ნანახია: 882
"ერთად გადავარჩინოთ მომავალი" – მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს ასეთი მოწოდებით დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა", რომელიც შექმნის პირველივე დღიდან უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა და ოჯახების იმედი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. პაატა ბურჭულაძის წინადადებას, საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღების შესახებ, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები პირველივე შეთავაზებაზე დათანხმდნენ და დღემდე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო კონცერტებში. კონცერტიდან შემოსული თანხები კი მთლიანად მზრუნველობამოკლებულ პატარებს ხმარდება. 20 ოქტომბერს თბილისში ქართველი პატარების დასახმარებლად კიდევ ერთი საქველმოქმედო გალა-კონცერტი ჩატარდება. ამჯერად კონცერტი საყოველთაოდ ცნობილი პროექტის – "სამი ტენორის" ეგიდით ჩატარდება. მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული საოპერო მომღერლები - იტალიელი ტენორი მარკო ბერეტი, ასევე იტალიელი მომღერალი რობერტო არონიკა, რომელთან ერთადაც სახელგანთქმული ქართველი ტენორი ბადრი მაისურაძე იმღერებს, ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად უანგაროდ წარსდგებიან.. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს კი ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. კონცერტი შარშანდელი აქციის გაგრძელება იქნება, რადგან შემოსული თანხა კვლავ ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება. შესაძლოა კონცერტი ტელევიზიით კვლავ გადაიცეს და გაიმართოს ტელემარათონიც, რადგან ფონდის პრინციპი – "ერთი ადამიანის ბედით დავაინტერესოთ მთელი საზოგადოება" გახლავთ. მით უფრო, რომ ახლა საქმე ეხება არა ერთ, არამედ 123 დაობლებულ ბავშვს. ბოლო დროს კი ამ კონცერტის ორგანიზებასა და ზოგადად ფონდ "იავნანას" გარშემო ხელოვნურად იქმნება პრობლემები. თუმცა ამაზე ფონდის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებენ. გარდა ამისა, კულუარებში გავრცელდა ხმები, რომ ხელისუფლება ფონდ "იავნანას" ალტერნატიული საქველმოქმედო ფონდის შექმნას გეგმავს. ის, რაც ბოლო დროს პაატა ბურჭულაძისა და ფონდ "იავნანას" გარშემო ხდება, ბუნებრივად წარმოშობს ეჭვს, რომ ვიღაც შეგნებულად ცდილობს ფონდის მიღწევები დააკნინოს. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ის ფაქტიც, რომ ე.წ. ნაციონალური არხები გააფრთებით უტევენ პაატა ბურჭულაძეს იმის გამო, რომ მან მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პიროვნებას ლამის ქვეყნის მტრად აცხადებებ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძისა და მისი საქმიანობის დისკრედიტაცია ძალიან ძნელია და ის თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. თათია ჩაფიჩაძე
|