ნანახია: 962
საქართველოს შესაძლოა GSP+ შეუჩერონ. ამის შესახებ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) კონფედერალურმა მდივანმა, იოზეფ ნიემეცმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობაზე განაცხადა. "პრეფერენციების ეს სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაზე, შრომის კოდექსი კი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ამ უფლებებს არღვევს," - განაცხადა ბ-ნ ნიემეცმა. ანალოგიური პრობლემების გამო, ევროკავშირმა GPS+ ბელორუსს უკვე შეუჩერა. ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შენიშვნები საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, მოკლედ, შემდეგია: საქართველოს შრომის კოდექსი არ შეესაბამება "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" სტანდარტებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ "ევროპის სოციალური ქარტიის" სტანდარტებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა, სამსახურიდან დათხოვნა, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება და სხვა. შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივა საქართველოს პროფკავშირებმა საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით ნიკა გილაურს შემდეგ კი ვიცე-სპიკერ მაჭავარიანს შეხვდა. ბ-ნ ირაკლის ინფორმაციით, ისინი თანახმა არიან, რომ ოქტომბერში განიხილონ და შრომის კოდექსში ეს ცვლილებები შევიდეს. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროფკავშირებმა ამ ინიციატივით მთავრობას მიმართა. "მიზეზი იმისა, რომ რეაგირება აქამდე არ მოჰყოლია, არის შედეგი იმისა, რომ სახელისუფლო გუნდში დაპირისპირებაა. ნაწილი აცნობიერებს, თუ რას გამოიწვევს და რა პრობლემებს შემქმნის არსებული შრომის კოდექსი და ცვლილებების შეტანას მხარს უჭერს, მეორე ნაწილი კი ე.წ. "ეკონომიკის მამები" თავის აზრზე რჩებიან და ამას სოციალიზმში დაბრუნებად აღიქვავენ. ისინი თვლიან, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, სოციალური დიალოგის განვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვას, ზედმეტად მიიჩნევენ," - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. ევროკავშირმა GSP+ საქართველოს 2005 წლის 1 იანვრიდან მიანიჭა. GSP+ 7200 დასახელების პროდუქტის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაუბეგრავად გატანას ითვალისწინებს. ექსპერტები თვლიან, რომ GSP+ გაუქმება ძალიან ცუდი ფაქტია და რომ არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დამძიმება არ სჭირდება. "საქართველოში შრომის კოდექსი რომ არანაირ ფარგლებში არ ჯდება, ეს ცხადია. ეს გაკეთდა თითქოს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, თუმცა ის ლიბერალური ეკონომიკის მოთხოვნებს სულაც არ შეესაბამება, რადგან ლიბერალური ეკონომიკა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და უუფლებობას არ ნიშნავს. ეს კოდექსი საქართველოს მოქალაქეების სრულ უუფლებობაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ცუდია თუ საქართველოს GSP+ შეუჩერდება. მაგრამ არა მგონია ეს ასე ერთი ხელის მოსმით მოხდეს. ქვეყანას საექსპორტოდ და ევროკავშირთან სავაჭროდ ბევრი არაფერი გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისტემა უნდა გაღრმავდეს და არა გაუქმდეს. ქვეყანა ამითი არ დაიქცევა, მაგრამ თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია," - მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. ირმა ზარნაძე
|