ნანახია: 821
5 ოქტომბერს სახელმწიფო ფილარმონიამ მაყურებელს უმასპინძლა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზი უკვე მზად არის. პირველი კონცერტი ყველასათვის საყვარელმა ნანი ბრეგვაძემ ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ 5 ოქტომბერს მხოლოდ ის დარბაზი გაიხსნა, სადაც უშუალოდ კონცერტები ტარდება, სხვა დარბაზებში კი სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ხელშეკრულების თანახმად, დარბაზი 2009 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, მაგრამ კომპანია International Event-ის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართეს, ეს თარიღი სექტემბრამდე გადაევადებინათ. მიზეზად ზაფხულში მიმდინარე მძიმე მოვლენები დასახელდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, იგი არც სექტემბერში გახსნილა. დარბაზის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ განგვიმარტა, რომ სექტემბერი არასაკონცერტო სეზონია და დამქირავებელი არ გვყავდაო. ქართულ-ამერიკული International Event-ი Eastern Promotion-ის შვილობილი კომპანიაა. იგი სწორედ ფილარმონიის სარეაბილიტაციოდ შეიქმნა და შესაბამისად, სხვა მსგავსი პროექტები მას ჯერ არ დაუფინანსებია. შეგახსენებთ, რომ აპრილში ჩატარებული ტენდერის შედეგად ფილარმონია კომპანია International Event-ს გადაეცა 49 წლიანი მართვის უფლებით. სწორედ ამ კომპანიამ გაარემონტა შენობა და მათი განცხადებით ეს დაგეგმილი 5 მილიონის ნაცვლად, 8 მილიონი დაუჯდათ. დარბაზი სრულებით შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და კომფორტულ გარემოს შეუქმნის მაყურებელს. გარეთა ხედი მთლიანად მინის კონსტრუქციით შეიცვალა, დამონტაჟდა მსოფლიო კლასის მუსიკალური აპარატურა. შეკითხვაზე, გაიზრდება თუ არა ბილეთის ფასი, გიორგი კერესელიძე გვპასუხობს, რომ "ეს მთლიანად იმ ორგანიზატორებზეა დამოკიდებული, რომლებიც დარბაზს დაიქირავებენ. დარბაზის დაქირავება კი, არც მეტი არც ნაკლები, 15 000 ლარი ეღირება, მაშინ როდესაც ადრე სულ რაღაც 6 000 ლარი ღირდა. თავის დროზე, როცა 6 000 ლარი ღირდა დამქირავებელი ვერ იღებდა იმ სერვისს, რომელიც უნდა მიეღო და შესაბამისად, ფასიც სიმბოლური იყო. გამომდინარე იქედან, რომ კეთდება კონდენცირების სისტემა, ვენტილაცია, ახალი გახმოვანება, განათება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ხარჯებიც გაიზარდა. ზემოთჩამოთვლილი საშუალებები აქამდე არ არსებობდა. ამის გამო ორი ტრანსფორმატორის გამოცვლა მოგვიხდა, რომ სიმძლავრეები 4-ჯერ გაგვეზარდა. რა თქმა უნდა, ხარჯის გაზრდამ ფასის გაზრდაც გამოიწვია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზების სივრცეში (ოპერა, სპორტის სასახლე) ჩვენთან ყველაზე დაბალი ფასებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დარბაზი 2-ჯერ მეტი ტევადობის არის". მართალია, ბილეთების ფასი უშუალოდ International Event-ის წარმომადგენლებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მათ მიერ დაწესებული იჯარის ფასი პირდაპირ და ზუსტად აისახება ბილეთების ფასზე. როგორც ვხედავთ, დარბაზის იჯარის ფასი 2,5-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბილეთის ფასიც ამდენჯერვე გაიზრდება.
დაკო შონია
|