ნანახია: 1090
პურის საცხობებს ბაზარზე შეღებილი ფქვილისგან გამომცხვარი შავი პური გამოაქვთ. ნამდვილ რუხ პურს საქართველოში ვერ იყიდით
"შავ პურზე" დიდი მოთხოვნილებაა, ბაზარიც ამაზე ადეკვატურად რეაგირებს და გამომცხვარი პურის საკმაო ნაწილი შავ და რუხ პურს უჭირავს. შავ პურს ეტანებიან ზედმეტი წონით შეწუხებული ადამიანები, დიეტაზე მყოფნი, რომლებიც მიღებილ კალორიებს პუნქტუალურად ითვლიან, დიაბეტით დაავადებულები და უბრალოდ გურმანები, რომლებსაც თეთრ პურს ჭვავის, შვრიის, ქერის, ხორბლის შავი ან კიდევ, ცეხვილი ქვილისგან მიღებული პურ-ფუნთიშეული ურჩევნიათ. დღეს ამ ადამიანების უფლება, - შეიძინონ სასურველი პროდუქტი, უხეშად ირღვევა. საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ექსპერტებიც, დარწმუნებულები არიან, რომ ბაზარი გაჯერებულია ფალსიფიცირებული პურით, რომელიც შეღებილი ფქვილისგან არის გამომცხვარი. განმკითხავი კი არავინაა. შაქრიანი დიაბეტი დღეს მსოფლიოში და ჩვენთანაც ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადების მატარებელი ადამიანების რაციონის ერთ-ერთი ძირითადი საკვები შავი და ჭვავის პურია, რადგან მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. ამასთანავე, შავსა და ჭვავის პურში შაქრის შემცველობა თეთრ პურთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებია. როცა დიაბეტით დაავადებული ადამიანი შავ პურს ყიდულობს, ყიდულობს მას როგორც წამალს, თუმცა მან არ იცის, რომ შესაძლოა ეს შავი კი არა, თეთრი პური აღმოჩნდეს. რის შემდეგაც ავადმყოფის ორგანიზმი დამატებით შაქარს იღებს, რომელიც აკრძალული აქვს. ასეთ დროს შეიძლება ავადმყოფი კომაშიც კი ჩავარდეს და მის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეექმნას. არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" მედ-ექსპერტის ზურაბ ფუტკარაძის განცხადებით, როცა დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ფალსიფიცირებულ, ანუ ორგანული საღებავებით ფერშეცვლილ შავ ან ჭვავის პურს ვაძლევთ, ეს ნიშნავს, რომ ის დამატებით შაქარს იღებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. "შეიძლება პურს ფერი ორგანული საღებავებით ისე შევუცვალოთ, რომ ჩვეულებრივი თეთრი პური შავ ან ჭვავის პურს დაემსგავსოს. დაახლოებით 4-5 წლის წინ, როცა მე ამ სისტემაში ვმუშაობდი, ჩავატარეთ კვლევები, რომლითაც დადგინდა, რომ წარმოებული პროდუქტის 30% შეღებილი იყო. ახლა საცხობების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფალსიფიცირებული პურის რაოდენობაც მეტია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საღებავები ჯანმრთელი ადამიანისთვის მავნე და საშიში არ არის, რადგან ისინი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, საკონსერვო თუ საკონდიტრო ნაწარმისთვის ფერის მისაცემად, მაგრამ დიაბეტით დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს", - აცხადებს ფუტკარაძე. მომხმარებელთა ფედერაციაში არ უარყოფენ რომ მათთან უამრავი საჩივარი შედის ამ საკითხთან დაკავშირებით და მიმართეს კიდეც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა საელჩოებს, თუმცა ყველგან უარი განუცხადეს გამოკვლევების დაფინანსებაზე. "ჭვავისა და შავი პურის ხარისხზე მომხმარებელთა საჩივრები საგანგაშო ზღვარს აღწევს. განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებული ადამიანები მოგვმართავენ, რომლებიც ამ პროდუქტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყენებენ. თითქმის ყველა მათგანი ჭვავისა და შავი პურის უხარისხობას უჩივის და ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროდუქტები უხარისხო თეთრ ფქვილში საღებავების დამატებით მიიღება. ეს კი მათ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს", _ აცხადებენ ფედერაციაში. შავი და ჭვავის პურის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მომხმარებლების ეჭვების საფუძვლიანობას პურის საწარმოების ნაწილიც არ უარყოფს, თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ მათ საწარმოში მსგავსი რამ არ ხდება. როგორც "ბეზეკის" საწარმოში აცხადებენ, აუცილებელია ტესტის ჩატარება პურის ფალსიფიცირების დასადგენად, რადგან, საერთოდ, ეჭვი შეაქვთ ჭვავის ფქვილის არსებობაზე საქართველოში. "შავი პური არ შეიძლება ხორბალზე მუქი ფერის იყოს. სხვა შემთხვევაში, იგი მოხალული ფქვილით ან ორგანული საღებავების დამატებით არის მიღებული. რაც შეეხება ჭვავის პურს, ნამდვილად არ გამიგია, რომ ქვეყანაში ვინმეს ჭვავის ფქვილი შემოჰქონდეს. ამიტომ ძნელი სათქმელია, ჭვავის პურს ვინ და როგორ ამზადებს", - აცხადებენ საწარმოში. აქვე იმითაც იწონებენ თავს, რომ "ბეზეკის" შავი პური მათივე წისქვილში ჩამოფქვილი ცეხვილი ფქვილით მზადდება და საკუთარი ნედლეულითვე ამზადებენ დიაბეტურ პურს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებენ. მართალია, "ბეზეკის" საწარმოში არ იციან ჭვავის ფქვილის იმპორტიორების არსებობის შესახებ, თუმცა როგორც "ჯეოკინგის" ხელმძღვანელობა აცხადებს, საქართველოში ჭვავის ფქვილის იმპორტი ნამდვილად ხდება და უფრო მეტიც, ბაზრის 70%-ს ამ ფქვილით სწორედ ისინი ამარაგებენ. ფქვილს აწვდიან, როგორც "ლიტვური პურის საცხობს" ისე შპს "მზარეულ 1"-ს, "კოლხს", "გერანს" და "გრანუსს", რომელთაგანაც, მათი მტკიცებით, ყველა აცხობს ჭვავის პურს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებსაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევალებათ, შეშფოთებულები არიან არსებული ვითარებით, მაგრამ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჭვავის ფქვილის იმპორტი ნამდვილად ხდება, თუმცა ის რაოდენობა ფქვილისა, რაც შემოდის, ნამდვილად არ შეესაბამება ბაზარზე არსებული ჭვავის პურის რაოდენობას და უფრო მეტიც, ბევრად აღემატება მას. ამ პრობლემით მიმართეს კიდეც სურსათის უვნებლობის სამსახურს, თუმცა უშედეგოდ. "საქართველოს მთავრობა ცდილობს დაანახოს დასავლეთს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად ასეთი ორგანიზაცია აქვს, რომელსაც სურსათის უვნებლობის სამსახური ჰქვია, მაგრამ მას კონტროლის უფლება არ გააჩნია და მხოლოდ მონიტორინგის უფლება ეძლევა და ისიც ლოგიკას არ ექვემდებარება. მაგალითად, შეუძლია ბაზარზე არჩევით შეიძინოს პროდუქცია და შეამოწმოს. თუ ანალიზი უარყოფითი იქნება, მეწარმეს გაფრთხილების მიზნით მისწერენ, რომ მიიღოს ზომები. თუ მეწარმე გაფრთხილებას არ დაექვემდებარა, ამის შემდეგ მიმართავენ სასამართლოს. დააკვირდით რა ალოგიკურად ვითარდება პროცესი: საეჭვო პროდუქციის მიკრობიოლოგიურად შემოწმებას 5-7 დღე სჭირდება, არც ერთი თავმომწონე ლაბორატორია ერთი შემოწმების შედეგად დასკვნას არ გასცემს. მით უფრო, თუ უარყოფითი პასუხი მიიღო, მას გადაამოწმებს. ბუნებრივია, ამას დრო სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში კი პროდუქცია იყიდება. ძალიან კრიტიკული სიტუაციაა ქართული პროდუქციის წარმოებაში. ჩვენ მიერ მოპოვებული დარღვევების შესახებ ხშირად ვაწვდით ინფორმაციას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს მაგრამ უშედეგოდ", _ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. სურსათის უვნებლობის სამსახურში შავი და ჭვავის პურის ხარისხზე კონტროლის შეჩერებას არ გამორიცხავენ, მაგრამ აქვე იმასაც ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგი ხორციელდება. სამსახურის წარმომადგენელთა მტკიცებით, ტენდერი ივლისში ჩატარდა და გამარჯვებულმა კომპანიებმა მონიტორინგი უკვე დაიწყეს. მათი ინფორმაციით ქსელში არსებული უხარისხო და ვადაგადაცილებული პროდუქტების შემოწმებაზე ოთხი კომპანია - "მომავალი საუკუნე", "ეტალონი", "ღვინის ლაბორატორია" და "სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტი" მუშაობენ. "იმის მტკიცება, რომ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტები ნამდვილად ჭვავის ან შავი პურია, შეუძლებელია. მონიტორინგის დროს სუპერმარკეტებიდან წელიწადში ერთხელ ვიღებთ ნიმუშებს და მათზე ლაბორატორიულ ანალიზს ვატარებთ. თუმცა 2010 წლიდან უკვე ამოქმედდება სურსათის უვნებლობის კანონის შეჩერებული მუხლები, რაც უკვე კონტროლის საშუალებას მოგვცემს", - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში. ბოლოს მაინც იქამდე მივდივართ, რომ სურსათის ხარისხის კონტროლს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურს აკისრებენ, თუმცა ფაქტობრივად, მას ხელები აქვს შეკრული, რადგან 2006 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შეიტანეს 2005 წელს მიღებულ კანონში სურსათის უსაფრთხოების დაცვის შესახებ და მისი მოქმედება ჯერ 2008 წლის პირველ ივნისამდე, შემდეგ კი 2010 წლამდე შეაჩერეს. სწორედ ეს არის საგანგაშო ფაქტი. თუ ვინმე არ მოიწამლა, არ დაავადდა ან არ დაიღუპა, სურსათის ხარისხს საჭირო ყურადღებას არავინ აქცევს. სხვა რაღა დაგვრჩენია, უნდა მოვითმინოთ იანვრამდეც იმ იმედით, რომ შემდეგ მაინც გვეცოდინება რითი ვიკვებებით. "მომხმარებელს თუ არ მოეწონა პროდუქტი, მეტჯერ არ შეიძენს და ბაზარიც დარეგულირდება", _ ასეთი გამოსავალი იპოვა პრობლემიდან საქართველოს ეკონომიკის იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ. ვგონებთ, ჩვენი ხელისუფლება სწორედ მსგავსი გამოსავალით ცდილობს პრობლემის გადაჭრას, მაგრამ არავის უფიქრია, რომ "ბაზრის დარეგულირება" შესაძლოა ბევრს ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდეს.
ნინო თამაზაშვილი
|