ნანახია: 848
ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან (გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე)
- ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით "ეკონომიკური თავისუფლების აქტს"? რა პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს მის მიღებასთან დაკავშირებით? - ნებისმიერი "აქტის" თუ "ქარტიის" ღირებულება Magna Kharta Libertatis - "თავისუფლებათა დიდი ქარტიიდან" დაწყებული და ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით დამთავრებული, ჩვენთვის ისაა, თუ რას მოგვიტანს ესა თუ ის დეკლარილებული იდეები პრაქტიკულად. "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" მე განვიხილავ, როგორც ხელისუფლების კეთილი სურვილების ერთობლიობას, რომელმაც უნდა მოხიბლოს საქართველოს მოსახლეობა, ხილული პერსპექტივის მიუხედავად, დაარწმუნოს ნათელი მომავლის რეალურობაში და დაამშვიდოს. შესაძლოა, ენთუზიაზმითაც კი აღავსოს. თუმცა, მოლა ნასრედინისა არ იყოს, "რამდენიც არ უნდა იძახო - "ჰალვა", პირი არ დაგიტკბება", თუ ეკონომიკაში რეალური რეფორმები არ გატარდა, ნებისმიერი ლამაზი იდეების სკანდირება, ულტრარადიკალური ლიბერალიზმის გაუთავებელი და უშედეგო ქადაგება, საბოლოოდ დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას, ეს კი გააგრძელებს ქვეყნის დესუვერენიზაციას, დეზინტეგრაციას და დაქუცმაცებას. ხელისუფლების კეთილი სურვილების ეს ჩამონათვალი არაფრის მომცემია. ვიდრე რომელიმე აქტს განვახორციელებთ და ავამოქმედებთ, საჭიროა საგნობრივი დიალოგი. დიალოგი ხელისუფლებამ ხალხთან ურთიერთობის საფუძვლად გამოაცხადა, მაგრამ კონცეპტუალურ საკითხებზე ესაუბრებიან, ვთქვათ, არა ლადო პაპავას, არამედ, პროფესიით აგრონომს, ვაჭარს, დიასახლისს. ისინიც თავს უქნევენ ხელისუფალს, ადგილობრივი გამგებლის თანდასწრებით და დიალოგიც შემდგარია. მე რომ მკითხოთ, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ვიდრე აქტებზე და ქარტიებზე სასაუბროდ "ყელს მოვიღერებდეთ", მოვშლიდი კორუფციას ქვეყანაში. ის, რაც მოიშალა, კრიმინალი ქვედა დონეებზე, კარგია, მაგრამ კორუფციითაა გაჯერებული მთელი ჩვენი ეკონომიკა, ყველაზე მეტად კორუფცია მძვინვარებს ბიზნესში, თავის მხრივ ,ბიზნესი შეზრდილია ხელისუფლებასთან, ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად.
ტოტალური კორუფცია
- როგორ, თქვენ მიიჩნევთ, რომ ბიზნესია კორუფციის მთავარი წყარო და არეალი? - აბსოლუტურად ზუსტად სვამთ შეკითხვას. ქართული ბიზნესი - ეს არის რაღაც ბურუსით მოცული სფერო, სადაც არ მოქმედებს კონკურენციის კანონები, არ მოქმედებს თავისუფალი კონკურენციის არცერთი კანონი და პრინციპი, ყველა სფერო დანაწილებულია კლანებსა და ფარულ მონოპოლიებს შორის. იქნებ დამისახელოთ ბიზნესის რომელიმე შემოსავლიანი მიმართულება, სადაც ორი-სამი ან უფრო მეტი ბიზნეს-ჯგუფი ეჯიბრება ერთმანეთს ბაზრის უფრო მეტი სეგმენტის დასაკავებლად, ხელსაყრელი დაკვეთების მისაღებად სახელმწიფოსგან. თუ ვერ ხედავთ, არ გეწყინოთ და გკითხავთ, - უკაცრავად, თქვენ მარსიდან ხომ არ ბრძანდებით ჩამოფრენილი? - მაშინ, იქნებ დაასახელოთ კონკრეტული მიმართულებები და კონკრეტული ფაქტები. - გინდათ გმირი გავხდე? თუმცა, ეს რა გმირობაა?დღეს ქართული ეკონომიკა ძირიტადად იმპორტზეა ორიენტირებული, მხოლოდ იმპორტიორები აშენდნენ. განა ვინ არ იცის, იმპორტიორები ვინ არიან, რომელი იმპორტის უკან, რომელი დიდმოხელე დგას? ვის შემოაქვს ფქვილი, ხორბალი, ნავთობპროდუქტები, შაქარი, ქათმის ბარკლები და ქათმის ხორცი, ვინ აშენებს, ვისია ფინანსური პირამიდები სამშენებლო ინდუსტრიაში, გადაზიდვის ბიზნესი ვისია, ვინ და როგორ ყიდის ტყეებს, მიწებს, წიაღისეულს, ვინ და როგორ არის შეკრული ეგრეთწოდებულ ინვესტორებთან, როგორ ხდება, როცა მსოფლიოში იაფდება ნავთობპროდუქტები, წამლები და ჩვენში მაღალი კარტელური ფასებია, რითაც ჩვენი უღარიბესი მოსახლეობის, ანუ მთელი მოსახლეობის 70%-ს ბოლო ლარს და ბოლო თეთრს უღებენ ჯიბიდან ხელისუფლებასთან შეკრული ყაჩაღები, რომლებიც ბიზნესმენებად იწოდებიან. ახლა, რატომ არის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასები მობილური კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობაზე, რა ფარული ალიანსია "ჯეოსელსა" და "ბილაინს" შორის და რა ფარული გარიგება აქვთ მათ თავიანთ "კონკურენტთან", ხოლო ახლო წრსულში პოლიტიკურ "ვიზავისთან", შევარდნაძის სიძესთან გია ჯოხთაბერიძესთან, ეს კიდევ სხვა ოპერაა. ამის ფონზე კი ტარიფები, მობილურით სარგებლობაზე ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში. კიდევ რა გითხრათ, რომ დაგარწმუნოთ, რათა ჩვენი ბიზნესი კორუფციის ჭაობშია, ამ კორუფციით საზრდოობს ხელისუფლება, ხელისუფლება ზოგადად და პერსონები კონკრეტულად.
"ცეცხლოვანი ჩიტი" ანუ Fire bird, BNY (Nominees) და "საქართველოს ბანკის" უცნაური პერფორმანსი
- მაინც მგონია, რომ ასეთი ტოტალური კორუფცია ბიზნესში არ არის. განსაკუთრებით ჯანსაღად გამოიყურებიან ჩვენი წამყვანი ბანკები. - კეთილი. სხვებთან ერთად მეც მახარებს და იმედიანად ვუყურებ ჩვენი საბანკო სექტორის წარმატებებს, ვფიქრობ, რომ ის მდგრადია, თუმცა საქმეში ჩახედულ რამდენიმე ექსპერტთან ერთად მეც ვფიქრობ, რომ ბანკების საიმედოობას დიდი გამოცდა ელის. თუ ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქცია არ შეასრულა, არ გაძლიერდა, როგორც ინსტიტუტი, ხიფათები სერიოზულია. თავიდან გიორგი ქადაგიძემ სწორი პოზიცია დაიჭირა როგორც კონცეპტუალურად, ისე პრაქტიკულად და არსებითად. მაგრამ დღეს იგი უკვე სტატისტის როლშია. მან ფაქტობრივად უარყო თავის პირველ ინტერვიუებში ჩამოყალიბებული მიდგომები. არადა, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ფინანსური კრიზისის დასაძლევად ბანკებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ და მათი როლი დღითიდღე იზრდება, ეს კი "ეკონომიკური თავისუფლების აქტთან" არანაირად არ მოდის შესაბამისობაში. ახლა ბანკებზე, ისინი არიან ფინანსური პირამიდების შემქმნელები სამშენებლო კომპანიებთან ერთად, ისინი გასცემდნენ "იაფ კრედიტს" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, როცა 2%-იან სახელმწიფოსგან მიღებულ რესურსს 12%-ად აძლევდნენ მეწარმეს, რითაც 600%-იან მოგებას იღებდნენ. ახლა სახაზინო ვალდებულებების თემა გაიხსენეთ. ნაცვლად იმისა, რომ მეწარმეებისთვის კრედიტები მიეცათ, სამომხმარებლო ბაზარი წაეხალისებინათ, ბანკებმა წაუგებელი თამაში ითამაშეს - სახაზინო ვალდებულებებში ჩადეს ფული. ეს კი ოფიციალური კორუფციული სქემაა, რომელზეც ხელს ითბობენ ბანკები, გამომდინარე აქედან, მათ უკან, ჩრდილში მდგომი სახელისუფლო კლანები. ბანკების მოგება, ხომ მათ ჯიბეებში ილექება. პირდაპირ ან ირიბად, მეუღლეებზე გადაფორმებული წილებით ან ცრუმაგიერი პირების მეშვეობით. ავიღოთ "საქართველოს ბანკი". ამ ბანკს იმიტომ ვიღებ მაგალითად, რომ ქვეყნის პირველი ბანკია. თავი დავანებოთ სამშენებლო კომპანიებთან მის ურთიერთობას, მოგებულ ტენდერებს, აქტივების გაზრდის (გაბერვის) გურგენიძისეულ პერიოდს. ამ ბანკის სახელს ექსპერტულ და ჟურნალისტურ წრეებში ბენდუქიძე - გურგენიძე -ნოღაიდელი - ნიკა გილაურის სახელებს უკავშირებდნენ. გურგენიძის გაპრემიერების შემდეგ ბანკის ირგვლივ, როგორც ამბობენ, ბალანსი დაირღვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ნოღაიდელი გაერიდა სიტუაციას, ხოლო გურგენიძეს რეალურ მეპატრონეთა ნაწილთან კონფლიქტი მოუვიდა, თუმცა ინარჩუნებს მნიშვნელოვან წილებს. საინტერესოა, ბანკის აქციონერთა შემადგენლობაც. 2005 წლიდან შეიცვალა ნორმატიული ბაზა, რომლის თანახმადაც კომერციული ბანკის აქციონერი ოფშორში დარეგისტრირებული ფირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამხდარიყო, თუ იგი ეროვნულ ბანკს წარუდგენდა სრულ ინფორმაციას კომპანიის დამფუძნებლების და მოწილეების შესახებ, აგრეთვე, მისცემდა ცენტრალურ ბანკს ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას. ასე იყო, სხვათაშორის სადაზღვევო კომპანიებშიც. დღეს კი რა ხდება? შპს-ებს და სხვა იურიდიული ფორმის ბიზნესსტრუქტურებს არ მოეთხოვებათ ინფორმაციის გაცემა დამფუძნებლებისა და მოწილეების შესახებ. ეს ინფორმაცია იცის, მხოლოდ საგადასახადო სამსახურმა და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს სასამართლომ. ამავე დროს, მათ ეკრძალებათ ამ ინფორმაციის გაცემა. შედეგად ჩვენ უკვე არ ვიცით და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონისგან განსხვავებით, ვერც ვერანირად გავიგებთ, ვინ არიან, ვთქვათ, "საქართველოს ბანკის" აქციონერები. ჩვენ არაფერს გვეუბნება მათი აბრევიატურა: BNY (Nominees) Limitid, არც მისი უცხოური შრიფტით შესრულებული მინაწერი, სპეციფიკური და ამავე დროს ბუნდოვანი შინაარსით, არც სხვა აქციონერების სახელები: ფონდი Fire bird Avrora; ფონდი Fire bird republics; East Capital Financial Institusions; Bryum Limited. საერთოდ, სახელწოდებაში "Fire bird"-ის შემცველ ფირმებს ლადო გურგენიძის სახელთან აკავშირებენ, ისე როგორც "გალთ ენდ თაგართს", "გალთ ენდ თაგართს სექიურითის", "გალთ ენდ თაგართს რეალ ისთეითს". ამ უკანასკნელთ სახელი აინ რენდის ანუ ალისა როზენბაუმის პერსონაჟების, ნეოლიბერალიზმის ადეპტების პატივსაცემად დაარქვა ლადო გურგენიძემ, რომელიც თავად აინ რენდის შეხედულებების თავგამოდებული მიმდევარია. იცით, ალაბთ, რომ სულ ახლახანს "საქართველოს ბანკმა" "გალთ ენდ თაგართს", სავარაუდოა, ახალი კონიუნქტურიდან გამომდინარე, სახელი შეუცვალა და BG company დაარქვა. უფრო საინტერესოა "საქართველოს ბანკის" 79,51%-ის მფობელის BNY (Nominees) Limitid-ის ვინაობა. რახან ამ სახელწოდებაში ფიგურირებს "The Bank of New York"-ი თითქოს ამან ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას. მაგრამ, ნურას უკაცრავად! BNY (Nominees) Limitid-ი ბანკის აქციებს ფლობს დეპოზიტარული ხელშეკრულების პროგრამის ფარგლებში, თანახმად The Bank of New York-თან გაფორმებული დეპოზიტის ხელშეკრულებისა. ასე რომ, "საქართველოს ბანკს" The Bank of New York-თან ნუ დააკავშირებთ. BNY (Nominees) Limitid-ის შესახებ ინტერნეტში შეიძლება ბევრი საინტერესო ფაქტის მიგნება. კომპანია სერიოზული რუსული კაპიტალით ფუნქციონირებს, იგი "ევრაზ ჰოლდინგშიცაა" წარმოდგენილი და რუსეთში კოლის ნახევარკუნძულზე მოქმედი ბრილიანტის მომპოვებელი "ევერფორ დაიმონდსის" ერთ-ერთი მთავარი მეპატრონეცაა. მაგრამ მოდით "რუსული კვალის" ძებნას თავი დავანებოთ და გავეცნოთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ცხადყოფს, თუ რას ნიშნავს BNY (Nominees) Limitid-ში ცნება - Nominees მნიშვნელობა. აი რას ამბობს ფინანსური ანალიტიკოსი ანდრეი სოტნიკი (www.izbrannoe.ru) ამის თაობაზე: "ტერმინი Nominees ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ფირმის არა რეალურ (ბენეფიციარ) მფლობელებთან, არამედ ნომინალურ (პირობით) წარმომადგენლებთან, რომელთა რეალური რეპუტაციაც ჩვენთვის უცნობია". აი ასე. ახლა ეძებეთ ქარი მინდორში. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ "საქართველოს ბანკის" რეალური მფლობელების და ამ ბიზნესით, საბანკო ბიზნესს ვგულისხმობ, დაკავებულთა ვინაობას. ისე როგორც უმრავლეს სხვა ბანკში. გარდა "ვითიბი ბანკ ჯორჯიისა", რომელიც რუსულ სახელმწიფო კაპიტალს, და რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში. ჩვენ ვერასდროს დავაკმაყოფილებთ ქართული საზოგადოების ინტერესს, იცოდეს, არიან თუ არა ერთი და იგივე პირები „საქართველოს ბანკისა“ და „სახალხო ბანკის“ მფლობელები, არიან ტუ არა ამ ბანკების მეპატრონეები ჩვენი ხელისუფლების ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები, არიან თუ არა მეპატრონეთა შორის რუსი ოლიგარქები და ჩაიგდო თუ არა რუსულმა კაპიტალმა საქართველოს კიდევ ერთი სისტემაშემქმნელი ბანკი, მათ შჴრის, ერთი, ჯერ-ჯერობით ქვეყნის ლიდერი საბანკო სტრუქტურა. სქემები კი გრძელდება და ვითარდება. იგივე "საქართველოს ბანკი" და სხვა ბანკები მოხერხებულად ჩაერთნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების ახალ პროექტში - „ძველი თბილისი“. სახელმწიფო ფულს აძლევენ სამშენებლო კომპანიებს, მერე იყიდება ბინები "ძველ თბილისელებზე", სახელმწიფო ხდება მეწველი ძროხა შინაური ბანკებისა და სამშენებლო კომპანიებისათვის, მერე მერია ყიდის მიწას... "მუხა მომცემს რკოსა, რკოს მივუტან ღორსა, ღორი მომცემს ჯაგარსა, დავგრეხ თოკსა ბაწარსა, ჩავუგდებ, ამოვიყვან, ჩემს ძმობილ ჭიანჭველასა". და წავიდა... ესეც თქვენი "ეკონომიკური თავისუფლების ქარტია". ვიდრე ხელისუფლება, ჩვენთან ერთად, კორუფციის იმ ჭაობს არ ამოაშრობს, რომელშიც ღრმადაა ჩაფლული ჩვენი ბიზნესი, გინდა სინგაპურისკენ იარე და გინდა ესპანეთისკენ. რეალურად მაინც ნიგერიაში და რუანდაში მიხვალ, სადაც ახლახანს ბიზნესის გასაფართოებლად წავიდა ახალჩამოყალიბებული "ლიბერტის" წარმომადგენელი ლადო გურგენიძე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ "ლიბერტიში" დინუ პატრისიუს და ლადო გურგენიძის წილების ოდენობა უცნობია. ისე როგორც "სახალხო ბანკისთვის" გადახდილი რეალური თანხა. და ისისც, კიდევ ვინ დგას ამ პერსონების უკან. არ ვიცი, კიდევ უამრავი ბუნდოვანებისა და კორუფციული სქემის შესახებ შეიძლება საუბარი. აი სწორედ ასეთი საუბარი უნდა იყოს პასუხი პრეზიდენტის ინიციატივაზე "დიალოგი ხალხთან". - ბატონო ვაჟა, არაფერს ვიტყვი ობიექტურობის თაობაზე, თქვენ პირდაპირობით და ობიექტურობით გამოირჩევით, მაგრამ რამდენად ტაქტიანი იქნება საბანკო-საფინანსო და ეკონომიკური გაზეთისსთვის "საქართველოს ბანკის" ასეთი მხილება, გნებავთ, ბრჭყალებში, გნებავთ ბრჭყალების გარეშე? - დროული რემარკია. სხვათა შორის, ანალოგიურად ვისაუბრე „საქართველოს ბანკისა“ და სხვა ბიზნესსტრუქტურების შესახებ "ბ&ფ"-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში. მაშინ მოვიდა ჩემთან გაზეთის მთავარი რედაქტორი ზურა კუკულაძე და მითხრა, რომ ამ მონაკვეთს ვერ დაბეჭდავდა, რადგან "საქართველოს ბანკი" გაზეთს რეკლამას უკვეთავს. წარმოგიდგენიათ, ხალხო! დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ, თუ უზბეკეთში? რას გასწავლიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე? შემოქმედებითი პროცესი და კომერციული საქმიანობა თუ არ არის გამიჯნული, გაზეთი, გნებავთ ტელევიზია, ტელეკომპანია, ღრმადაა ჩაფლული კორუფციაში. რეკლამის მომპოვებელს და ჟურნალისტს შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს. საქართველოში კი რა ვითარებაა? - ჟურნალ-გაზეთები და ტელეკომპანიები, განსაკუთრებით მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედია საშუალებები იმათ შესახებ კრიტიკულს არაფერს წერენ, ვინც მათ რეკლამას უკვეთავს. ესეც კორუფციის ერთ-ერთი რელიეფური და მკაფიო ფორმაა. ამიტომაა გაყიდული ჩვენი მედიის ნაწილი და ამიტომაცაა კორუფციის ჭაობში მათთვის რეკლამის მიმცემი და მათი მომსყიდველი ბიზნესსტრუქტურები კორუმპირებული და ამდენად, ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის მესაფლავე. უკვე მრავალი წელია ქართული კომპანიები რეკლამით ყიდულობენ მედიას და ეს, რა თქმა უნდა, კორუფციულია. ისე როგორც კორუფციულია, როცა ქართული და საქართველოში მომუშავე უცხოური კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებს. თუ ზურა ისევ არ დაბეჭდავს ჩემს ამ მოსაზრებებს "საქართველოს ბანკთან" დაკავშირებით, ის კორუფციული სისტემის მონაწილე გახდება. ხოლო თუ "საქართველოს ბანკი" გაებუტება გაზეთს, ჯერ ერთი, თავად აღმოჩნდება არასახარბიელო მდგომარეობაში, ხოლო, მეორეს მხრივ, რეკლამის დაკვეთის პროცესისადმი თავის კორუფციულ მიდგომას დაადასტურებს.
ევროპაზე არც იოცნებოთ
- და მაინც, ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, მოდელად კი თითქოს სინგაპურსა და ჰონგ-კონგს ვიღებთ. ეს ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს მთავარ მიზანთან? - ჩვენი პრეზიდენტი გვაძლევს გულახდილი და გულწრფელი საუბრის მაგალითს. თუ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყანას მივეხმაროთ, ასევე გულახდილობით უნდა ვუპასუხოთ. სასურველია, თუ ამას კომპეტენტურობაც დაემატება. თავი დაანებეთ ევროპაზე ოცნებას. "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" გვაშორებს ევროპას, სამხრეთ კორეას, იტალიას, ესპანეთს, ჰოლანდიას და გვაახოლებს ეგვიპტეს, სირიას, უკეთეს შემთხვევაში ინდოეთსა და სინგაპურს. ჩახედეთ რეიტინგს რომელიც გაერომ მოამზადა და 182 ქვეყანა შეაფასა 3 ძირითადი კრიტერიუმით: სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველზე; განათლების ხელმისაწვდომობა და ცხოვრების დონე. 2009 წლის რეიტინგში პირველ ადგილზეა ნორვეგია. საქართველო კი იკავებს 89-ე ადგილს. მას უსწრებს: აზერბაიჯანი (86-ე), უკრაინა (85-ე), სომხეთი (84-ე), რუსეთი (82-ე), ბელორუსი (68-ე), ყაზახეთი (71-ე) და ასე შემდეგ. ჩვენ ვჯობივართ ნიგერიას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ავღანეთს, სიერა-ლეონეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (სადაც ადრე ხელმწიფებდა კაციჭამია ბოკასა) და მალის. ასეთი მონაცემებით ევროპაში მიგვიღებენ? ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესთან საქართველოს დასაახლოებლად შემოგვთავაზა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და დაგვიყენა 4 მთავარი ამოცანა. ეს ეკონომიკასთან მიმართებაში, თორემ დემოკრატიის კუთხით სხვა დიდი პრეტენზიები არსებობს. აი ეს ოთხი მოთხოვნაც: - ანტიმონოპოლიური და ანტიტრასტული რეგულირების მოწესრიგება (კანონმდებლობა და რეალობა); - სურსათის უვნებლობა; - სტატისტიკის რეფორმა; - შრომის კოდექსის მოწესრიგება. არცერთი ამ პირობათაგან შესრულებული არ არის და ვიდრე კახა ბენდუქიძე იქნება საქართევლოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი, ვიდრე კახა ბენდუქიძე დაწერს "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" და შემდეგ ერთადერთი მოიწონებს მას სახელმწიფო ტელევიზიების ეთერით, არცერთი ეს პუნქტი არ შესრულდება და ჩვენ სულ უფრო დავშორდებით ევროპას. რამდენად შედგება საქართველო, როგორც სინგაპური და ჰონგ-კონგი, მომავალი აჩვენებს. ფაქტია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ქვეყნის სინგაპურიზაციის და ჰონგ-კონგიზაციის პერსპექტივა არ ხიბლავს. - და მაინც, თქვენ მხარს უჭერთ თუ არა "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" მიღებას? - მხარს ვუჭერ, ოღონდ საფუძვლიანი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის შემდეგ. იქ ბევრი მისაღები აზრი და თეზაა. თუმცა კვლავ ვიმეორებ: კორუმპირებული ბიზნესის ეპოქა უნდა დამთავრდეს, კლანური ბიზნესი თავისუფალი კონკურენციით შეიცვალოს, ბიზნესმენებმა უნდა დატოვონ პოლიტიკა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ისე პარლამენტი, უნდა გათავისუფლდეს მედია და ამის შემდეგ გნებავთ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" მივიღოთ და გნებავთ, Magna Kharta Libertatis-ს დავუჭიროთ მხარი.
გმადლობთ ესაუბრა მერაბ იჩქიტიძე
|