ნანახია: 726
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და ნავთობის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციას (“ნია”) შორის დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველოს საგზაო მაგისტრალებზე მდებარე ავტოგასამართ სადგურებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანიტარული კვანძები მოეწყობა. მემორანდუმს, რომლის მიზანიც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა პეტრე კანკავამ და ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კოტრიკაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, ასოციაცია “ნია” მისი წევრი კომპანიების (“ვისოლი”, “ლუკოილი”, "ეკოჯორჯია”, “რომპეტროლი”, “სოკარი”) მეშვეობით უზრუნველყოფს 14 სანიტარული კვანძის მოწყობას საქართველოს რეგიონებში მდებარე ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე, კერძოდ: ავტომაგისტრალის სიღნაღის, გურჯაანი-თელავის, რუსთავი-ბოლნისის, ბოლნისი-დმანისის, კასპი-გორის, ქარელი-ხაშურის, ხაშური-ბორჯომის, ბორჯომი-ახალციხის, ზესტაფონი-ქუთაისის, ტყიბული-ამბროლაურის, ზუგდიდი-წალენჯიხის, სენაკი-ფოთის, ლანჩხუთი-ურეკის და ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთებზე. სანიტარული კვანძების მოწყობა 2010 წლის 20 აპრილამდე დასრულდება, პროექტის დაფინანსებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს ნავთობის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია. დეპარტამენტსა და ასოციაციას შორის უკვე შეთანხმებული და შემუშავებულია ავტოგასამართი სადგურების სანიტარული კვანძებით უზრუნველყოფის შესაბამისი სტანდარტები.
|