ხიდს აპროექტებდა, ალბათ, არც კი უფიქრია იმაზე, რომ ამ ადგილს საზოგადოების გაჭირვებული ნაწილი ლუკმა-პურის საშოვნელად გამოიყენებდა, მაგრამ დღეს ეს ფაქტია. თუ გგონიათ, რომ ამ ხალხს განათლება არ აქვს მიღებული და ამიტომ ვერ შოულობს სხვა უფრო კომფორტულ სამსახურს, ძალიან ცდებით. აქ მყოფთა უმეტესობას უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული და საკმაოდ დაფასებულნიც იყვნენ ძველ დროში, მაგრამ მათ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, უმუშევრობის ტალღამ გადაუარა და დატოვა უსახსროდ და უფუნქციოდ. დღესდღეობით მშრალ ხიდზე არსებული სიტუაცია კატასტროფულად მძიმეა. ფაქტობრივად მყიდველი არ ჰყავს აქ გამოტანილ საქონელს. არადა რას არ შეხვდებით გასაყიდად გამოტანილს: ძველებური ფული, მოდაგადასული ფეხსაცმელი, კოვზები, ქუდები, ანტიკური სამკაული, თეფშები, ათასგვარი სათამაშო, ისტორიის ამსახველი წიგნები, ღილები, ვერცხლის ჩანგლები, ჩაიდნები... ყველაფერთან ერთად საინტერესოა ისიც, თუ საზოგადოების რა ნაწილი სტუმრობს ყველაზე ხშირად მშრალ ხიდს და რა ნივთებზეა შედარებით მეტი მოთხოვნა და ინტერესი. როგორც მოვაჭრეებისგან შევიტყვეთ, ამჟამად მათ ერთადერთ იმედად ტურისტები და კოლექციონერები რჩებიან. ნივთები, რომლებსაც აქ შეხვდებით, ძირითადად ოჯახებიდან გამოაქვთ. "ორი წლის განმავლობაში ჩემი საკუთარი სახლიდან გამოტანილ ნივთებს ვყიდდი, მაგრამ ახლა, როდესაც სახლი დამიცარიელდა და გასაყიდიც არაფერი დამრჩა, იძულებული ვარ სხვებისგან ვიყიდო და გავყიდო", - ამბობს მშრალი ხიდის ერთ-ერთი მოვაჭრე. ფიქსირებული ფასი აქ გამოტანილ ნივთებზე არ არსებობს. არის შემთხვევები, როდესაც ანტიკვარულ ნივთებს რეალურ ფასზე უფრო ნაკლებად ყიდიან. ჩვენთან საუბრისას დიდ გულისტკივილს გამოხატავენ მოვაჭრეები იმის გამო, რომ ნივთებს ვეღარ ყიდიან. ნაწილი ეკონომიკურ კრიზისს აბრალებს, ზოგი თვითონ მოსახლეობას, ზოგიც მთავრობას ადანაშაულებს ყველაფერში. "არ ვიცით, რას დავაბრალოთ ეს პროცესი, ეკონომიკურ კრიზისს თუ მოსახლეობის გულგრილობას ანტიკვარული ნივთებისადმი", - ამბობენ მოვაჭრეები. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, ეგრეთწოდებული მშრალი ხიდის ბიზნესი სულს ღაფავს.
თაკო ზედელაშვილი
|