ნანახია: 823
სანდრო ეულის ქუჩაზე 26 მარტს, დილის 5 საათზე მომხდარმა ნგრევამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი2”-სთვის ნაჩუქარი შენობის ნაწილი ჩაიტანა. სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა _ ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი _ ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია ადგილზე დაიღუპნენ. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით (უსაფრთხოების წესების დარღვევა) აღიძრა. მომხდარით დაინტერესებულმა ქვეყნის მეთაურმა ნგრევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად შესაბამის სამსახურებს 10 დღიანი ვადა მისცა, დასკვნა კი მოცემული ვადის ნაცვლად, ორი თვის შემდეგ დაიდო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ,,რუსთავის 2”-ის კუთვნილ შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია სექტემბრიდან უნდა გადასულიყო, ტელეპროექტ ,,ვარსკვლავების აკადემიის” გადაღებები მიმდინარეობდა. ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იყო - პროექტის მონაწილეები და ჟურნალისტთაA ჯგუფი. ხუთსართულიანი შენობა 1970 წელსაა აგებული და ზონალური ინსტიტუტის მიერაა დაპროექტებული, ტელეკომპანიას კი იგი 2008 წლის 30 ივლისს გადაეცა. შენობის განახლების მიზნით, იქ შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც კომპანია ,,არტიქსი” ასრულებდა. თუ რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი და ვინ არის დამნაშავე, ამას ექსპერტიზა დაადგენს, არაოფიციალური ინფორმაციით კი სხვადასხვა მიზეზი სახელდება. ნგრევის შემდეგ შენობა მთლიანად დაანგრიეს და ამით ნივთმტკიცებებიც განადგურდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით დაღუპული ნიკა გელაშვილის მეუღლეს, თეა კახიანს გავესაუბრეთ:
,,ეს საქმე ისევ წინასწარ გამოძიებაშია. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს ,,არტიქსის” წარმომადგენელი, საქმეთამწარმოებელი დავით გვასალია და მეტი ჯერჯერობით, არაფერი ვიცით. დასკვნის წაკითხვის უფლება არ მომცეს, რამდენადაც ვიცი, იქ ლაპარაკია ზნიაპის შენობაზე, რომელიც სილიკატური აგურით იყო აშენებული და რომელიც დღეს უკვე სტანდარტებს აღარ შეესაბამება, ასევე ნახსენებია სამშენებლო ნორმების დარღვევა, ,,არტიქსის” პასუხიმგებლობის საკითხიც დგას, როგორც ამბობენ, ამ შენობის გვერდზე იყო სხვა შენობა, რომლის დანგრევამაც ხელი შეუწყო ამ ფაქტს. _ რას ასახელებენ უფრო კონკრეტულ მიზეზად, რის გამოც მოხდა შენობის დანგრევა? _ ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს ამ ფაქტის მიმართ. რომ არა ის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც პირველ-მეორე სართულზე მიმდინარეობდა, ეს ფაქტი არ მოხდებოდა. პროფესიონალის ხელში რომ ყოფილიყო ყველაფერი, უბედურება არ დატრიალდებოდა. ეს ,,არტიქსი” როგორც ჩანს, იმდენად არაკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, რომ ვერ არჩევენ მზიდ კედელს, კონსტრუქციულ ნახაზს, რომელიც საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან, მათი თქმით, კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ და არ ჭირდებოდათ. ქალაქის მერმაც პირველივე დღეს ეს განცხადება გააკეთა, რომ იქ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ტარდებოდა, რაც ასე არ არის. იქ კონსტრუქციული ცვლილებები იყო, მოშალეს ბოძები, დიფუზიური კედელი მოანგრიეს, სინკარი ჩამოწვა და დაინგრა. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ხელოვნური ჩარევის შედეგად დაინგრა ეს შენობა. _ რას გეუბნებიან ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელები? წესით ისინი დაზარალებულ პირად უნდა ითვლებოდნენ და დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მომხდარის ობიექტურად გამოძიებით. _ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განზრახ არ მომხდარა და შესაძლოა `რუსთავი 2~-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეხებოდა, რადგან მოგეხსენებათ, სექტემბერში თითონ გადადიოდნენ იქ. მანამდე რომ გაეძლო ამ შენობას, ალბათ, მერე უფრო მეტი ადამიანი დაზარალდებოდა და რამხელა უბედურება დატრიალდებოდა იმის გამო, რომ `რუსთავი 2~-მა ეს სამუშაოები დაუკვეთა არა ვინმე პროფესიონალს, არამედ თავიანთ შვილობილ კომპანიას, რომელიც არავინ იცის რა დონეზე და რა პროფესიონალიზმით აკეთებს საქმეს, საერთოდ როგორ აქვთ მათ ლიცენზია აღებული არ ვიცი. იმაზე ძალიან მწყდება გული, რომ ,,რუსთავი 2” საერთოდ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის მაყურებელს ამის შესახებ. ძალიან აინტერესებს საზოგადოებას ამ კომპანიის რაობა – რა ლიცენზიები, რა სამუშაოები აქვთ ჩატარებული. როგორც ვიცით, სულ სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებენ, რაც ააშკარავებს იმ ყველაფერს, რაც ამის უკან დგას, რომ ნაცნობობით, ნათესაობით და კლანური პრინციპებით ხდება ყველაფერი, აქ მთავრობის ბიზნეს-ინტერესები დევს. იმდენი ცუდი და უკანონო რამეა დამალული ამ ფაქტის უკან, რომ არავის სჭირდება ზედმეტი ლაპარაკი, ყურადღების გამახვილება და ,,რუსთავი 2” ამიტომ ცდილობს, რომ რაც შეიძლება უხმაუროდ ჩაატაროს ეს პროცესი. ჩვენ აქცია ჩავატარეთ ,,რუსთავი 2”-ის წინ და მოვითხოვეთ, რომ საჯაროდ გაეცათ პასუხი, - არის თუ არა ეს ტელეკომპანია დაზარალებული პირი ამ შემთხვევაში. წესით დაზარალებულია და დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რომ სამშენებლო კომპანიის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს სრულად და ეს ,,პრარაბის” დონეზე არ იყოს. ელემენტარულად ლოგიკას რომ მივყვეთ, მათ რომ პროექტი ჰქონოდათ, რომლის მიხედვითაც ჩაატარებდნენ სამუშაოებს, დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. ყველაზე დაბალი დონის ინჟინერიც კი იმ გამოთვლებს გააკეთებდა, თუ რა დატვირთვას გაუძლებდა ესა თუ ის ბოძი თუ კედელი. ისინი კი ცარცით უხაზავდნენ მუშებს, თუ რა უნდა მოენგრიათ. მიადგნენ და ერთი ხელის მოსმით გააკეთეს ყველაფერი ყოველგვარი გათვლების გარეშე. მათთვის ყველაფერი დასაშვებია და ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. ძალიან გაუმართლა ,,რუსთავი 2”-ს, რომ ეს უბედურება მხოლოდ ორ ადამიანს და ორ ოჯახს შეეხო. _ ვინ იძიებს ამ საქმეს? _ ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილება იძიებს, გამომძიებელი ნათია დოლენჯაშვილი. ვეჭვობ, რომ ეს ქალბატონი, გამომძიებელი კი არა, უბრალოდ კურიერია პროკურატურასა და სასამართლოს შორის, ეს როლი აქვს მას, მეტი არაფერი. მე არ ვარ პროფესიით იურისტი, მაგრამ ეს გამომძიებელი ისეთ რამეებს მეუბნება, რომ უბრალოდ გაოცებული ვარ. როდესაც ვკითხე მას, კონსტრუქციული ნახაზი ჰქონდათ თუ არა, მიპასუხა, _ გვასალიამ მითხრაო, რომ კონსტრუქციული ნახაზი საჭირო არ იყოო. ანუ ის თვითონ კი არ იძიებს რა და როგორ იყო საჭირო, იმაზე დაყრდნობით მოქმედებს, რაც დაკავებულმა უთხრა. ეს უბრალოდ სასაცილოა. გვასალიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და ამ პერიოდში უნდა მოხდეს სასამართლო პროცესი. ჯერ არაფერი ვიცით. დაზარალებულის უფლებები იმდენადაა კანონმდებლობით შეზღუდული, რომ ჩვენ საქმის მასალები არ ვიცით, გამოძიება რაზე მუშაობს არ არის ხელმისაწვდომი. ვიდრე სასამართლოს არ გადაეცემა, წარმოდგენაც არ გვაქვს რაზე მუშაობენ და როგორ იძიებენ საქმეს. ჩვენი ადვოკატები გიორგი მშვენიერაძე და მერაბ ჩიქოვანი არიან, ახალგაზრდა ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ ისე, როგორც საჭიროა”.
თამთა დადეშელი
|