ნანახია: 625
სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სამმა ბანკმა - "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ", "ბაზისბანკმა" და "სახალხო ბანკმა" შემოიტანა. საკონკურსო კომისია დალუქულ განაცხადებს 19 ივნისს გახსნის, რის შედეგადაც გაირკვევა, აკმაყოფილებენ, თუ არა ბანკები კონკურსში მონაწილეობისათვის განსაზღვრულ პირობებს. "იაფი კრედიტის" პროგრამის პირობების მიხედვით, ერთ მეწარმე-სუბიექტზე გასაცემი კრედიტის ოდენობა უნდა აღემატებოდეს 20 ათას ლარს; კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური პერიოდი 7 წლით, ხოლო საშეღავათო პერიოდი 2 წლამდე განისაზღვრა. კრედიტით სარგებლობის წლიური განაკვეთი პარტნიორი კომერციული ბანკისათვის 2 პროცენტით, ხოლო მეწარმე სუბიექტისათვის 12 პროცენტამდე განისაზღვრა. ბენეფიციარებს მოეთხოვებათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე, სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. პროგრამის ფარგლებში კრედიტები გაიცემა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის. სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში 2008 წელს სულ დაფინანსდა 117 პროექტი, მათ შორის - 62 საწარმო. პროექტების საერთო ღირებულებამ 62,4 მილიონი ლარი შეადგინა. კრედიტები გაიცა საქართველოს ყველა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 32 000 ადამიანს აღემატება.
|