ნანახია: 1764
პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და 8 ივლისს, 30-პუნქტიანი შესწორების გარშემო მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდნენ. პროფესიული კავშირების თავმჯდომარე კოდექსში შესატანი ცვლილებების პერსპექტივით კმაყოფილია და თვლის, რომ ამით ბოლო მოეღება დასაქმებულთა დისკრიმინაციას. მაგალითად, თუ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული, ცვლილებების თანახმად, მას მიზეზის ახსნა აუცილებლად მოუწევს. "დამსაქმებელმა შესაბამისი დოკუმენტი უნდა გააფორმოს და მიუთითოს, რატომ ათავისუფლებს თანამშრომელს. თუ საქმე სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, დამსაქმებელმა გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს. უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელმა, დასაქმებულის ხელფასის ასმაგი ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს", _ აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი. ამ ჭრილში განხილული ცვლილებები ასევე გულისხმობს ასოციაციის თავისუფლებას და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობას. მკაცრად განისაზღვრება სამუშაო საათები და კვირაში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 41 იქნება, ხოლო ყოველი დამატებითი საათის შემთხვევაში, დასაქმებული დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, პროფკავშირების წარმომადგენლები არ საუბრობენ იმ ცვლილებებზე, რომელიც ქალის დეკრეტულ შვებულებაში გასვლას შეეხება. თუმცა, ისინი ამ საკითხსაც ოპტიმიზმით უყურებენ და აცხადებენ, რომ ამიერიდან შვილის გაჩენა საქართველოში "დანაშაულად აღარ ჩაითვლება". ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილება, პროფკავშირების მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტშიც არის ასახული. როგორც ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, წინააღმდეგობები ძირითადად იმასთან დაკავშირებით, არის რომ პროფკავშირები ითხოვს, კოდექსში გათვალისწინებული იქნას დასაქმებულთა დისკრიმინაციულად გათავისუფლების ფაქტორი, ანუ თუკი სასამართლო დაადასტურებს დასაქმებულის უსამართლოდ გათავისუფლებას სამსახურიდან, მაშინ დამსაქმებელს დაევალოს დასაქმებულის ხელფასის ასმაგი ოდენობის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. პროფკავშირების ინიციატივას ყველა დადებითად როდი აფასებს, მას "დამსაქმებელთა ასოციაცია" კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ მსგავსი ჯარიმების დაწესება შრომის ბაზარზე მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობას გამოიწვევს. "თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ დამსაქმებელმა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა, ორგანიზაციას ამ ადამიანისთვის გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის შრომით ანაზღაურებას დააკისრებს. ასე ხდება დღესაც და არ მესმის, რა საჭიროა ამის შეცვლა", _ განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ. ექსპერტთა შეფასებით კი დასაქმებული, რომლის უფლებებიც სათანადოდ არის დაცული, უფრო მონდომებით ასრულებს თავის სამუშაოს და შედეგად იზრდება შექმნილი პროდუქციისა თუ გაწეული მომსახურების ხარისხიც. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის განხილვისას დიდ ყურადღება ექცევა ამ საკითხს. სწორედ ამით ხსნის ხელისუფლების დაინტერესებას შრომის კოდექსით ექსპერტი დავით ნარმანია. იგი აღნიშნავს, "ქვეყნის ხელისუფლებისადმი ევროკავშირის მოთხოვნა წარმოადგენდა იმას, რომ მომხდარიყო შრომის კოდექსის დახვეწა. ეს გულისხმობდა დაქირავებული პირების უფლებების დაცვას. საქართველომ ეს ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო".
თეონა ჭიტაძე
|