ნანახია: 1241
2009 წლის ივნისიდან, „მშვიდობის კორპუსმა“ („Peace Corps“) საქართველოში მუშაობა ახალი ჯგუფის ჩამოსვლით განაახლა. საქართველოს „მშვიდობის კორპუსის“ 30 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. ჯგუფში 20 _ ინგლისური ენის მასწავლებელი და 10 _ ბიზნეს მრჩეველია, რომლებიც, საქართველოში, კახეთსა და ქვემო ქართლში, ორი წლის განმავლობაში, საჯარო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიან, არასამთავრობო-ბიზნეს ორგანიზაციებში იმუშავებენ და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. აღნიშნული, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების რიგით მე-9 ჯგუფია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. აშშ-ს „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს და მას შემდეგ, ქვეყანაში, დაახლოებით 255-მა მოხალისემ იმსახურა, თუმცა კორპუსმა საქართველოში მუშაობა 2008 წლის აგვისტოში შეაჩერა და მას შემდეგ, პირველი ჯგუფი ახლა, 2009 წლის ივნისში ჩამოვიდა. „მშვიდობის კორპუსი“ აშშ-ს არაპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კორპუსის მოხალისეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები მუშაობენ _ განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, მცირე ბიზნესის განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში შემდეგ პროექტებს ახორციელებს: საშუალო განათლების ინგლისური ენის სწავლება; ბიზნესისა და სოციალური განვითარება და სხვა.
|