ნანახია: 742
გუშინ პოპულარულმა მომღერალმა ქეთი მელუამ დედაქალაქელებს უმღერა, თემაზე, - "მე მჯერა სიყვარულის". ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დღეს ბათუმელებისთვის უფასოდ იმღერებს. ორივე კონცერტი "ისტერნ პრომოუშენის" ორგანიზებით ტარდება. გუშინ გამართული კონცერტი საქველმოქმედო შინაარსის იყო და ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტების სერიის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ. ქეთი მელუას ქველმოქმედება დღეს ბათუმში გაგრძელდება, სადაც ბათუმელები და იქ ჩასული დამსვენებლები უფასოდ მიიღებენ მელუას მუსიკით დატკბობის შესაძლებლობას. "ისტერნ პრომოუშენის" საჩუქარი ამით არ დამთავრებულა, ეს კომპანია მიმდინარე ჯაზფესტივალის ორგანიზატორადაც გვევლინება. ხელოვნება, მუსიკა, პოპულარული ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, - ეს ძალიან კარგია, ხელისუფლება ხშირად იამაყებს ამით. თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქეთი მელუას კონცერტი უფასო არ არის და არც ჯაზფესტივალია "ისტერნ პრომოუშენის" საჩუქარი. ყველაფერ ამაში საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის. საქმე ისაა, რომ ამ ღონისძიებებს სახელმწიფო აფინანსებს. კონკრეტულად ქეთი მელუას ორი კონცერტი 450000 ლარი დაჯდა, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ისტერნ პრომოუშენის" ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დამატებით გადაირიცხა ჯაზფესტივალის ორგანიზებისთვის. ეს თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გადაირიცხა. კაშკაშა ვარსკვლავებისა და კონცერტების მოყვარულმა პრეზიდენტმა, დიდი ვაივაგლახით შესრულებული ბიუჯეტიდან კიდევ ერთი გასართობი ღონისძიების დაფინანსება ინება.
|