ნანახია: 1526
პარკირების ყბადაღებული თემა ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური გახდა. მიზეზი კი ისაა, რომ თბილისის მერიამ პარკირების საფასურის გადახდის ახალი მეთოდი შემოიღო - 25 ლარიანი საშვი, რომელიც ძალაში ერთი წლის მანძილზე იქნება. გადახდის ასეთი მეთოდით მძღოლები 1 ოქტომბრიდან ისარგებლებენ. 1 ოქტომბრიდანვე გაუქმდება კომპანია "სითი-პარკის" მიერ შემოღებული პარკირების საფასურის გადახდის სამი ალტერნატიული მეთოდი: მობილური ბარათების საშუალებით, გადასაფხეკი ბარათებით და პარკომეტრებით. კომპანია "სითი-პარკში" განმარტავდნენ, რომ ახალი წესების შემოღების მთავარი მიზანი, თბილისის ქუჩების მანქანებისა და საცობებისგან განტვირთვა და მძღოლებისთვის მოძრაობის გამარტივება იყო. თბილისის მოსახლეობა კი პარკირების ახალ სისტემას უარყოფითად შეხვდა, რადგან მათი აზრით, სისტემა დასახვეწი და მოსაწესრიგებელი, ტარიფები კი მეტისმეტად მაღალი იყო. ამავე დროს მოსახლეობის აზრით, მეთოდები, რომლითაც "სითი-პარკი" მათ საფასურის გადახდას სთავაზობდა, მოუხერხებელი იყო. მათ ასევე იმ ჯარიმების მასშტაბურობაც აღშფოთებდათ, რომლის გადახდაც აკრძალულ ადგილას მანქანის გაჩერებისთვის მოუწევდათ. პროტესტის მიუხედავად ახალი წესები ძალაში მაინც შევიდა და მან სულ რაღაც რამდენიმე კვირას გასტანა. თბილისის მერია მივიდა ამ დასკვნამდე, რომ მოსახლეობის პროტესტი არცთუ უსაფუძვლო იყო და 1 ოქტომბრიდან პარკირების საფასურის გადახდას არა კომპანია "სითი-პარკი", არამედ თბილისის მერია გააკონტროლებს. მიზეზად მერიაში "სითი-პარკის" მიერ შემოღებული გადახდის მეთოდების მოუქნელობას ასახელებენ: "მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ასეთი სისტემა უამრავ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს, საქართველოში ის მოუხერხებელი და ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ეს სისტემა. ახლა უკვე მძღოლი იყიდის 25 ლარიან ბარათს, რომელსაც დაამაგრებს მანქანის საქარე მინაზე და მთელი წლის მანძილზე შეძლებს მანქანის გაჩერებას მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც არის პარკირების ნიშანი. ჯარიმები ძალაში რჩება - მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანქანას გააჩერებს იქ, სადაც არის ნიშანი - დგომა აკრძალულია. იქნება ასევე 1 კვირიანი და 1 თვიანი საშვებიც, რომელიც შესაბამისად უფრო იაფი ეღირება. ამ ყველაფერზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში",-აცხადებს თბილისი მერიის პრესსამსახურის უფროსი თამუნა დვალი. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად იქნება შესაძლებელი ბარათების შეძენა. როგორც ქალბატონმა თამუნამ განაცხადა, დეტალებს კომისია ამუშავებს და რამდენიმე დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება. ასე რომ, 1 ოქტომბრიდან "სითი-პარკის" ფუნქცია მხოლოდ აკრძალულ ადგილას გაჩერებული მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა იქნება.
თაკო მათეშვილი
|