ნანახია: 824
სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის, უკვე რამდენიმე წელია არსებობს და თავის დროზე მის გარშემო საკმაო აჟიოტაჟიც იყო ამტყდარი. შეგახსენებთ, ოჯახები, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მეტისმეტად შეჭირვებულთა რიცხვს მიეკუთვნებიან, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ და ამასთანავე, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობენ. როგორც მთავრობა განმარტავდა, პროექტის მიზანი სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფაა. პროექტი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე. ჩანაფიქრი თითქოს კარგი იყო, მაგრამ პროექტს მაინც მოჰყვა პროტესტი როგორც ოპოზიციის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. ისინი იმ კრიტერიუმებით იყვნენ უკმაყოფილონი, რომლის მიხედვითაც ოჯახს სოციალური დახმარება ეძლეოდა. საქმე ისაა, რომ სოციალური აგენტი, ოჯახში მისვლის დროს აღწერდა თითოეულ საოჯახო ნივთსა თუ ქონებას და მათ გარკვეულ ქულას ანიჭებდა. ოჯახი, რომელიც დააგროვებდა 57 001 სარეიტინგო ქულას, სოციალურ დახმარებას მიიღებდა, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს. მაგრამ ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს არ მიაკუთვნეს, აცხადებენ, რომ კრიტერიუმები მეტად მკაცრი იყო. თუ სახლში ფარდა კიდია და ოჯახს საშუალება აქვს კბილის პასტა შეიძინოს, ის ღარიბად არ ითვლება და შესაბამისად, დახმარებაც არ ეძლევა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ საინფორმაციო საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ეს პირობები შეიცვლება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში მონაწილე პირთა შერჩევის კრიტერიუმები დაიხვეწება. საიტი იტყობინებოდა, რომ სოციალური სააგენტოს უფროსის, სანდრო ურუშაძის განცხადებით, აღარ არსებობს ბევრი "ყბადაღებული თემა", რომელზეც აქამდე იყო საუბარი. კერძოდ, ურუშაძის თქმით, ტელევიზორისა და გარკვეული ნივთების ქონა პროგრამაში მონაწილე ადამიანების შერჩევისას გავლენას აღარ მოახდენს. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჩვენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მოვმართეთ. ჩვენდა გასაკვირად, მათ უარყვეს ეს სიახლე. როგორც პრეს-სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ეკა ალავიძემ განგვიმარტა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიტერიუმები იცვლება, სიმართლეს არ შეეფერება, - "მართალია, ცვლილებები იგეგმება და ამაზე ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობს, მაგრამ ეს ახლო მომავალში ნამდვილად არ მოხდება, შორეული პერსპექტივაა". რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობას, ამ დროისათვის რეგისტრაცია გავლილი აქვს ნახევარ მილიონამდე ოჯახს. ანუ, ყოველი მერვე ოჯახი საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა!
თაკო მათეშვილი
|