ნანახია: 965
World Vision – ისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკ) თანამშრომლობის შედეგად, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, შიდა ქართლში კომფაქტურად ჩასახლებულ 9 სოფელში, სოციალურ-კომუნალური ცენტრები აშენდა. პროექტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის, World Vision -ისა და გლუკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცენტრების მშენებლობა, დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობის მიზნით, შიდა ქართლის გამგეობის თხოვნით დაიწყო. “აღნიშნული ცენტრები ხელს შეუწყობს თემის ერთიანობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დევნილი მოსახლეობა, თავს დატეხილი უბედურების შემდეგ, ხელმეორედ იწყებს ცხოვრებას, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. World Vision -ი იმედოვნებს, რომ შევძლებთ მოსახლეობას ეს პროცესი შევუმსუბუქოთ და იგი უფრო ეფექტური და კომფორტული გავხადოთ”, - აღნიშნა ვანო გრიგოლაშვილმა, World Vision საქართველოს “ჰუმანიტარული დახმარება საგანგებო სიტუაციებში და შემოსავლების ზრდის” პროგრამის დირექტორმა. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის, შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა, მარინ კაიდომჩაიმ, სოციალური ცენტრების აშენება-დაფინანსებისთვის, აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ინტაგრაციის ეს მცდელობა ხელს არ შეუშლის დევნილების უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში”. შიდა ქართლის სოციალურ-კომუნალური ცენტრების პროექტი, მიზნად ისახავს ახალ დასახლებებსა და სოფლებში, დამოუკიდებლად მოქმედი ცენტრების შექმნას, რათა სხვადასვა სახის მომსახურების დანერგვის გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ამასთან, ცენტრის საქმიანობა კომპიუტერთან მუშაობის სწავლებას, ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული აქტივობების ინიცირებას, ბავშვთა და მოზრდილთათთვის განკუთვნილ სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებების შეთავასზებას გულისხმობს. ცენტრების საშუალებით, დაინერგება სათემო სტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს თემს საკუთარ პრობლემებთან გამკლავება თავადვე შეძლოს. აღნიშნული ცენტრები, გადაიქცევა მრავალი დანიშნულების მქონე ობიექტად, სადაც თემისა და ასევე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დასახლების მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართონ. აღნიშნული პროექტი, World Vision -ის, აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელებულ საქმიანობათა გაგრძელებაა. World Vision -ი ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მზრუნველობის ქვეშ არის 290 000 იძულებით გადაადგილებული, 1 000 ჩეჩენი ლტოლვილი და 1 500 მოქალაქეობის არ მქონე პირი. ჩვენი პროექტების მიზანია მათი უფლებების დაცვა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
|