ნანახია: 958
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან შრომის ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების კათედრები გაუქმდა. თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტებზე სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, მრავალი რეფორმა გატარდა. შემუშავდა ახალი პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა დონეზე. შეიქმნა ინგლისურენოვანი ე.წ. ელიტური ჯგუფები, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა უცხოენოვან პროგრამებს დაეუფლონ. ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. რეფორმები ასევე მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შერჩევასაც ითვალისწინებდა. ამ მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიწვიეს ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ციმერმანიც. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი. როგორც ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ელენე ახვლედიანმა "ბ&ფ"-ს განუცხადა,Fფაკულტეტის სტრუქტურა არ ითვალისწინებდა კათედრების არსებობას. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი – ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება, რომელიც იყოფა ქვემიმართულებებად. ერთ-ერთი ქვემიმართულება იყო შრომის ეკონომიკა. ვინაიდან შრომის ეკონომიკის მეცნიერება და სასწავლო კურსი აქცენტებს აკეთებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შრომის ბაზრის ფუნქციონირება, დასაქმება და უმუშევრობა, მიგრაცია, სოციალური პოლიტიკა და ა. შ., რაც იმავდროულად მაკროეკონომიკის შესწავლის სფეროს განეკუთვნება, ფაკულტეტის სტრუქტურის რაციონალიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ ორი ქვემიმართულების გაერთიანება. შრომის ეკონომიკის ქვემიმართულების ორივე წევრი ამჟამად სრულად არის დატვირთული მათი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის სპეციალიზაციის გათვალისწინებით. "ანალოგიური მდგომარეობა იყო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ქვემიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, აქაც ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ პარალელიზმს საერთაშორისო ბიზნესისა და შრომის ეკონომიკის ქვემიმართულებებთან. კერძოდ, ამ ქვემიმართულების პროფესორები კითხულობდნენ საერთაშორისო ვაჭრობას (რომელიც საერთაშორისო ბიზნესის განუყოფელი ნაწილია); ხალხთმოსახლეობა და მსოფლიო განვითარება (ანუ შრომის ეკონომიკის საგნის შემადგენელი ნაწილი) და სხვა. შესაბამისად, პარალელიზმის აღმოფხვრის მიზნით აღნიშნული საგნები და მათი წამკითხველი ლექტორები გადანაწილდნენ რამდენიმე მაპროფილებელ ქვემიმართულებაზე. ისინი სრულად არიან დატვირთული აკადემიური საათებით", - ამბობს ელენე ახვლედიანი. "ბ&ფ" ასევე დაუკავშირდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ქვემიმართულების სრული პროფესორის თანამდებობის პრეტენდენტ ლარისა ყორღანაშვილს, რომელმაც სრულიად საწინააღმდეგო რამ განაცხადა. ლარისა ყორღანაშვილი უამრავი ნაშრომის ავტორია, მონაწილეობა აქვს მიღებული კონფერენციებში ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთსა და საფრანგეთში. მისი თქმით, 24 სექტემბერს თსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ, 276-ე დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები, რომლის საფუძველზეც, საერთაშორისო ეკონომიკის ქვემიმართულების სრული პროფესორის თანამდებობა კვლავ ვაკანტურად დარჩა. ქალბატონი ლარისა აღშფოთებას ვერ მალავს კონკურსის შემდეგ ამ ქვემიმართულებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე გაუქმდა ეკონომიკის მიმართულების ყველაზე ნაყოფიერად მომუშავე საერთაშორისო ეკონომიკის ქვევიმართულება, რომლის სასპეციალიზაციო მოდულზე ეკონომიკის მიმართულების სტუდენტთა უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლობს. მაშინ, როდესაც მაგისტრატურაში უკვე დაკომპლექტებულია ჯგუფები და გარდა ამისა, ეკონომიკის მიმართულებაზე ყველაზე მეტი მაგისტრანტი სწორედ ამ ქვემიმართულებაზე სწავლობს. საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობაზე ფუნქციონირებს ასევე დოქტორანტურაც.Aაღნიშნული სიტუაციის ფონზე კი ისეთი ქვემიმართულებების შენარჩუნება ხდება, რომლებსაც ისევე როგორც ბაკალავრიატის სასპეციალიზაციო მოდულებზა, ასევე მაგისტრატურის სპეციალობებზე სტუდენტები არ ჰყავთ. ყველაზე მეტი ბუნდოვანება და გაუგებრობა ქალბატონი ლარისას აზრით გამოწვია საერთაშორისო ეკონომიკის ქვემიმართულების ,,საბჭოთა გადმონაშთად" დასახელებამ და მისი გაუქმების მთავარ მიზეზად მოყვანამ. Dეს მაშინ, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუგმანის სახელმძღვანელო ,,საერთაშორისო ეკონომიკა" მსოფლიოს საუკეთესო სახელმძღვანელოდ არის მიჩნეული. გარდა ამისა, აშშ-სა და ევროპაში ხდება ამ სპეციალობის კადრების მომზადება და ამიტომ იგი ვერ იქნება საბჭოთა გადმონაშთი. ქალბატონი ლარისა ასევე ეჭვქვეშ აყენებს თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტზე ჩატარებული აკადემიური პერსონალის კონკურსის სამართლიანობის საკითხსაც, რადგან თსუ-ს დადგენილების საფუძველზე ჩატარებულმა კონკურსის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა. კერძოდ ის, რომ 21 სექტემბერს დამტკიცებული და 5 წევრისგან შემდგარი კომისია (ერთს საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონაწილეობა, ხოლო 2 ქართულ ენას საერთოდ არ ფლობს) გაეცნო 172 კონკურსანტის საბუთს, შეაფასა დადგენილი წესის შესაბამისად და შედეგები 24 სექტემბერს უკვე აკადემიურ საბჭოს წარუდგინა. კომისიის შემადგენლობაში ქართველი წევრებიც შედიოდნენ. გარდა ამისა, დაირღვა თსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი, რომლის მიხედვითაც შემაჯამებელ ოქმს კომისიის ყველა წევრმა არ მოაწერა ხელი. ასევე, შემაჯამებელ ოქმში ფინანსებისა და საერთაშორისო ქვემიმართულებებზე არის ვაკანსია მითითებული, ხოლო აკადემიურ საბჭოს დადგენილებაში არა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ქალბატონი ლარისა განმარტავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი მარტო თსუ-ში გატარებული რეფორმების შედეგი კი არა, არამედ პირად ანგარიშსწორებაც არის. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვილი არის კიდევ რამდენიმე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. აღნიშნული კონკურსის შედეგს იგი პირად და ზოგიერთი კოლეგის ღირსების შელახვად აფასებს. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები ჯერ არ არის სათანადო კონდიციამდე მიყვანილი. მანმადე კი სტუდენტებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას თსუ-ს შვილობილი ინსტიტუტი ,,აისეტი" სთავაზობს, სადაც გარკვეული სპეციალობები მაღლივი კორპუსიდან სწორედ აქ არის გადმოტანილი. ,,აისეტს" სურს უნივერსიტეტის ინტელექტუალური პოტენციალის და სტუდენტების გამოყენება. ახალგაზრდები იქ სწავლობენ გარკვეულ საგანს და შემდეგ მარტივად ხდება საგნის ჩათვლა, რაც მიუღებელია. იგი მხოლოდ ფორმალურად შემოდის ფაკულტეტზე, მაგრამ მისი ბიუჯეტი და შემოსვლები არის მხოლოდ მათი. ჩვენ ბაკალავრიატში უფრო მეტს ვასწავლით, ვიდრე ისინი მაგისტრატურაში", - ამბობს ქალბატონი ლარისა რეფორმაUთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური კადრების გაშვებით განხორციელდა. მაშინ როდესაც პირიქით უნდა ხდებოდეს. სამეცნიერო და პედაგოგიური მიღწევევბის მიუხედავად, უნივერსიტეტის რეფორმამ ბევრი ღირსეული და პროფესიონალი კადრი შეიწირა.
ქეთი სიხუაშვილი
|