ნანახია: 1014
ვაჟა ბერიძე, "ბ&ფ"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე
- ბატონო ვაჟა, თქვენი კატეგორიული უარის მიუხედავად, რომ `ბ&ფ~-ს ზედიზედ მეორე ნომერში არ გსურთ იყოს თქვენთან ინტერვიუ, გთხოვთ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ. ამ კითხვების შინაარსით, ვგონებ იოლად მიხვდებით, რატომ გთხოვდით საუბარს დაჟინებით. - კარგით, ბატონო. - "ალიას" ინფორმაციით, კრასნოდარში ჩატარდა ფორუმი "რუსეთი-საქართველო: რა უნდათ ხალხებს". - ააა, მიგიხვდით! მეც გავეცანი ამ ინფორმაციას. მინდა იმედი გაგიცრუოთ: ვაჟა ბერიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოდან ამ ღონისძიებაში, მე არ გახლავართ. ბერიძე ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია საქართველოში. ეტყობა, სახელი - ვაჟა ამ გვარს კარგად ერითმება. მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ვაჟა ბერიძეს, ყველა კარგი პიროვნებაა და ყველას პატივს ვცემ. ერთი, ისტორიკოსი ვაჟა ბერიძე ადრე ბორჯომის გამგებელი იყო, სხვა ვაჟა ბერიძე, ეკონომისტი, გაკოტრებულ მეანაბრეთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე და ა.შ. მე კი ვარ ისტორიკოსიც და ეკონომისტიც განათლებით, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი საქმიანობის შინაარსით, მაგრამ აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა ნამდვილად არ მიმიღია. - გასაგებია. დღეს მაშინ, იქნებ ის აურზაური შეაფასოთ, რაც თეა თუთბერიძის მიერ ინტერნეტ-სივრცეში კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ უხამსი ვიდეო-რგოლების განთავსებას მოჰყვა. - აბა, ჩემო კარგო, რა უნდა გითხრა. იმდენად აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რომ რაღაცით უეცრად მთელი საქართველო მილოშ ფორმანის ფილმის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" პერსონაჟებს დაემსგავსა. ვდაობთ იმაზე, რაც უდაოა. - მაინც რა არის უდაო? უდაოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის სესახებ ასეთი რგოლების განთავსება საინფორმაციო სივრცეში არ შეიძლება. რამდენადაც არ უნდა გაიყოს პრობლემა - სამართლებრივი, მორალური, ზნეობრივი, ეთიკური და ასე შემდეგ, უეჭველია, რომ ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური თემის, მართლმადიდებელთა უზენაესი მოძღვრის და სულიერი მამის მიმართ ასეთი აშკარად შეურაცხმყოფელი აქტი დასაგმობია. არათუ მართმადიდებელთა წინამძღოლის, არამედ სხვა რელიგიური თემების - მუსულმანთა, კათოლიკეთა, გრიგორიანელთა, პროტესტანთა, იუდეველთა, ან თუნდაც ორმოცდაათიანელების, ბაპტისტების, სხვების ლიდერზე ასეთი ვიდეო-პასკვილების გამოქვეყნება არ შეიძლება. ეს რწმენის სფეროა, ადამიანური ეგზისტანსის მიღმური, მეტაფიზიკური, მარადიულთან წილნაყარი, ყველაზე სანუკვარი და სათუთი არეალია. მისი ხელყოფის, წაბილწვის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქიც, ისე როგორც სხვა რელიგიური ლიდერებიც მოქალაქეები, ადამიანები არიან, თუ ისინი ჩაიდენენ დანაშაულს (ღმერთო მომიტევე) - მოკლავენ ადამიანს, ჩაიდენენ ყაჩაღობას, ქურდობას, ძარცვას, გაუპატიურებას, სხვა დანაშაულს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოიკვლიონ საქმე, ხოლო საზოგადოებამ, როგორც რელიგიურმა თემმა, ისე მთელმა საზოგადოებამ, უნდა გაკიცხოს ისინი და სათანადო მიაგოს. სხვა შემთხვევაში მათი შეურაცხყოფა, ისე როგორც იესო ქრისტეს, მუჰამედის, წმინდანების და ასე შემდეგ მიუღებელი და დაუშვებელია. ეს შეურაცხყოფს ამ კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის ღირსებას. - არსებობს პრეცედენტი დანიაში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაც თითქოს ევროპამ გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია. მოცემული ფაქტი და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები მე პირადად გამიზნული პროვოკაცია მგონია. ევროპულმა საზოგადოებამ დაგმო ეს ფაქტი. მან უფრო გააპროტესტა ის გაშმაგებული და უხეში ფორმა პროტესტის, რომლითაც მუსულმანურმა სამყარომ უპასუხა ამ კარიკატურების გამოქვეყნებას. ესეც რომ არ იყოს, მექანიკურად მოვლენების გადმოღება არ გვარგებს და არც უნდა გადმოვიღოთ. აბა, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, საბერძნეთში, სოლიდურმა გაზეთმა დაბეჭდოს იესო ქრისტეს კარიკატურები, ან უსაფუძვლოდ შეურაცხყოს ბერძენი პატრიარქი, ან კიდევ თურქეთში, `ჰურიეთმა~ გამოაქვეყნოს მაცხოვრის კარიკატურები, ან თუნდაც პასკვილები რომის პაპზე. თალიბების `პოლიტიკური დასასრული~ დაიწყო, როცა ზარბაზნები დაუშინეს ბუდას უძველეს, კლდეში ნაკვეთ ქანდაკებას და კომპლექსს. ასე რომ, ეს მარტივი საქმე არ არის, მაგრამ უაღრესად ცხადია ყველაფერი, იმავდროულად. - რა დამოკიდებულება გაქვთ თეა თუთბერიძის საქციელისადმი? - უარყოფითი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა, საკმაოდ გამჭრიახი პიროვნება, ჰეროსტრატეს კომპლექსითაა შეპყრობილი. იგი საკმაოდ ცნობადი სახეა, რომ უნდოდეს უფრო ცნობილი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი პოზიციაა, ძალიან რადიკალური და ჩემთვის მიუღებელი ფორმით გამოხატული. ეს მას არ უნდა გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა ის თუ ათეისტი. ადამიანებს სრული უფლება აქვთ იყონ ათეისტები. ჩემთვის ასევე მიუღებელია იმ ახალგაზრდა კაცის პოზიცია, რომელიც ამბობდა: მე არ მინახავს პატრიარქის ეს შეურაცხმყოფელი ვიდეო-რგოლები, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგი და აღშფოთებული ვარო. თუ არ გინახავს, აღშფოთებული რატომ ხარ? ასეთი პრიმიტიული გაგება მართლმადიდებლობისა აძლევს საშუალებას მის არაკეთილმოსურნეებს იქედნურად მოიხსენიონ იგი, როგორც ORTODOXS CHURCH, ორთოდოქსიისთვის, ანუ დოგმატური რელიგიური მოძღვრებისთვის დამახასიათებელი შესაბამისი კონტექსტით. არც იმას ვიწონებ, როცა მეუბნებიან მე მართლმადიდებელს, რომ არ წავიკითხო დენ ბრაუნის "დავინჩის კოდი", რამეთუ მკრეხელურია. რომ არ წამეკითხა `დავინჩის კოდი~, ვერ გავიგებდი, ვინ და რატომ ებრძვის ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელს, ისე კათოლიკურს და ღვთის რწმენას საერთოდ. - თეა თუთბერიძე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და უზენაესი უფლებაა. თუმცა, ის როგორც ყველა უფლება და თავისუფლება, ტავდება იქ, სადაც იწყება სხვისი და სხვების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა. თუ ვინმეს უნდა რუსთაველის გამზირზე შიშველმა ჩაიაროს და თავისი გენიტალიების დემონსტრირება მოახდინოს, ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს საზოგადოებაში მირებული ნორმების დარრვევაა. თუ მავანს გაუჩნდება სურვილი, სახეში შეაფურთხოს მისთვის მიუღებელ სხვა პიროვნებას, არც ესაა გამოხატვის თავისუფლება. თუ იმ სხვამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება, შეფურთხების ნაცვლად, მოცემულმა სუბიექტმა პატრულს უნდა მიმართოს და უზრუნველყოს სამართალდამრღვევის სატანადო დასჯა. - როცა ახლანდელი "თბილისი მარიოტის" აივანზე, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, გამოსულმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ გოლოვინის პროსპექტზე მოსეირნე ქართველ თავადა აივნიდან თავზე დააფურთხა, თავადმა შეუძახა - რას შვრებიო. მე თავისუფალი კაცი ვარ და რასაც მინდა იმას ვშვრებიო, - უთხრა რევოლუციის ტრუბადურმა. აუსწრო თავადმა მეორე სართულზე მაიაკოვსკის და იმდენი ურტყა, სიგრძე სიგანედ გაუხადა. თან უთხრა, - მეც თავისუფალი კაცი ვარ და რასაც მინდა იმას გიზამო. მე, რა თქმა უნდა, ლინჩისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალბატონი თუთბერიძე ცდება, როცა ამ გზით ცდილობს თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებას. - თქვენი აზრით, რას იზამს პატრიარქი? - თუ ქალბატონი თეა მართლმადიდებელია, ვფიქრობ, შეუნდობს. მისი უწმიდესობა უგანათლებულესი და ბრძენი ადამიანია. ჩვენი ქვეყანა ბედნიერია, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. მაგრამ, მოდით, ჩვენ სხვა რამეს გავუსვათ ხაზი. რაც მოხდა, მხოლოდ თეა თუთბერიძის აქცია არ არის. ყველამ ვცეთ ერთმანეთს პატივი და ვიყოთ გულწრფელები. ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი გავლენიანი ჯგუფისთვის მიუღებელია პატრიარქის ესოდენ მაღალი რეიტინგი, დიდი ავტორიტეტი. ესენი არიან უკიდურესი კოსმოპოლიტები, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი, რომელსაც პატრიარქისთვის ვერ უპატიებია, რომ მან 1991-1992 წლებში ცალსახად მათი მხარე არ დაიკავა. ესენი არიან უკიდურესი და რადიკალური ლიბერალები, მედასავლეთეთა ნაეილი, რომელთაც შეცდომით ჰგონიათ, რომ პატრიარქი და მართლმადიდებლობა ხელს უშლის საქართველოს სრულფასოვან ჩართვას ევროინტეგრაციულ პროცესებში. ამიტომ არის შეშფოთებული თუთბერიძე და ეს ჯგუფი პატრიარქის ავტორიტეტით. მათ ჰგონიათ, რომ პატრიარქის დისკრედიტაციითსაქართველოს მოდერნიზაციისკენ გზაზე ბოლო ბარიერს მოშლიან. არადა, საქმე რეალურად პირიქითაა. - კონკრეტულად რა ვერ უპატიებიათ პატრიარქისთვის მის კრიტიკოსებს? რასაც საქართველოს მტრები ვერ პატიობენ საქართველოს. - თუმცა, მე მაიმედებს პრეზიდენტ სააკაშვილის პრაგმატიზმი და რეალიზმი. მან უნდა აუხსნას თავის გუნდს, რომ პატრიარქი, როგორც გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგშია~, აწყვეტილ და უფსკრულისკენ მიმქროლავ თავის ვაჟს, ისე საქართველოს ამჟამინდელ ახალგაზრდულ სახელისუფლო გუნდს, აოკებს და იჭერს, რათა მათ დროულად გაუხვიონ უფსკრულიდან ნატელი შარა-გზისკენ და საქვეყნო საქმე აკეთონ. ამიტომ, მე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქლაქე, ყველას ვთხოვ, ვინც კრიტიკულად უყურებს, ჩვენს სულიერ წინამძღოლს, კარგად გაიაზრონ რა თქვა და რატომ თქვა, ის რამდენიმე მათთვის გაუგებარი და მიუღებელი თეზა, რასაც ქალბატონი თუთბერიძე და მისი თანამოაზრეები უწმინდესს და უნეტარესს ვერ პატიობენ. ის ყველაფერი ხომ, უპირველე ყოვლისა, მათ სასარგებლოდ მათი ხსნისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის ითქვა. - ჯარი, რომელიც ჩაერევა სამოქალაქო დაპირისპირებაში, არ გამოდგება სამშობლოს დამცველად; - ჩვენ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა აგვისტოს ომი; - გემის კაპიტანმა უნდა იცოდეს გემის მართვა, რათა ის წყალქვეშა მეჩეჩებს და კლდეებს არ დააჯახოს; კრიზისი ქვეყანაში უნდა გადაიჭრას საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით. პატრიარქი ამ განცხადებებით პოლიტიკაში არ ჩარეულა. ის არც მაშინ ჩარეულა პოლიტიკაში, როცა 2003 წლის 2 ნოემბერს არცეულ შევარდნაძის პარლამენტში არ მივიდა და ამით ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფს მხარი დაუჭირა. არც მაშინ, როცა ვარდების რევოლუციის შედეგები აკურთხა, არც მაშინ, როცა საკმაო დარღვევებით ჩატარებული 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნო. უბრალოდ, პატრიარქი გონიერი და ბრძენი ადამიანია და მისი ყველა ნაბიჯი თუ ნათქვამი საქართველოს ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს.
ესაუბრა მერაბ იჩქიტიძე
|